ლოხტეს მე-13 ოქრო და მესამე რეკორდი ბარსელონაში

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და სპორტსმენებმა დააჩქარეს მედლების გათამაშების ტემპი - ამჯერად, ოთხი ფინალის ნაცვლად, ხუთში გაარკვიეს ურთიერთობა.

საინტერესოა, ამ სამ დღეში კიდევ რამდენი ოქროს მოგებას შეძლებს ამერიკელი მელისა ფრანკლინი. ფინალების მორიგი დღის შემდეგ, მან ჰეთ-თრიკი პოკერით შეცვალა. მისიმ მეოთხე ოქრო 4x200 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

ეს ფინალი ორგანიზატორებმა ბოლოსთვის შემოინახეს. ამერიკის ნაკრები აქცენტს კეტი ლედეცკისა და ფრანკლინზე აკეთებდა. კეტი პირველი გადიოდა სტარტზე, მელისა - მეოთხე. ისინი ესტაფეტის თავიანთ ეტაპებზე საუკეთესოები იყვნენ. ფინალი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მეორე ეტაპის
შემდეგ, შარლოტა ბონემ ფრანგები დააწინაურა, ესტაფეტის ბოლო ცვლის შემდეგ კი ლიდერები ავსტრალიელები გახდნენ. ისე ჩანდა, რომ ალისია კოუტსი შეძლებდა ფრანკლინთან წამიანი უპირატესობის შენარჩუნებას, მაგრამ ბრწყინვალე ამერიკელმა ყოველ 50 მეტრზე თითქმის წამი მოუგო ავსტრალიელს და დიდი უპირატესობით დაასრულა ფინალი. როგორც გითხარით, ფრანკლინმა მეოთხე ოქრო მოიგო, ლედეცკიმ - მესამე, ხოლო კოუტსისთვის ეს იყო მეოთხე ვერცხლი ამ ჩემპიონატზე.

* * *
დღის პირველი ფინალი იყო მამაკაცებს შორის 200 მეტრი კომპლექსური ცურვა. აქ მთავარ ფავორიტად ამ დისტანციაზე ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ამერიკელი რაიან ლოხტე მიიჩნეოდა, თუმცა მასთან ბრძოლაში იოლად დანებებას არ აპირებდნენ 400 მეტრზე "კომპლექსში" ლონდონის თამაშების პრიზიორები - იაპონელი კოსუკე ჰაგინო და ბრაზილიელი ტიაგო პერეირა.

50 მეტრი ბატერფლაის შემდეგ, ლიდერი პერეირა იყო, მას სამი მეასედით ჩამორჩებოდა ლოხტე, კიდევ სამი მეასედით - უნგრელი ლასლო ჩეხი, თუმცა ამ უკანასკნელს ძალები არ ეყო ფავორიტებთან საბრძოლველად. 100 მეტრის შემდეგ ბრაზილიელმა გაზარდა უპირატესობა, ლოხტესთან, მესამეზე კი ჰაგინო გადავიდა. 50 მეტრი ბრასის შემდეგ, ლოხტე წინ გავიდა და პერეირას ნახევარი კორპუსით გაუსწრო. უკვე ცხადი იყო, რომ თავისუფალი სტილში ის პირველობას არავის დაუთმობდა. ბრაზილიელმა კი იმდენი ძალა დახარჯა ლოხტესთან ბრძოლაში, რომ ჰაგინოს ვერცხლის მედალი დაუთმო და მესამეზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლოხტესთვის მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით მე-13 ოქროს მედალი.

* * *
ამის შემდეგ კლასიკური დისტანციის ჯერი დადგა - 100 მეტრი თავისუფალი სტილით მამაკაცებს შორის. შეგახსენებთ, რომ შარშან, ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ჯეიმს მაგნუსენმა ოქროსთვის ბრძოლაში 0.01 წამი წააგო ამერიკელ ნათან ედრიენთან და ახლა, მისგან ყველა რევანშს ელოდა.

თუმცა ფინალს ისეთი დასაწყისი ჰქონდა, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა. სასტარტო სიგნალზე ყველაზე კარგი რეაქცია რუს ვლადიმერ მოროზოვს ჰქონდა და პირველი 50 მეტრი შემდეგ, ის ყველას უგებდა, თანაც 0.23 წამით სჯობნიდა ბრაზილიელი სეზარ სიელო ფილიოს მსოფლიოს რეკორდს. კიდევ 25 მეტრის შემდეგ, მოროზოვი დამაჯერებლად ლიდერობდა - კონკურენტებს ნახევარი კორპუსით უსწრებდა და ბევრმა დაიჯერა, რომ ამ ჩემპიონატზე მთავარი სენსაცია მოხდებოდა. მაგრამ ფინიშამდე 20 მეტრით ადრე, რუსმა მკვეთრად უკლო ტემპს, მას ოთხი მეტოქემ გვერდით ჩაუქროლა და მოროზოვი მეხუთე ადგილზე დატოვა.

მაგნუსენი პირველი 50 მეტრის შემდეგ მხოლოდ მეხუთე იყო, მაგრამ მაინც მოახერხა რევანშის აღება და ფინიშზე პირველი მისვლა. მეორეზე არა ედრიენი, არამედ მეორე ამერიკელი ჯეიმს ფეგენი გავიდა, არადა, 50 მეტრის შემდეგ ის მხოლოდ მეექვსე იყო. რაც შეეხება ნათან ედრიენს, ის მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდა.

* * *
ასეთი გიჟური ფინალის შემდეგ, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა ქალებს შორის 200 მეტრზე ბატერფლაის ფინალმა. მასპინძლებს აქ მედლის იმედი ჰქონდათ, რადგან დისტანციაზე იყო მირეა ბელმონტე გარსია. თუმცა ფავორიტებად ჩინელი ლიუ ციგე და ძალიან ძლიერი უნგრელი კატინკა ჰოშუ ითვლებოდნენ.

ამ სამუელიდან უკეთესო სტარტი ბელმონტე გარსიას გამოუვიდა, რომელსაც დისტანციის შუაში გაუსწრო ლიუ ციგემ, მაგრამ ესპანელი არ დანებდა და ბოლო 50 მეტრამდე თანაბრად მიდიოდა ჩინელთან. დასკვნით ეტაპზე უფრო მეტი ძალა ლიუს აღმოაჩნდა და საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო ეს გაცურვა. ესპანელი მეორეზე გავიდა, ჰოშუ - მესამეზე, რაც სერიოზული დარტყმა იყო მის ამბიციებზე.

დაბოლოს, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში ჩინეთს იმ დღეს მეორე ოქრო მოუტანა ჟაო ჟინმა, რომელსაც ერთი მეათედი წამით ჩამორჩა თანამემამულე ფუ იანჰაი. აქ პოდიუმი მთლიანად აზიური იყო, რადგან მესამეზე აი ტერაკავა გავიდა.

* * *
ბარსელონას აუზში ერთი მსოფლიოს რეკორდიც დამყარდა. მისი ავტორი გახდა დანიელი რიკე პედერსენი 200 მეტრზე ბრასში ნახევარფინალური გაცურვის დროს. სკანდინავიელის დრო იყო 2 წუთი და 19.11 წამი, რაც წინა რეკორდზე 0.48 წამით უკეთესია. აქამდე რეკორდის მფლობელი ამერიკელი რებეკა სონი იყო - საუკეთესო დრო მან 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე აჩვენა.

პედერსენი მესამე მოცურავეა, ვინც ბარსელონაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მანამდე ეს შეძლეს ლიტველმა რუტა მეილიუტიტემ 100 მეტრზე ბრასში და ამერიკელმა კეტი ლედეცკიმ 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში.

კაცები

200 მ. კომპლექსური
1. რაიან ლოხტე (აშშ) 1.54,98
2. კოსუკე ჰაგინო (იაპ) 1.56,29
3. ტიაგო პერეირა (ბრა) 1.56,30

100 მ. თავისუფალი
1. ჯეიმს მაგნუსენი (ავსტრა) 47,71
2. ჯეიმს ფეგენი (აშშ) 47,82
3. ნათან ედრიენი (აშშ) 47,84

ქალები

200 მ. ბატერფლაი
1. ლიუ ციგე (ჩინ) 2.04,59
2. მირეა ბ. გარსია (ესპ) 2.04,78
3. კატინკა ჰოშუ (უნგ) 2.05,59

50 მ. გულაღმა
1. ჟაო ჟინი (ჩინ) 27,29
2. ფუ იანჰაი (ჩინ) 27,39
3. აი ტერაკავა (იაპ) 27,53

4x200 მ. თავისუფალი
1. აშშ 7.45,14
2. ავსტრალია 7.47,08
3. საფრანგეთი 7.48,43

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკული მანქანა ამუშავდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული