ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი

AutoSharing Option
ველოსპორტის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ მე-15 ეტაპს და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ეს ეტაპი ყველაზე გრძელია ამ ტურზე (242.5 კმ). ის იმართებოდა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღეს და რაც მთავარია, ფინიში უნდა შემდგარიყო ლეგენდარულ მთაზე - მონ-ვენტუზე.

მიუხედავად იმისა, რომ მონ-ვენტუ ლეგენდარული ამაღლებაა, ის ტურ დე ფრანსის ასწლიან ისტორიაში მხოლოდ რვაჯერ იყო შეტანილი მარშრუტში. გამარჯვებულთა სია შთამბეჭდავია: შარლი გოლი, რაიმონ პულიდორი, ედი მერქსი, ბერნარ ტევენე, ჟან-ფრანსუა ბერნარი, მარკო პანტანი, რიშარ ვირანკი და ხუან მანუელ გარატე, რომელმაც აქ 2009 წელს
გაიმარჯვა.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, ვინ გააგრძელებდა ამ სიას. ერთი მხრივ, გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი კრისტოფერ ფრუმი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მისმა გუნდმა "თიმ სქაიმ" მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები. ტურს გამოეთიშნენ ბრიტანელის ერთგული "გრეგარები" - ედვალდ ბოასონ ჰაგენი და ვასილი კირიენკო, ხოლო ჯერაინტ ტომასი და პეტერ კენოგი ტრავმებით აგრძელებენ გამოსვლას. სამაგიეროდ, ძალიან მოტივირებული იყო ალბერტო კონტადორის Saxo-Tinkoff, რომელმაც ორი დღით ადრე გამოაჩინა თავისი ამბიციები.

ბუნებრივია, ეროვნულ დღესასწაულზე განსაკუთრებით მონდომებული ფრანგი ველომრბოლელები იყვნენ. პირველ გაქცეულებს შორის სამი მასპინძელი იყო: პიერიკ ფედრიგო, ჟერემი როი და სილვენ შავანელი. ლიდერთა ჯგუფმა პელოტონს ოთხ წუთზე მეტით ჩამოტოვება ვერ მოახერხა.

მონ-ვენტუს წინ, როგორც იქნა, ძირითად ჯგუფს სათავეში ჩაუდგა "თიმ სქაი". ამ მომენტიდან ცხადი გახდა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერი სერიოზულად იყო განწყობილი. რაც შეეხება დაწინაურებულთა ჯგუფს, აქ აქტიურობდა შავანელი, მაგრამ მის წინსვლას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და მალე ფრანგი გენერალური კლასიფიკაციის ფავორიტებს დანებდა.

პირველმა სერიოზულ მრბოლელებს შორის ნაირო კინტანამ შეუტია, რომელმაც საკმაოდ სწრაფად მოიპოვა ფრუმის ჯგუფზე ნახევარწუთიანი უპირატესობა. სწორედ ამ დროს პელოტონის თავში მოექცა "თიმ სქაის" ავსტრალიელი წევრი რიჩი პორტი და მისმა ტემპმა საბოლოოდ დაშალა ძირითადი ჯგუფი. პორტს კვალში მხოლოდ ფრუმი და კონტადორი ჩაუდგნენ.

დაახლოებით ერთი კილომეტრის შემდეგ კი თავად ფრუმი გადავიდა იერიშზე და ისეთი ტემპი აკრიფა, რომ კონტადორს მისი გამოკიდების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ბრიტანელმა, ფაქტობრივად, გაანადგურა სახელოვანი ესპანელი.

ამის შემდეგ ფრუმი კინტანას დაეწია. მათ კარგა ხანი ერთად იარეს, მაგრამ ფინიშამდე კილომეტრით ადრე ვერც კოლუმბიელმა გაუძლო "თიმ სქაის" კაპიტნის ტემპს. ერთ კილომეტრში ფრუმმა კინტანას 29 წამი მოუგო, კონტადორმა კი თავის მთავარ კონკურენტთან წუთი და 40 წამი დათმო.

XIV ეტაპი
სენ პურსენი-ლიონი. 191 კმ
1. მატეო ტრენტინი (იტა, Omega Pharma) - 4:15.11; 2. მიხაელ ალბასინი (შვეიც, Orica) - იგივე დრო; 3. ენდრიუ ტალანსკი (აშშ, Garmin-Sharp) - იგივე დრო; 4. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, Movistar) - იგივე დრო; 5. ეგოიც გარსია (ესპ, Cofidis) - იგივე დრო; 6. ლარს ბაკი (დან, Lotto Belisol) - იგივე დრო...

XV ეტაპი
ჟივორი-მონ ვენტე. 242.5 კმ
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 5:48.45; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +0.29; 3. მიკელ ნიევე (ესპ, Euskaltel-Euskadi) - +1.23; 4. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - იგივე დრო; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +1.40; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 61:11.43; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +4.14; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +4.25; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +4.28; 5. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +4.54; 6. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +5.47...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: გიჟური ეტაპი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული