ამერიკული ფეხბურთი: 50-ე სუპერბოული

AutoSharing Option
დახარჯული 15.5 მილიარდი დოლარი, 40 ათასად გაყიდული ბილეთები, ქათმის ფრთების 1.3 მილიარდი პორცია და 30 წამი სარეკლამო დრო 5 მილიონად...

თბილისის დროით ორშაბათს დილით, სანტა კლარას (კალიფორნია) "ლივაისის" სტადიონზე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წლის მთავარი სპორტული მოვლენა - ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ფინალური მატჩი, რომელსაც სუპერბოული ჰქვია.

წელს ის 50-ედ ჩატარდა. ღონისძიება აღინიშნა ფანტასტიკური თანხებით, ძვირადღირებული სარეკლამო რგოლებით, აგრეთვე მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობებით, სადაც პოლიციას წიწაკის აირის გამოყენება მოუწია...

ამერიკული ოცნება
რიგითი ამერიკელისთვის სუპერბოული დიდი ხანია გადაიქცა საკულტო რიტუალად, რომლისთვისაც
მზადებას, ფაქტობრივად, წინა სუპერბოულის დასრულებიდან მეორე დღეს იწყებენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "გულშემატკივართა" უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს მატჩის საბოლოო ანგარიშს. მთავარია - უნიკალური შოუს ატმოსფერო. ორგანიზატორები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, რაც შემდეგ გასამმაგებული უბრუნდებათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 50-ე სუპერბოულმა ბევრი სტატისტიკური რეკორდი მოხსნა. კვლევის თანახმად, უშუალოდ თამაშის მსვლელობისას, ამერიკელებმა 15.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მატჩმა სატელევიზიო ეკრანებთან 189 მილიონი ადამიანი შეკრიბა, რაც შარშანდელზე ხუთი მილიონით მეტია. თამაშის ცქერისას ერთ ადამიანზე საშუალო დანახარჯმა 82.19 დოლარი შეადგინა (შარშან - 77.88 დოლარი).

დაახლოებით 43 მილიონმა ამერიკელმა ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის შინ სპეციალური ზეიმი მოიწყო, 70 მილიონმა თავიდან აიცილა ზედმეტი ფაციფუცი და სტუმრად წავიდა. გამოკითხულთაგან 8.6 მილიონმა სპეციალურად სუპერბოლისთვის ახალი ტელევიზორი შეიძინა.

ათობით უმსხვილესი კომპანია და ბრენდი პრინციპის საქმედ მიიჩნევს - მაყურებელებს წარუდგინოს ყველაზე დასამახსოვრებელი, სასაცილო და გულშიჩამწვდომი სარეკლამო რგოლები. წელს, 30 წამი სარეკლამო დრო 5 მილიონი დოლარი ღირდა, რაც შარშანდელზე 500 ათასით მეტია. სარეკლამო პაუზების დროს, მაყურებლებმა, ტრადიციულად, მომავალი მხატვრული ფილმების ტრეილერები იხილეს.

მოგებულები დარჩნენ ბილეთების გადამყიდველები. თამაშის წინ, 500-1000 დოლარის ღირებულების ბილეთები 8-10 ათას დოლარად იყიდებოდა. VIP-ბილეთების ფასი ოფიციალურ ვებგვერდზე 13 ათას დოლარი იყო, გადამყიდველებმა კი ისინი 30-40 ათასად გაასაღეს.

სუპერბოული დიდი ხანია ჩვეულებრივი სპორტული ღონისძიებიდან პოპ-კულტურის ნამდვილ ფესტივალად გადაიქცა. ამასთან, მატჩის დროს ყველა მიირთმევს ქათმის ფრთებს - არანორმალური რაოდენობით. ქათმის ხორცის მწარმოებელთა ეროვნული საბჭოს მონაცემებით, აშშ-ის მოქალაქეებმა ქათმის ფრთების 1.3 მილიარდი პორცია შეჭამეს.

სუპერბოულის დროს, საკუთარ გასტრონომიულ მიდრეკილებებზე ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამ სპორტული მოვლენისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი თეთრ სახლში დარჩა ფინალის სანახავად. საღამოს მენიუში შედიოდა ქათმის ფრთები, პიცა და ბოსტნეული, რომელსაც, პრეზიდენტის თქმით, "არავინ მიეკარა".

ფოტოგრაფი დურანტი, მედოლე კარი
რაც შეეხება სუპერბოულის სპორტულ შემადგენელ ნაწილს, "დენვერ ბრონკოსმა" 24:10 მოუგო ფინალი "კაროლინა პანტერზს". მატჩის წინ, აშშ-ის ჰიმნი შეასრულა ლედი გაგამ, შესვენებაზე კი გამოვიდნენ ბრიტანული ჯგუფი Coldplay, ბეიონსე და ბრუნო მარსი.

სუპერბოულს ბევრი ცნობილი სტუმარი ჰყავდა და ზოგიერთი, უცნაურ ამპლუაში მოგვევლინა. მაგალითად, NBA-ის კლუბის "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი ფოტოგრაფის ფუნქციებს ასრულებდა, ხოლო "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავმა სტივენ კარიმ, რომელიც "პანტერზის" თავგადაკლული ფანი ყოფილა, დოლზე დაკვრით იხმო მოედანზე საყვარელი გუნდი.

მატჩის შემდეგ, ზეიმი ქუჩაში გაგრძელდა. ყველაზე მეტად ეს შეიგრძნეს დენვერში. გამარჯვებული გუნდის ფანები აქტიურად წვავდნენ პიროტექნიკას, ამსხვრევდნენ ვიტრინებს... ზოგიერთი პოლიციასთან ჩხუბშიც კი ჩაება, რის გამოც, სამართალდამცავებმა გამოიყენეს არა მხოლოდ ხელკეტები, არამედ წიწაკის სპრეი. დააპატიმრეს 12 გულშემატკივარი.

"ბრონკოსმა" თავისი არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო სუპერბოული. მანამდე ეს გუნდი 1998 და 1999 წლებში იყო ტრიუმფატორი. "პანტერებმა" კი მეორედ ითამაშეს ფინალში და ისევ წააგეს.

მართალია, NFL 1920 წლიდან იღებს სათავეს, მაგრამ პირველი სუპერბოული მხოლოდ 1967 წელს გაიმართა, როცა შედგა NFL-სა და ამერიკული საფეხბურთო ლიგის (AFL) გაერთიანება. მაშინ, ლიგა ორ კონფერენციად (ამერიკული და ეროვნული) გაიყო. სწორედ კონფერენციების გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს სუპერბოულში.

სეზონი NFL-ში მხოლოდ 17 კვირა გრძელდება, მაგრამ ფინანსური და საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, ლიგა სათავეში უდგას ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული ოთხი ჩემპიონატის (NHL, NBA, NHL) რეიტინგებს. NFL-ის რეგულარული სეზონისა და სუპერბოულის ჩვენების უფლებისთვის ამერიკული ტელეკომპანიები წელიწადში 700 მილიონ დოლარს იხდიან.

წლევანდელ სეზონში NFL-ის რეგულარული ჩემპიონატი 32 გუნდის (16-16 გუნდი თითო კონფერენციაში) მონაწილეობით სექტემბერში დაიწყო. თითო კონფერენციიდან ექვს-ექვსი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავიდა და იქ იანვარში გაარკვია ურთიერთობა.

სუპერბოული ყველაზე ხშირად "პიტსბურგ სტილერზს" მოუგია - ექვსჯერ. რეგულარულ ჩემპიონატში კი ყველაზე მეტჯერ "გრინ-ბეი პაკერსმა" გაიმარჯვა - 13-ჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული