მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
ტრადიციულად გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

21 იანვარი - შაბათი

"ლივერპული" - "ჩელსი" (16:30)

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" "ჩელსის" უმასპინძლებს. იურგენ კლოპის გუნდი უკანასკნელ 2 მატჩში დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "არისტოკრატები" 28 ქულით მე-10 ადგილზე არიან. დღეს დიდი ალბათობით ლონდონელთა რიგებში მიხაილო მუდრიკის დებიუტი შედგება, უკრაინელი შემტევი "ლურჯებს" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. პრემიერ ლიგის ეგიდით, გუნდებს შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. "სქაუზერებს" ტრავმების გამო: არტური, ლუის დიაში, დიოგუ ჟოტა, რობერტო
ფირმინო და ვირჯილ ვან დეიკი ვერ დაეხმარებიან. "ჩელსის" რიგებიდან: არმანდო ბროია, ბენ ჩილველი, ვესლი ფოფანა, რის ჯეიმსი, ჟოაო ფელიქსი, ნგოლო კანტე, კრისტიან პულიშიჩი და რაჰიმ სტერლინგი იუქმებენ.

"სალერნიტანა" - "ნაპოლი" (21:00)

სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, სამწუხაროდ, "პარტენოპეის" ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "სალერნიტანა" 18 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. მასპინძლებმა ბოლოს გამარჯვება 10 სექტემბერს "ლაციოს" წინააღმდეგ მოიპოვეს. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 4 შეხვედრა "პარტენოპეის" გამარჯვებით დასრულდა, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები დღესაც უდავოდ ფავორიტები არიან.

მადრიდის "ატლეტიკო" - "ვალიადოლიდი" (21:30)

ლა ლიგის მე-18 ტურში "ატლეტიკო" შინ "ვალიადოლიდს" მიიღებს. "როხიბლანკო" 28 ქულით მე-4 ადგილზეა. სიმეონეს გუნდი გასულ ტურში "ლევანტეს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. "ვალიადოლიდი" კი ზედიზედ 4 მატჩია ქულის მოპოვებას ვერ ახერხებს. ბოლოს "ინდიელები" "ვალიადოლიდთან" 2009 წელს დამარცხდნენ, ვნახოთ, შეძლებს თუ არა პაჩეტას გუნდი უსიამოვნო სერიის დასრულებას.

22 იანვარი - კვირა

"ფეინოორდი" - "აიაქსი" (16:30)

ჰოლანდიის ერედივიზონის მე-17 ტურის ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ "დე კუიპ" არენაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ფავორიტი და პრინციპული მეტოქეები "ფეინოორდი" და "აიაქსი" დაუპირისპირდებიან. მასპინძლები 37 ქულით გათამაშებაში პირველ ადგილს იკავებენ, "აიაქსს" კი რთული პერიოდი აქვს, ალფრედ შროდერის გუნდი ამ სეზონში არასტაბილურად გამოიყურება, ამსტერდამელები 32 ქულით მე-3 ადგილზე არიან და წელს ჩემპიონობაზე ფიქრი რთულ ამოცანად მოსჩანს. რა თქმა უნდა, ყველანი უხვგოლიანი მატჩის მოლოდინში ვართ.

"მანჩესტერ სიტი" - "ვულვზი" (18:00)

"მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ვულვზს" დაუპირისპირდება. "ქალაქელებმა" "იუნაიტედთან" 1:2 მარცხის შემდეგ, ხასიათი "ტოტენჰემთან" გამოისწორეს და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 იმარჯვეს. გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში 42 ქულით მე-2 ადგილზეა. რაც შეეხება "ვულვზს", ხულიან ლოპეტეგის გუნდი 17 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ბოლოს "ვულვზმა" "მანჩესტერ სიტი" 2019 წელს დაამარცხა. ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის უხვგოლიანი გამოდის, იმედია, გულშემატკივრებს იმედები არც ამჯერად გაუცრუვდებათ.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (20:30)

პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში, გათამაშების ლიდერი "არსენალი" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და ისტორიულ მეტოქეს, "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. "მეთოფეები" ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან, არტეტას გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთხელ, სწორედ "წითელ ეშმაკებთან" დამარცხდნენ. "არსენალის" ახალწვეული ლეანდრო ტროსარი, დიდი ალბათობით, განაცხადში იქნება, რაც შეეხება "იუნაიტედს", ტენ ჰაგის გუნდმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა, "მანჩესტერი" 39 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრაში 13 გოლი გავიდა, ყველანი სანახაობრივი მატჩის მოლოდინში ვართ.

"ბარსელონა" - "ხეტაფე" (21:30)

ლა ლიგის მე-17 ტურში გათამაშების ლიდერი "ბარსელონა" "ხეტაფეს" უმასპინძლებს. ხავის გუნდი ბოლო პერიოდში დამაჯერებლად გამოიყურება, "ბლაუგრანამ" ბოლო ტურში, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მადრიდის "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა, რაც შეეხებათ სტუმრებს, კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი ზედიზედ 2 შეხვედრაში დამარცხდა და გამარჯვების მოპოვება 22 იანვარსაც უნდა გაუჭირდეთ. "ლურჯ-ბროწეულისფერებს" რობერტ ლევანდოვსკი და სერხი რობერტო დააკლდებათ.

"იუვენტუსი" - "ატალანტა" (23:45)

სერია A-ს მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი "იუვენტუსსა" და "ატალანტას" შორის გაიმართება. მოგეხსენებათ, "ბიანკონერის" თაღლითობის გამო 15 ქულა დააკლეს, რის გამოც ალეგრის გუნდი ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. სტუმრები 34 ქულით მე-5 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან, გასპერინის გუნდმა ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება მოახერხა და პრინციპულ მეტოქეს კარგი განწყობით ხვდებიან. მასპინძელთა მხრიდან ტრავმის გამო შეხვედრას: პოლ პოგბა, მატიას დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი და დუშან ვლაჰოვიჩი გამოტოვებენ, ჯანპიერო გასპერინის გუნდს: ტეუნ კუპმეინერსი და სიმონე მურატორე დააკლდებათ.

"ბილბაო" - "რეალი" (00:00)

ლა ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში "რეალი" "ბილბაოს" ესტუმრება. კარლო ანჩელოტის გუნდმა დაძაბულ მატჩში "ვილიარეალი" 3:2 დაამარცხა, მასპინძლებმა კი "ესპანიოლს" 1:0 სძლიეს. "სამეფო გუნდს" ტრავმების გამო: დავიდ ალაბა, ლუკას ვასკესი და აურელინ ჩუამენი დააკლდებათ. ბასკების რიგებიდან კი იერაი ალვარესი და ინიგო მარტინესი იუქმებენ. გუნდებს შორის ჩემპიონატში გამართული ბოლო 5 მატჩი "ბლანკოსის" გამარჯვებით დასრულდა. "თეთრებს" "სან მამესზე" მძიმე მატჩი ელით...
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
17:01 21-01-2023
0
სხვა სპორტებზე რატომ არ წერთ იმდენი ქართველი თამაშობს უცხოურ რაგბში.
ლომი
17:27 21-01-2023
2

სიახლეები პოპულარული