"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს

AutoSharing Option
"ალფა რომეოს" პილოტმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ 2021 წლის სეზონი მისთვის "ფორმულა 1-ში" ბოლო იქნება.

როგორც აქამდე ვიცოდით, "ალფა რომეოში" კიმის თანამემამულე ვალტერი ბოტასი შეცვლის.

რაიკონენი "ფორმულა 1-ის" ჩემპიონი 2007 წელს გახდა. ამ ეტაპისთვის, მის ანგარიშზე 21 მოგებული რბოლაა, 18 პოლ-პოზიცია და 103 პოდიუმი. აღსანიშნავია, რომ კიმი "ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონია - 2007 წლის შემდეგ "ფორმულა 1-ს" მხოლოდ "მერსედესისა" და "რენოს" პილოტები იგებენ.

"აი, დასასრულიც. ეს "ფორმულა 1-ში" ჩემი ბოლო სეზონი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ზამთრის პაუზის შემდეგ მივიღე. ადვილი არ
ყოფილა, თუმცა ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სეზონის ბოლოს რაღაც ახალი უნდა ვცადო.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ისევ მიმდინარეობს, მინდოდა მადლობა ოჯახისთვის, სარბოლო გუნდებისა და იმ ადამიანებისთვის გადამეხადა, რომლებმაც ჩემს კარიერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. განსაკუთრებით, ეს გულშემატკივრებს ეხება, რომლებიც სულ გვერდში მედგნენ.

დიახ, ჩემთვის "ფორმულა 1" სრულდება და ვთვლი, რომ ცხოვრებაში გაცილებით უფრო საინტერესო რამეებიც არის, რომელთა ცდის სურვილიც მაქვს. ასე რომ, ჯერ კიდევ შევხვდებით. სიყვარულით, თქვენი კიმი." - დაწერა რაიკონენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

41 წლის კიმი რაიკონენი ფინელებს შორის მსოფლიოს მესამე ჩემპიონია. იქამდე "ფორმულა 1-ის" გამარჯვებულები ამ ქვეყნიდან კეკე როსბერგი და მიკა ჰაკინენი გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული