ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე

AutoSharing Option
ისტორია დაწერილია! - ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის ტიტული მოიგო.

ბოლოს მსგავს წარმატებას 1974 წელს სახელოვანმა ალექსანდრე მეტრეველმა მიაღწია.

ნიკოლოზმა ასევე ქართველ ჩოგბურთელებში რეკორდული სარეიტინგო მაჩვენებელი დააფიქსირა.

ის დღეიდან პლანეტის 35-ე ჩოგანია, აქამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ეკუთვნოდა, რომელიც 42-ე პოზიციას იკავებდა. ბასილაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში არის პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა და 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო.

ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც კეთილ ფილმებში სრულდება. არადა, სრულიად საპირისპიროდ დაიწყო.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან
დაიწყო და კვალიფიკაციის მატჩში ავსტრიელ იურგენ მელცერთან 3:5 მარცხდებოდა.

ნიკოლოზმა ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, შემდეგ კი რაც მოხდა, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

აქამდე ქართველ ჩოგბურთელს ორი ATP ტურნირის ფინალი ჰქონდა ნათამაშები და ორივე 250-ქულიანი კატეგორიის.

ორი წლის წინ ის კიცბიუელში პაოლო ლორენცისთან დამარცხდა, მემფისში კი მასზე უკეთესი ამერიკელი რაიან ჰარისონი აღმოჩნდა.

ბასილაშვილის არსენალში ყოველთვის იგრძნობოდა მაღალი დონე, თუმცა თითქოს მას ის ხასიათი აკლდა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში განსაკუთრებულად საჭიროა.

თამაშის დროს ის ხშირად ნერვიულობდა და რამდენიმე წაგებული გეიმის შემდეგ კონცენტრაციას სრულიად კარგავდა.

ჰამბურგის ტურნირზე კი განსხვავებული ნიკა ვიხილეთ. ის ნებისმიერ ბურთზე ბოლომდე მიდიოდა, აბრუნებდა ყველაფერს და მეტოქეს პრობლემას უქმნიდა.

ნიკოლოზმა 1/2-ფინალსა და ფინალშიც ძალიან მნიშვნელოვან და ხშირად გამართლებულ ტაქტიკას მიმართა. მან იცოდა, რომ ზედიზედ ორი სეტის მოგება ძალიან რთული იქნებოდა და მან ეს პარტია უბრალოდ გაატარა, რითაც მოწინააღმდეგეს კონცენტრაცია დააკარგვინა.

ჩოგბურთში ეს ნაცადი ხერხია. ხშირად უფრო სუსტი და გამოუცდელი მეტოქეები სეტს ატარებენ, რადგან იციან, რომ დიდი ალბათობით, ორ პარტიაში მატჩს ვერ დაამთავრებენ, მეტოქეს კი ძალებს და კონცენტრაციას დააკარგვინებენ.

ბასილაშვილმა თავად აღნიშნა, რომ გუნდის შეკრებას იწყებდა და მის გუნდში მართლაც ჩანდა ძველი და ახალი სახეები.

სეზონის დასაწყისში ის საქართველოს დევისის თასის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დავით კვერნაძესთან თანამშრომლობდა, თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა.

აშკარად ჩანს, რომ ნიკამ გვერდით შემოიკრიბა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგ რჩევებს აძლევენ და ფსიქოლოგიურადაც უფრო აძლიერებენ.

რა იქნება შემდეგ?! - ხშირად ყოფილა, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ჩოგბურთელი ტურნირის მოგების შემდეგ გახსნილა და ფსიქოლოგიური პრობლემაც ბოლომდე დაუძლევია. ასეთები ბევრია და თუნდაც დავიდ გოფინისა და დავიდ ფერერის მაგალითები რად ღირს, რომლებიც სახელოვანი სპორტსმენები არიან.

ბასილაშვილის მიზანი ტოპ 10-ში შესვლაა. მას ამის სჯერა და ჩვენც გვჯერა, რომ ნიკა ამას გააკეთებს.

ნიკა ახლა კიცბიუელში (ავსტრიაში) ჩავა და 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირს ითამაშებს, სადაც 2 წლის წინ ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.

მას რეიტინგში კიდევ უფრო წინსვლის საშუალება მიეცემა, რადგან გასულ წელს ის პირველივე წრეში დამარცხდა. პირველ წრეში კი მისი მეტოქე სერბი ლასლო დიერე იქნება.

ძალიან კარგია, რომ ბასილაშვილმა ტიტული ისეთი ლეგენდისგან მიიღო, როგორიც მიხაელ შტიხია.

"ვფიქრობ, დიდებული ტურნირი გქონდა. ძალიან მონდომებული იყავი და აღმოგაჩნდა ნებისყოფა, რომ 7 შეხვედრის განმავლობაში თითოეულ მატჩში დიდებულად გეთამაშა", - უთხრა ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრმა მიხაელ შტიხმა დაჯილდოებაზე ბასილაშვილს.

წინ კიდევ უამრავი გამოწვევა და დარწმუნებულნი ვართ, სიხარული გველის.

სურვილი კი მხოლოდ ერთია - მსაჯის კოშკურიდან შემდეგი სახის ფრაზა ხშირად გაგვეგონოს:

"GAME, SET ANT MATCH, BASILASHVILI!".

altდაუვიწყარი კადრები - ოვაციები და ლეგენდარული მიხაელ შტიხის მიერ გადაცემული თასი ნიკოლოზ ბასილაშვილს [VIDEO]

altგილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილი: საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატწბები ნიკოლოზს რაღაც ძაან ძალაზეა და ეგრე გააგრძელე შემდეგი ტურნირიც უნდა მოიგო ტემპი არუნდა დააგდო და 10ლი შენია არვინაა დაუმარცხებელი ყველა ადამიანია მეტი მონდომება და კონცენტრაცია წარმატებები
ნიკა
14:46 30-07-2018
0
მაგარი ამბავია!

წარმატებები ნიკოლოზს!
მიშა
14:40 30-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული