ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი გუნდები კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ

AutoSharing Option
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში დამთავრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 40 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხმლით მოფარიკავე თეოდორა კახიანმა ჩემპიონობა, ხოლო სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ბოლო ორი დღე გუნდურ პირველობებს დაეთმო. მასპინძლები იმედოვნებდნენ, რომ ხმლით მოფარიკავე ვაჟები (სანდრო და ბექა ბაზაძეები, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია) საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენებმა ტრავმის გამო ნაკრების ძირითადი წევრი მიხეილ მარდალეიშვილი მოისაკლისეს.

პირველ პაექრობაში ჩვენებმა ბელორუსის ნაკრები
დაამარცხეს - 45:42, მომდევნო სამი შეხვედრა კი დათმეს - ჯერ იტალიასთან (37:45), შემდეგ - რუმინეთსა (40:45) და საფრანგეთთან (43:45) და მე-8 ადგილით დაკმაყოფილდნენ. პირველ ადგილზე რუსები გავიდნენ, რომლებმაც ფინალში იტალიელები დაამარცხეს - 45:41. მესამე ადგილი უნგრელებს ერგოთ.

დაშნით მოფარიკავე საქართველოს ქალთა ნაკრებმა (მაია გუჩმაზოვა, მარიამ ზაკირჩენკო, ქრისტინე მიქაძე, ელისო ხოშტარია) საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა და სამივე შეხვედრა დათმო - რუსეთთან (19:45), უნგრეთთან (33:45), ესპანეთთან (34:5) და მე-15 ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. საფრანგეთი, 2. რუსეთი, 3. რუმინეთი.

თავი ვერც დაშნით მოფარიკავე ვაჟებმა (დავით არველაძე, გიორგი ქაფიანიძე, მიქაელ მიქაელიანი, ლევან ფცქიალაძე) გამოიჩინეს - მათ პირველივე ორთაბრძოლა რუმინეთთან წააგეს - 24:44 და ბოლო, მე-18 ადგილზე აღმოჩნდნენ.

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. რუსეთი, 2. უკრაინა, 3. ჩეხეთი.

რაპირაში ქალთა გუნდი არ გვყოლია. აქ პირველი იყო იტალია. მეორე-მესამე ადგილები რუსეთმა და გერმანიამ გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული