U15. ხარკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის შემდეგ ლიეტუვაც დაამარცხა

AutoSharing Option
ხარკოვში ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსეი ბარკალოვის ტრადიციულ, მე-14 საერთაშორისო ტურნირში უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვისა და აზერბაიჯანის წყალბურთელ ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

შეჯიბრების პირველ დღეს ქართველებმა აზერბაიჯანელებს 21:1 აჯობეს, ხოლო მასპინძლებმა ლიეტუვას მოუგეს - 15:7.

გუშინ მე-2 ტურის პაექრობები გაიმართა. კვლავ იყოჩაღეს უკრაინელებმა - აზერბაიჯანს 21:4 სძლიეს. ქართველებმა ბალტიისპირელები დაჯაბნეს. ნოდარ ჩხარტიშვილისა და ოთარ ქოიავას შეგირდები, წინა დღესთან შედარებით, ლიეტუვასთან პირველ პერიოდში უფრო მოკრძალებულნი ჩანდნენ, თუმცა ეს მეტოქის სიძლიერითაც იყო გამოწვეული.

ანგარიში მეორე წუთზე საბა ტყეშელაშვილმა
გახსნა. 2 წუთის შემდეგ ბალტიისპირელებმა წონასწორობა აღადგინეს. პერიოდის ბოლომდე ლუკა ჩიქოვანმა ისევ წინ გაიყვანა თანაგუნდელები. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც თანაბარ ბრძოლაში მიილია.

ქართველებმა 16 წუთის შემდეგ მაინც შეძლეს 2 ბურთით დაწინაურება. შესვენების მერე უპირატესობა ჩვენების მხარეს იყო და მათ მატჩიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

საქართველო-ლიეტუვა 14:4
2:1, 3:2, 6:1, 3:0

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (2), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (3), ვასაძე (1), გორგოძე (1), კირიაკიდი (2), ჩიქოვანი (3), ნ. ტყეშელაშვილი.

ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ქართველები (ბ.35:5) და უკრაინელები (36:11) ლიდერობენ. მთავარი პრიზის მფლობელს მათი დღევანდელი მატჩი გამოავლენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული