მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
ევროპული საფეხბურთო სეზონი გრძელდება და წინ მორიგი საინტერესო უქმეები გველის, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ლეგიონერესაც, ისინი სულ მალე ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან და ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. ტრადიციულად, გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

17 სექტემბერი - შაბათი

"სუონსი" - "ჰალ სიტი" (15:30)

შოთა არველაძის "ჰალ სიტი" ჩემპიონშიპის მე-10 ტურში "სუონსის" ესტუმრება, "ვეფხვებს" რთული პერიოდი აქვთ და ბოლო 3 მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ და მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, მიუხედავად ზაფხულში გაძლიერებული შემადგენლობისა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის უამრავი მოთამაშე კვლავ ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ამ დრომდე
ვერ ახერხებენ, რაც შეეხება უელსურ გუნდს, "გედებს" ამ სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილს იკავებენ. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი მატჩი "ჰალის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შოთიზე ზეწოლა უფროდაუფრო ძლიერდება, ამიტომ ხვალინდელ მატჩში მოპოვებული 3 ქულა უმნიშვნელოვანესი იქნება.

"ბორდო - "დიჟონი" (17:00)

ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში "დიჟონს" უმასპინძლებს. "ჟირონდელები" სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან და პირველადგილოსან "სოშოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, როგორ ჩანს, დავიდ გიონის გუნდი უმაღლესი მიზნები აქვს და ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ჩვენდა სასიხარულოდ, ხვალ დიდი ალბათობით ზურიკოს მოედანზე ვიხილავთ, მოგეხსენებათ, ქართველ გარემარბი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თამაშს ვერ ახერხებდა, თუმცა ყველა პრობლემა მოგვარდა და ჟირონდელთა ახალწვეული მოედანზე გასასვლელად სრულ მზადყოფნაშია. "დიჟონი" 11 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მათი არასტაბილური ფორმის გათვალისწინებით, "ბორდო" შეხვედრის უპირობო ფავორიტად ითვლება, გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ჟირონდელების გამარჯვებით დასრულდა 1 კი ფრედ. დავითაშვილის დებიუტს ყველანი მოუთმენლად ველოდებით.

"დორტმუნდი" - "შალკე" (17:30)

1 წლიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგაში "რურის დერბი" ბრუნდება, მე-7 ტურში ერთმანეთს "დორტმუნდი" და "შალკე" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა ყოველთვის დიდი სანახაობით გამოირჩევა და მიუხედავად ბოლო წლებში გუნდებს შორის განსხვავებული მიზნებისა, ტრადიცია არც ხვალ უნდა დაირღვეს, "ყვითლები" 12 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, გელზენკირხენელები კი 6 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ, გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში მაყურებელმა 20 გატანილი გოლი იხილა, მატჩის ფავორიტი, რა თქმა უნდა, "დორტმუნდია", თუმცა დაპირისპირება მეტად პრინციპულია, "შალკე" კი მარტივად არაფერს დათმობს, სტუმართაგან შეხვედრას მხოლოდ მარჩინ კამინსკი გამოტოვებს, მასპინძლებს კი სებასტიან ალე, მაჰმუდ დაჰუდი და გრეგოლ კიობელი დააკლდებათ, "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანული ფეხბურთის კლასიკა გაიმართება.

"ბარსელონა" - "ელჩე" (18:15)

კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის მე-6 ტურში "ელჩეს" უმასპინძლებს, ხავის გუნდმა ბოლო შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნთან" 0:2 დათმო, თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და პირველ ნახევარში წინ გასვლასთანაც ახლოს იყვნენ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, "ბლაუგრანა" დამაჯერებლად ასპარეზობს და 13 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, აღსანიშნავია დაცვის ხაზის საიმედოობა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 5 შეხვედრაში 15 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული, უნდა ველოდოთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მათსა და მადრიდის "რეალს" შორის ჩემპიონობისთვის დიდი საჩემპიონო მარათონი გაიმართება, "ელჩე" 1 ქულით მე-19 ადგილს იკავებს და ფრანცისკო ესკირიბას გუნდს ლა ლიგაში დასარჩენად მძიმე ბრძოლების გამართვა მოუწევთ, "ბარსა" მეტოქეს ზედიზედ 9 მატჩია ამარცხებს და შაბათს "კამპ ნოუზე" ამ შთამბეჭდავი სერიის გაზრდისთვის იბრძოლებს.

"ვალენსია" - "სელტა" (20:30)

ესპანური "ვალენსია" ლა ლიგის მომდევნო ტურში "სელტას" უმასპინძლებს, გიორგი მამარდაშვილი ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და "ღამურების" დაცვის ხაზის არასაიმედო თამაშს ხშირ შემთხვევაში სწორედ ქართველი აბალანსებს, "ვალენსია" 6 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, მოგეხსენებათ, გატუზოს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა და მათი ახალი მოთამაშეებით ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით, ხვალ "მესტალიაზე" ედინსონ კავანის დებიუტი შედგება, ურუგვაელი ესპანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო ჯერჯერობით არ უთამაშია. "სელტა" მოწინააღმდეგეს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს და მე-10 ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრა "ვალენსიას" გამარჯვებით დასრულდა, ედუარდო კუდეს გუნდი უსიამოვნო სერიის დასრულებას შაბათს შეეცდება.

"ტოტენჰემი" - "ლესტერი" (20:30)

ინგლისის დედოფლის ელიზაბეთ მეორის გარდაცვალებიდან 1 კვირის შემდეგ, პრემიერ ლიგა ბრუნდება, "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუპირისპირდება, ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგთან" მძიმე და მოულოდნელი მარცხი (0:2) განიცადა. ახლა კი ხასიათის გამოსწორებას "მელიებთან" შეეცდება, ლესტერშირელები ამ სეზონში კატასტროფულად გამოიყურებიან და 6 დან 5 მარცხით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან. თუ შედეგები არ გამოსწორდა, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა ბრენდან როჯერსს კარისკენ მიუთითებს, "ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე" კი გამარჯვება ყველას ძალიან უჭირს, "დეზები" 14 ქულით მე-3 ადგილზე არიან და შეხვედრაში მორიგი 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებენ, ლონდონელებს ლუკას მოურა დააკლდებათ, ხოლო "ლესტერიდან" რაიან ბერტრანი და რიკარდო პერეირა მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებენ, მასპინძლებმა "ტოტენჰემის" დამარცხება ბოლოს 2020 წელს შეძლეს, "მელიებს" ხვალ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა ჰარი კეინი და ჰიუნ-მინ სონი შაბათს მათ დამწუხრებას შეეცდებიან.

"ბასტია" - "მეცი" (21:00)

2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მოედანს უბრუნდება და ლიგა 2-ის მე-9 ტურში "ბასტიას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს 7 თამაშში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს შესრულებული, მისი დაბრუნება კი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, "მეცი" გასულ კვირას "გენგამთან" 3:6 დამარცხდა და სამმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო: მეკარე ალექსანდერ ოკიჯა, კიკი კუიატე და დანლი ჟაკ-ჟაკი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ, გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაუპირისპირდნენ და მატჩი "მეცის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მიქაუტაძეს კარგი ჩატარებული მატჩი მეტ თავდაჯერებულობას შემატებას მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშების წინ, ასე რომ, გიორგის თამაშს დიდი ინტერესით ველოდებით.

18 სექტემბერი - კვირა

"კრემონეზე" - "ლაციო" (17:00)

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ჯოვანი ზინის" სტადიონზე "ლაციოს" უმასპინძლებს, მასიმო ალვინის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია და 2 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება, თავად ქართველი ცენტრალური მცველი დამაჯერებლად ასპარეზობს და შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა, რაც შეეხება რომაელებს, მაურიციო სარის ბიჭები ევროპა ლიგის მატჩში "მიდტიულანდთან" სენსაციურად 5:1 დამარცხდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდები ბოლოს სერია A-ში ერთმანეთს 1996 წელს დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება "ლომბარდიელებს" დარჩათ, "ლაციო" მოედანზე 3 ქულისთვის გავა, თუმცა "კრემონეზესთან" საშინაო მოედანზე თამაში ყველას უჭირს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვა.

"რომა" - "ატალანტა" (20:00)

იტალიაში კვირას ორი განსაკუთრებული შეხვედრა შედგება, ერთ-ერთი კი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ატალანტას" უმასპინძლებს, ჟოზე მოურინიოს გუნდი 13 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო სტუმრები 14 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, "მგლების" რიგებიდან კარგ სეზონს ატარებს ახალწვეული პაულო დიბალა, არგენტინელს 6 მატჩის შემდეგ 3 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა, ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება ინგლისელი ტამი აბრაჰამი, რაც შეეხება ჯანპიერო გასპერინის გუნდს, აღსანიშნავია ტეუნ კუპმეინერსის თამაში, ჰოლანდიელ ნახევარმცველს 6 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს შესრულებული, "ალკმაარის" ყოფილი კაპიტანი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა აღნიშნული ჯილდო "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან სტუმრები : დუვან ზაპატა, დავიდე ძაპაკოსტა და ბერა ჯიმშიტი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, რომაელთაგან შეხვედრას გამოტოვებენ ჯორჯინიო ვეინალდუმი და სტეფალ ელ შაარავი. ბოლოს "ატალანტამ" დედაქალაქელების დამარცხება 2020 წელს შეძლო, ვნახოთ შეძლებენ თუ არა ბერგამოელები ნავსის გატეხვას.

ესპანეთი - საფრანგეთი (22:30) (კალათბურთი)

2022 წლის ევრობასკეტის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ნახევარფინალში ფრანგებმა პოლონეთი დიდი ანგარიშით 95:54 დაამარცხეს, "ლა როხამ" კი დაძაბულ დაპირისპირებაში კი მასპინძელი გერმანიის ნაკრები 96:91 დაამარცხეს, გამოკვეთილი ლიდერი არცერთ გუნდს ჰყავს, მთავარი დაპირისპირება კი სამწამიან ზონაში გაიმართება, სადაც რუდი გობერისა და ვილი ერნანგომესის პაექრობას ვიხილავთ, "მინესოტას" ახალწვეული ფრანგთა დაცვის მთავარი ხერხემალია და დომინანტური თამაშით ამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ვარსკვლავი შეაჩერა, ასევე საინტერესოა მწვრთნელთა დაპირისპირებაც, სერჟიო სკარიოლოც და ვინსენ კოლეც ძლიერი ტაქტიკოსები არიან, გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს 2016 წლის ოლიმპიადაზე დაუპირისპირდნენ, მაშინ ესპანელებმა მეტოქე 92:67 დაამარცხეს, მას შემდეგ კი ზედიზედ 2 ამხანაგურ შეხვედრაშიც "ლა როხამ" იმარჯვა. კალათბურთის მოყვარულთათვის კვირას დიდი სანახაობა გაიმართება.

"მილანი" - "ნაპოლი" (22:45)

იტალიელმა ექსპერტებმა სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრად "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება მონათლეს, კვირას "სან სიროზე" ერთმანეთს სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან, "როსონერიმ" მძიმე სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიმარჯვა, დამაჯერებლად იასპარეზეს ჩემპიონთა ლიგაზეც, სტეფანო პიოლის გუნდმა ზაგრების "დინამო" 3:1 დაამარცხა, რაც შეეხება "პარტენოპეის", "ნაპოლი" ბრწყინვალე ფორმაშია და ჩემპიონატს 14 ქულით ლიდერობს, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი ეფექტური თამაშით იტალიელი პუბლიკის მოხიბვლას განაგრძობს, გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა "დიეგო მარადონას სტადიონზე" "შავ-წითლების" გამარჯვებით (1:0) დასრულდა. მიუხედავად ვიქტორ ოსიმენის დანაკლისისა, "ნაპოლიმ" "სპეციასთან" სწორედ მისი შემცვლელის ჯაკომო რასპადორის გოლის წყალობით მოიგო. ხვიჩას გუნდს კვირას მნიშვნელოვანი გამოცდა ელის, წარმატების შემთხვევაში კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნეაპოლელები მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებენ.

"პარი სენ ჟერმენი" - "ლიონი" (22:45)

საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალური შეხვედრა პსჟ-სა და "ლიონს" შორის გაიმართება, კრისტოფ გალტიეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, 7 მატჩში გატანილი 25 გოლი და მხოლოდ 4 გაშვებული ნამდვილად შთამბეჭდავია, პარიზელები "მარსელთან" ერთად ჩემპიონატს ლიდერობენ, სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, "ლა პულგას" ჩემპიონატში გამართულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გატანილი გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა, ნეიმარს კი 8 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს შესრულებული, პიტერ ბოშის გუნდი მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება, ლიონელები ზედიზედ 2 შეხვედრაში დამარცხდნენ. გუნდებს შორის გამართული ბოლო თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, "პარკ დე ფრანსზე" შეკრებილი გულშემატკივარი კი ამჯერად საკუთარი გუნდისგან დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელის.

მადრიდის "ატლეტიკო"  - მადრიდის "რეალი" (23:00)

ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება, სადაც "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის "მადრიდული დერბი" შედგება, კარლო ანჩელოტის გუნდი ფანტასტიურ ფორმაშია და ჩემპიონატს უდანაკარგოთ, 6 დან 6 გამარჯვებით, ერთპიროვნულად ლიდერობენ, ასევე აგრძელებენ კარგ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზეც, ტურნირის მოქმედმა ტრიუმფატორებმა შინ "ლაიფციგი" 2:0 დაამარცხეს, "ატლეტიკო" კი მოულოდნელად ამავე ანგარიშით "ლევერკუზენთან" დამარცხდა, შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, "ბლანკოსის" რიგებიდან კარიმ ბენზემა და ლუკას ვასკესი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, "ინდიელთაგან" მატჩს ხოსე მარია ხიმენესი, სტეფან სავიჩი, სერხიო რეგილონი და ტომა ლემარი გამოტოვებენ, საეჭვოა იან ობლაკის თამაშიც, მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, "ატლეტიკო" 3 ქულისთვის იბრძოლებს, რადგან "რეალთან" დაპირისპირება დიეგო სიმეონესთვის მეტად პრინციპულია, გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა სწორედ "ინდიელთა" გამარჯვებით (1:0) დასრულდა. 





მკითხველის კომენტარები / 5 /
დავამატები: "ტორპედო" ქ.------ "დინამო" ბთ.
tngh
15:28 17-09-2022
1
ახლა ვუყურებ ჰალ სიტის თამაშს.მეცოდება შოთი.ამ წუთას მესამე გოლი გაუშვეს და ბოლო ორი,მთლიანად თვითონ გააკეთეს.პრინციპში პირველი გოლიც არ უნდა გასულიყო,მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ჯარიმას,შორეულ ძელთან თავდამსხმელი გამოეხმაურა და მარჯვენა მცველს მხოლოდ მაშინ გაახსენდა,სამი მეტრით წინიდან,კარში რომ ურტყამდა.მეორე გოლის დროს,მეკარემ თავისივე მცველს,უკანა ფეხში გამოჰკრა ფეხი და წააქცია,იმ დროს,როცა მეორე ფეხი,ბურთის მოსაშორებლად გაიქნია.თავდამსხმელმა,ბურთი უბრალოდ შეაგორა.მესამე გოლზე კი,ისევ მარჯვენა მცველმა,6 ნომერმა,პირდაპირ კარის წინ მისცა,თავდამსხმელს ბურთი და მანაც გაიტანა.კუნთმაგრები და უტვინოებიო,ადრე ხუმრობდნენ ხოლმე სპორტსმენებზე.ჰალის მაგალითზე,სიმართლე ყოფილა.
სოსო
17:26 17-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული