მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა მჭედლიძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა და სანდრო ბაზაძეები

19-26 ივლისს გერმანიის ქალაქი ლაიპციგი მოფარიკავეთა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას - მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პლანეტის უძლიერეს მუშკეტერებთან ერთად მედლებისთვის ბრძოლაში ქართველებიც ჩაებმებიან.

- ჩემპიონატში მოხმალავეთა სრული გუნდებით გამოვალთ, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ზაზა მჭედლიძემ. - ვაჟთა ნაკრების ლიდერია რიოს ოლიმპიადის მონაწილე, ახალგაზრდებში ევროპის პირველობების სამგზის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე, რომელმაც ერთი თვის წინათ თბილისში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მასთან ერთად საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ბექა ბაზაძე, საბა
სულამანიძე
და მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ახლა მთელი დატვირთვით ვარჯიშობს.

საგულისხმოა, რომ თბილისში ჩვენს ნაკრებთან ერთად გადიან საწვრთნელ შეკრებას უკრაინელი და ბელარუსი მოხმალავეები. უკრაინელებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავეს, ჩვენი გუნდი მერვე იყო. მეოთხედფინალში გასასვლელად საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სწორედ ბელარუსებს აჯობა. აღმოსავლეთ სლავები ევროპის ჩემპიონატის წინაც საქართველოს დედაქალაქში ემზადებოდნენ. ახლაც ჩვენ, უკრაინელები და ბელარუსები თბილისიდან გავემგზავრებით გერმანიაში.

- ქალთა ნაკრებზე რას იტყვით?
- მის შემადგენლობაში სამი სპორტსმენი იქნება - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი თეოდორა კახიანი, დარია ანტონოვა და ლიკა ჯიჯეიშვილი.

კახიანი ევროპის პირველობის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და იქ ემზადებოდა პირადი მწვრთნელის - ვეს გლონის ხელმძღვანელობით. ლაიპციგში იგი 16 ივლისს ჩაფრინდება. ანტონოვა და ჯიჯეიშვილი კი თბილისში ვარჯიშობენ.

ჩემპიონატში კიდევ ორი ჩვენი მოფარიკავე ჩაებმება: ესენი არიან რაპირაში 23-წლამდელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე და დაშნით მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა. ისინი პირადი მწვრთნელების - ირაკლი ღაღანიძისა და სერგო ხატიაშვილის ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრების წევრებთან ერთად იმაღლებენ ოსტატობას.

- ჩემპიონატისგან რას ელით?
- კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ლაიპციგში პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეები მოიყრიან თავს. ცხადია, ბევრს ნიშნავს, რომ ხმალში ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი გვყავს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს მოხმალავე ვაჟთა ნაკრები მსოფლიო კლასიფიკაციით მე-10 ადგილზეა.

ჩვენი მიზანია, ოთხი წლის შემდეგ რეიტინგით რვა საუკეთესოში ვიყოთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდურშიც ვიასპარეზოთ, ამიტომ ამ ჩემპიონატზეც რაც შეიძლება მეტი სალიცენზიო ქულები უნდა მოვაგროვოთ. პირად პირველობებშიც ველით შედეგებს. ვფიქრობ, ჩვენი მოფარიკავეები საამისოდ მზად არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული