მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მოფარიკავე მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
გერმანულ ლაიფციგში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს 20 ივლისს სამი დისციპლინის წარმომადგენლებმა მოსინჯეს ძალები.

ვაჟთა რაპირაში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა 23-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა ღაღანიძე.

ჯგუფში მან ხუთიდან მხოლოდ ორ მეტოქეს აჯობა - ლატვიელ ლუკას ტეტერისსა (5:4) და მექსიკელ ხოსე ალბერტო პელიტიერს (5:3), სამ მეტოქესთან კი ვერაფერს გახდა. სამაგიეროდ, პლეი ოფში ჯერ სინგაპურელ კევინ ჩანს მოუგო - 15:12, შემდეგ იასერ მოჰამადის (საერთაშორისო ფედერაცია) ჩამოიშორა გზიდან - 15:9 და 64 საუკეთესოში დაიმკვიდრა ადგილი.

მოხმალავე ქალთა პაექრობაში ჩვენი სამი
წარმომადგენელი ჩაება. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი საუკეთესო 64-ეულში ვერ მოხვდა: 2017 წლის ევროპის ჩემპიონმა თეოდორა კახიანმა ჯგუფში სამ მეტოქეს სძლია - ყაზახ ტატიანა პრიხოდკოს (5:2), აზერბაიჯანელ სევინჯ ბუნიატოვას (5:2) და ჩინელ ქსიაო იიას (5:2), ხოლო ამდენივე პაექრობა დათმო ჰონკონგელ ფეი ჩანთან (2:5), თურქეთის სახელით მოასპარეზე ირინა შჩუკლასა (2:5) და რუს ანა ბაშტასთან (4:5). 64-ში შესასვლელი დაძაბული პაექრობა ერთი ჩხვლეტით წააგო მექსიკელ ნატალია ბოტელოსთან - 14:15 და 69-ე ადგილი დაიკავა.

ჯგუფში სამი მეტოქე დაჯაბნა ლიკა ჯიჯეიშვილმაც - ჰენი იანი (ჩინეთი, 5:4), მაიბერ დე ლა კრუსი (დომინიკის რესპუბლიკა, 5:1), მადისონ ტურგუდი (კანადა, 5:2), სამ მეტოქესთან ვერას გახდა, თუმცა პლეი ოფში მაინც გავიდა, როგორც დარია ანტონოვა, რომელმაც მხოლოდ პატრისია კონტრერასი (ვენესუელა, 5:2) და ტონპან პოკეავი (ტაივანი, 5:1) დაჯაბნა, თავად კი სამჯერ დატოვა დამარცხებულმა საფარიკაო ბილიკები. პლეი

ოფში ჯიჯეიშვილს (საბოლოოდ 71-ე ადგილი) მარტინა კომისარჩიკმა (პოლონეთი, 15:8), დარია ანტონოვას კი (75-ე) ოლგა ჟოვნიკმა (უკრაინა, 15:4) აჯობა.

დაშნით ფარიკაობაში ვერც მაია გუჩმაზოვამ იყოჩაღა - ჯგუფში მხოლოდ ორ მეტოქეს მოუგო (იამაიკელ კლაუდინ ვილიამსს - 5:3) და ირინა მავრიკიუს (კვიპროსი, 5:3), პლეი ოფში კი გიადის

საკოასთან (კოტდიური) დამარცხდა - 14:15 და 103-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთეულთა პაექრობებს ოთხი ქართველი შემორჩა: რაპირისტი ლუკა ღაღანიძე და მოხმალავეები - მიხეილ მარდალეიშვილი, სანდრო და ბექა ბაზაძეები, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული