ფენომენალური სერენა და კლასიკური ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
ქალებს შორის ორი ნახევარფინალიდან, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას დაპირისპირება იპყრობდა, რადგან ეს იყო თანაბარი ძალის მეტოქეთა დაპირისპირება. დღის მეორე მატჩში კი, რომელშიც სერენა უილიამსი და სარა ერანი ხვდებოდნენ, ბრძოლა არ იყო მოსალოდნელი.

მატჩამდე მარია და ვიქტორია 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და უპირატესობა ბელორუსი ჩოგბურთელის მხარეს იყო - 7:5. წლევანდელ სეზონში მათი გზები პირველად გადაიკვეთა, ბოლო შეხვედრა კი 2012 წელს, WTA-ს შემაჯამებელ ტურნირზე შედგა, სადაც შარაპოვამ მოახერხა გამარჯვება.

მოგეხსენებათ, რომ შარაპოვა როლან გაროსზე შარშანდელ ტიტულს იცავს,
აზარენკამ კი კარიერაში საუკეთესო გამოსვლა აჩვენა პარიზულ კორტებზე - ეს იყო მისთვის "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, რომელშიც ნახევარფინალში არ ეთამაშა. რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, ორივეს ერთნაირი მაჩვენებლები ჰქონდა - თითო წაგებული სეტი ხუთ მატჩში.

შეხვედრა შარაპოვას მოწოდებით დაიწყო და რუსი თავიდან ვერ შევიდა თამაშში. მას არ მისდიოდა პირველი მოწოდება, გააკეთა ორმაგი შეცდომა და გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო. თუმცა ამას მარიას საბრძოლო განწყობაზე არ უმოქმედია და მეორე გეიმიდან ინიციატივა მოიპოვა.

რუსმა მაღალ დონეზე ჩაატარა რამდენიმე გეიმი, პირველ რიგში კი, უნდა აღვნიშნოთ მისი მოწოდება. იმ დღეს შარაპოვამ 12 ეისის შესრულება შეძლო, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა მის მატჩებში. რაც შეეხება აზარენკას, მას ბევრი არაფერი გამოსდიოდა. პირველი მოწოდებით უპირატესობას ვერ იღებდა, მიღებაზე ცუდად თამაშობდა და ამიტომაც ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო და სეტი 28 წუთში დათმო.

შარაპოვამ მთელი ნახევარფინალის ერთ დონეზე ჩატარება ვერ შეძლო. მეორე სეტში უკანა ხაზიდან თამაშის გააქტიურების მცდელობამ ბევრი შეცდომა მოიტანა და მალე ეს ანგარიშში გამოიხატა. ბელორუსმა შეძლო თამაშში შესვლა და საკუთარი პირობების კარნახი მეტოქისთვის.

ამასთან, აზარენკა, პრაქტიკულად, არ ცდებოდა - მთელი მეორე სეტის განმავლობაში მას მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ძალიან მალე ვიქტორია მოგებულ სეტს ზეიმობდა.

გადამწყვეტი სეტი გარკვეული პაუზის შემდეგ დაიწყო. პარიზში გაწვიმდა და ჩოგბურთელებმა გასახდელს მიაშურეს. ეს პაუზა აშკარად მარიას სასარგებლოდ იყო, რადგან აზარენკა ფლობდა ინიციატივას, ამ ნახევარსაათიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კი მას თავიდან დასჭირდებოდა თამაშში შესვლა.

გადამწყვეტ სეტში უფრო ხშირი იყო გრძელი გათამაშებები. უკანა ხაზზე შარაპოვა უკეთ გამოიყურებოდა, ხშირად მიდიოდა რისკზე და ეს ამართლებდა. აზარენკა უფრო სტაბილური იყო, ვიდრე პირველ სეტში, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ერთი დარტყმით ცდილობდა ქულის აღებას და ამან ბევრი შეცდომა მოიტანა.

რუსმა პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ იქვე წააგო საკუთარი მოწოდება, როცა მეექვსე გეიმში ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა. თუმცა ეს იყო მარიას მიერ ჩაგდებული ერთი გეიმი, აზარენკას კი საკუთარ გეიმებში ინიციატივა არ ჰქონია. შედეგად, მარიამ ზედიზედ სამი ბრეიკი გააკეთა და 5:2 დაწინაურდა.

თითქოს მატჩის დასასრული მოახლოებული იყო, მაგრამ აზარენკამ ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. მერვე გეიმში მან ოთხი მატჩბოლი მოიგერია. გარდა ამისა, მეტოქის ორი ორმაგი შეცდომა დაეხმარა (სულ მატჩში რუსს 11 ორმაგი ჰქონდა) და ბელორუსმა ბრეიკი გააკეთა. ამას დაემატა საკუთარი გეიმის აღება და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა - 4:5.

და სწორედ კრიტიკულ მომენტში დაეხმარა შარაპოვას მოწოდება. მან კიდევ სამი მატჩბოლი მოიპოვა და ეისით დაუსვა წერტილი შეხვედრას - 6:1, 2:6, 6:4.

* * *
მეორე ნახევარფინალში TOP5-ის კიდევ ორი წევრი თამაშობდა - სერენა უილიამსი და სარა ერანი. საინტერესოა, რომ მათ ამ სტადიაზე 2012 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზეც ითამაშეს და მაშინ ამერიკელმა იოლად დაადასტურა ფავორიტის სტატუსი. და საერთოდ, წინა ხუთ შეხვედრაში სერენამ მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო იტალიელს.

ერანისთვის გრუნტი ყველაზე მოსახერხებელი საფარია და სწორედ აქ ჰქონდა მას ამერიკელისთვის ბრძოლის მოხვევის შანსი, მაგრამ, იტალიელისთვის საუბედუროდ, ეს ის დღე იყო, როცა უმცროს უილიამსს ყველაფერი გამოსდიოდა. ასეთ დროს კი სერენა შეუჩერებელია. ფავორიტი ისე თამაშობდა, შეეძლო თვალდახუჭულს მოეგო ეს შეხვედრა.

ერანისთვის თითოეული მოგებული ქულა პატარა ზეიმივით იყო, ხოლო, როცა 0:6, 0:3-ზე იტალიელმა ერთი გეიმი აიღო, მან მაღლა აღმართა ხელები - თითქოს მატჩი მოეგოსო.

საბოლოოდ, "დიდი სლემის" ნახვარფინალური შეხვედრა 46 წუთი გაგრძელდა და სერენამ ფანტასტიკური სტატისტიკა დააფიქსირა: 40 "ვინერსი", 12 უნებლიე შეცდომა და მხოლოდ 16 წაგებული ქულა.

უილიამსი კარიერაში მეოცედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. წინა 19 გადამწყვეტ მატჩში მან 15-ჯერ გაიმარჯვა და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა. გარდა ამისა, ამერიკელმა 30 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. XXI საუკუნეში უფრო გრძელი სერია მხოლოდ ორ ჩოგბურთელს ჰქონდა: ვენუს უილიამსს - 35 მოგება (2000 წელს) და ჟუსტინ ანენს - 32 მოგება (2007-08).

ასე რომ, შაბათს, ფინალში ჩვენ გველის კლასიკური დაპირისპირება - შარაპოვა უილიამსის წინააღმდეგ. 2005 წლიდან მოყოლებული, სერენას ზედიზედ 12-ჯერ ჰყავს დამარცხებული რუსი. ასე რომ, მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება რთული არ უნდა იყოს. ფინალი თბილისის დროთ 17 საათზე დაიწყება.

1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სარა ერანი (იტა, 5) 6:0, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3) 6:1, 2:6, 6:4.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დამარცხებული როჯერი და გადარჩენილი სერენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული