"კლინიკის დირექტორმა მითხრა, იღბლიანი ყოფილხარ, ამ ჭრილობით რომ არაფერი დაგიზიანდაო"

AutoSharing Option
ევროპის ორგზის და მათ შორის - მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი უკვე თბილისშია და ვარჯიშსაც შეუდგა.

ვგონებ, შეხსენებაც არავის უნდა, რომ მაისში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებიდან ცოტა ხანში ის ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბისას დაჭრეს, რის შემდეგაც ინგოროყვას კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია, ხოლო გამოწერის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ამერიკაში გაემგზავრა. იქ დენვერში მკურნალობდა ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ყოფილა მოწყობილი, პარალელურად კი, ექიმების მეთვალყურეობით ფიზიკურად ვარჯიშობდა.

დათუნაშვილი
ამერიკიდან საქართველოში 27 ივნისს დაბრუნდა და მეორე დღესვე შეუდგა ვარჯიშს პირადი მწვრთნელის, ვილიამ ხარაზოვის მეთვალყურეობით. ამ პერიოდში ნაკრები ბაკურიანში იყო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, თუმცა დათუნაშვილმა იქ წასვლას თბილისში დარჩენა ამჯობინა, რადგან იქ გუნდი ფიზიკურად ემზადებოდა, მას კი ამხელა დატვირთვის ნაცვლად სპეციფიკური მომზადება სჭირდებოდა.

ბუნებრივია, ახლა ყველაზე აქტუალურია კითხვა, მოასწრებს თუ ვერა ათლეტი აგვისტოში პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებას. ამ საკითხებში გასარკვევად გუშინ დათუნაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ზურა, ამჟამად რა დატვირთვით, როგორი გეგმით ემზადებით და ძირითადად, რაზე აკეთებთ აქცენტს?
- რაც ჩამოვედი, ჩვეულებრივად დავიწყე ვარჯიში ლეიბზე, ოღონდ ჯერ უფრო მსუბუქ წონებთან ვმუშაობ. ამ ეტაპზე უფრო ტექნიკაში ვემზადები, მაგრამ ჯერ მაინც ვზოგავ თავს. სრული დატვირთვით არ ვვარჯიშობ, ამას 10 ივლისიდან დავიწყებ, რუსეთის შეკრებიდან.

- მოძრაობისას შებოჭილი ხომ არა ხართ, როგორ გრძნობთ თავს ვარჯიშებზე?
- ჩემი ნაჭრილობევის ფონზე, კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ამდენი ამბის შემდეგ შედარებით მალე ვიღლები. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგადაა. არც კი მეგონა, დროის ამ მონაკვეთში ასე კარგად თუ ვიქნებოდი.

- მწვრთნელები ან პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, მოასწრებთ აგვისტომდე, ანუ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფორმაში შესვლას?
- კი, ვიმედოვნებ ამას და უკვე დავიწყე მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამ თემაზე მქონდა საუბარი როგორც ნაკრების, ასევე პირად მწვრთნელებთან და მათთან შეთანხმებით ვემზადები.

- ამერიკაში სად იმკურნალეთ და იქ რა ტიპის ვარჯიშებს ატარებდით?
- ამერიკაში ვიყავი ქალაქ დენვერში, ერთ-ერთ სპორტულ ბაზაზე, სადაც თავისი კლინიკაც აქვთ. იქ თვითონ კლინიკის დირექტორმა გამსინჯა და მითხრა, ძალიან იღბლიანი ადამიანი ყოფილხარ, ამ ჭრილობით რომ არაფერი დაგიზიანდაო.

მერე შევუდექით ვარჯიშებს - თავიდან "პრესით" დავიწყეთ, რასაც ნელ-ნელა ვუმატებდით და ერთი თვე ასე გავაგრძელეთ. ძირითადად, ფიზიკურად ვემზადებოდით: ზემოხსენებული "პრესი", აუზი, ტრენაჟორები, ველოსიპედით სიარული და ძუნძულით სირბილი.

- ამერიკელი ექიმები რამდენად გაიმედებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფორმაში შესვლასთან დაკავშირებით?
- აქედან ცოტა შეფიქრიანებული წავედი, მაგრამ იქ დამამშვიდეს, ფორმაში შესვლასაც მოასწრებ და ჭიდაობასაცო.

* * *
შეგირდის ფორმაში შესვლისა ეიმედება ხარაზოვსაც, რომელიც კმაყოფილია დათუნაშვილის სადღეისო კონდიციებით და იმ დატვირთვებით, რასაც სპორტსმენი ამ ეტაპზე იღებს. როგორც თვითონ ამბობს, დათუნაშვილი თვის ბოლოს ნაკრების მზადებაშიც ჩაებმება და გუნდს შეკრებაზეც გაჰყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზურა წარმატებები. ჯერ მსოფლიო და მერე ოლიმპიურ ოქროს გისურვებ! მთელი საქართველო შენს გვერდითაა!!!
gurami
19:39 04-07-2017
0
უმაღლეს დონეზე გამარჯვებების გაგრძელებას გისურვებ.
სოსო
20:40 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული