ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ რუმინულ ბრაილაში დამთავრდა 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის პირველი ჩემპიონატი. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ესკერხან მადიევმა, რომელმაც ხუთ მეტოქეს აჯობა და ჩემპიონობა მოიპოვა.

- თითო ოქრო და ვერცხლი 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე

ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობების ორგზის გამარჯვებული დღეს "ლელოს" სტუმარია.

- სამი წლის ვიყავი, მამა ჩეჩნეთიდან თურქეთში რომ წავიდა სამუშაოდ და ოჯახის წევრებიც თან წაგვიყვანა. ათი წელი გავატარეთ სტამბოლში. 2011 წელს თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად.

- სპორტს როდის დაუმეგობრდით?
- ჩემი უფროსი ძმა კრივით იყო გატაცებული.
10 წლისა მან წამიყვანა დარბაზში სავარჯიშოდ. ეტყობა, კარგი მონაცემები აღმომაჩნდა, რადგან სამი თვის შემდეგ ათწლიანებში სტამბოლის პირველობა მოვიგე.

- საქართველოში?
- თბილისში არტურ ბურდიანცთან გავაგრძელე ვარჯიში. 2012 წელს კადეტებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. იმავე წელს ანაპაში საერთაშორისო ტურნირზე გამოვედი და პირველივე ორთაბრძოლა დავთმე. 2013 წელს კადეტთა მსოფლიო პირველობის სტარზევე დავმარცხდი კიევში.

- ამდენმა უიღბლობამ გული არ გაგიტეხათ?
- შინ მაგულიანებდნენ. მამამ მითხრა, საკუთარ წაგებებზე გამარჯვება ისწავლეო. 2014 წელს არსად წავსულვარ შეჯიბრებებზე - მწვრთნელთან ერთად მონდომებით ვემზადებოდი. მომდევნო წელს სტამბოლში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავე. მერე პოლონეთში კადეტთა ევროპის პირველობაზე მესამე ვიყავი - ნახევარფინალში რუსმა მიშიჩკინმა მაჯობა.

- სამაგიეროდ, შარშან ბრინჯაო ოქროზე გადაცვალეთ..
- დიახ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ანაპამ უმასპინძლა. ხუთი ორთაბრძოლა მოვიგე, ფინალში მასპინძელ კრუჟკოვს ვძლიე. კარგად ვიყავი მომზადებული. ამას ისიც მოწმობს, რომ ევროპის შემდეგ კიევში ახალგაზრდებში სერიოზული ტურნირი მოვიგე. მსოფლიოს პირველობაზე კი მესამე წრეში ინდოელ მოკრივესთან ვერაფერს გავხდი. ჩემი ბრალია, მეტი შემართება რომ გამომეჩინა, უკეთესი შედეგი მექნებოდა.

- 22-წლამდელთა ევროპისთვისაც საფუძვლიანი მომზადება გაიარეთ...
- ასეა, მე და ჩემს მწვრთნელს ყოველგვარი პირობა გვაქვს, ნებისმიერი ტურნირისთვის კარგად მოვემზადოთ. საამისოდ დიდ დახმარებას გვიწევენ ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა დუნდუა. სხვა მწვრთნელებიც არ იშურებენ რჩევა-დარიგებებს. ასეთ მეგობრულ ატმოსფეროში მძიმე ჯაფაც კი სასიამოვნოა.

წლეულს ორი შეკრება ბაკურიანში გვქონდა, მერე თბილისში ვვარჯიშობდით. ერთი თვის წინათ პირველად ვიასპარეზე უფროსების ტურნირში, რომელსაც უნგრულმა დებრეცენმა უმასპინძლა. სამ მომქანცველ პაექრობაში ზედიზედ ვძლიე უნგრელ ფარკაშს, ჩეხ კოტრჩის, ჩინელ ლიუ ვეის. ფინალში დაღლილობა დამეტყო და უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვთან დავმარცხდი. ამის მიუხედავად, მეორე ადგილი სადებიუტო ტურნირში ჩემთვის მაინც წარმატება იყო.

22-წლამდელთა ევროპის პირველობა ყოველთვის მემახსოვრება ჩემპიონობითა და ტრავმებით. 19 წლის ვარ. მართალია, 2-3 წლით უფროსებთან მიწევდა დაპირისპირება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ საპრიზო ადგილზე აუცილებლად გავიდოდი.

პირველ წრეში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ჩამასანიანმა მეორე რაუნდში თავი მატაკა და ცხვირი დამისივდა. მეორე წრეში რუმინელმა პიტამ თავით მარცხენა წარბი გამიხლიჩა. მესამეში ინგლისელ ფაილთან ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა წარბი დავიზიანე. მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს სისხლის შესაჩერებლად, რომ მსაჯებს შეჯიბრებიდან არ მოვეხსენი. მეოთხე წრე გერმანელ პაულ ველთან შედარებით მშვიდობიანად გავიარე. გადამწყვეტი ორთაბრძოლისას პირველსავე რაუნდში რუსმა სავოსტიანოვმა თავი დამარტყა, ცხადია, შემთხვევით. მარცხენა წარბი ისევ გამეხსნა. მეორე რაუნდიდან მეტოქეს დაღლილობა დაეტყო და ბრძოლას გაურბოდა, რინგზე დავდევდი, რომ მომეხელთებინა.

ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და ჩემპიონობა მოვიპოვე.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- ერთი რამ ვიცი - აპრილში საწვრთნელი შეკრება გვექნება, ალბათ, ისევ ბაკურიანში. დანარჩენს კი მწვრთნელები გადაწყვეტენ.

- სამშობლოდან არ შეგხმიანებიან?
- როგორ არა, ჩემპიონობა მომილოცეს. ისიც მითხრეს, ჩეჩნეთში ხომ არ დაბრუნდებიო. თბილისში ვცხოვრობ და მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე გულში!!!! კარგი ბიჭი ჩანს და ღმერთმა ხელი მოუმართო!
zaza
20:31 24-03-2017
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და კიდევ არა-1ელ გაგეხარებინოს ქართული სპორტის ქომაგები გამარჯვებებით.
giga
16:28 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული