ქართულ ჭიდაობაში ქარელელებს შინ ვინ აჯობებდა?!

AutoSharing Option
სოფელ ბებნისიში (ქარელის რ-ნი) ნახერხმოყრილმა საჭიდაო არენამ 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს გუნდურ პირველობას უმასპინძლა ქართულ ჭიდაობაში თბილისის სამი ("შევარდენი", "სამგორი," "ლიდერი"), კასპის, გორის, საჩხერის და ქარელის ორი გუნდის მონაწილეობით.

გუნდები ერთმანეთს 7 წონით კატეგორიაში (50, 55, 60, 65, 70, 80, მძიმე) ეპაექრებოდნენ.

საუკეთესოები ანგარიშში მცირე სხვაობით იმარჯვებდნენ, რაც ასპარეზობისადმი დიდ ინტერესზე მეტყველებს. ყველაზე დიდი ანგარიშით - 7:0 პირველივე ეტაპზე კასპს მომავალმა ჩემპიონმა ქარელის I-მა გუნდმა მოუგო.

სამწუხაროდ, კასპის რაიონი მისთვის უჩვეულოდ სუსტი სპორტსმენებით იყო წარმოდგენილი. სხვა მეოთხედფინალური დაპირისპირებები დაძაბულად
მიმდინარეობდა და ერთნაირი ანგარიშით, 4:3 დასრულდა - საჩხერემ სძლია "სამგორს", გორმა - "ლიდერს", "ქარელი II"-მა - "შევარდენს". სამივე თბილისური გუნდი გამოეთიშა პირველობას.

ნახევარფინალში საჩხერელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს "ქარელი I"-ს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ - 3:4. გორელებმა კი "ქარელი II"-ს შედარებით იოლად 5:2 მოუგეს. ამ უკანასკნელ შეხვედრაში წაგებულმა, თავის მხრივ, ასევე 5:2 აჯობა მესამე ადგილისათვის მებრძოლ საჩხერელებს. ხოლო ფინალში ერთმანეთის პირისპირ გორი და "ქარელი I" წარსდგნენ.

აქ თავდაპირველად გორელები იგებდნენ - 1:0, 2:1, მაგრამ მასპინძელთა გუნდის წევრებმა გაგა ლიჩელმა (65 კგ) და გაგა ქიტიაშვილმა (70) სუფთა გდებებით გაათანაბრეს და წინაც გაიყვანეს თავიანთი გუნდი. შემდეგ კი ნიკა სიდამონიძემ (80 კგ) საბოლოოდ განამტკიცა ქარელელთა უპირატესობა.

ბოლო შეხვედრაში, მართალია, გორელმა ოთარ გოგიძემ (მძიმე) იმარჯვა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიში შეიცვალა - 4:3. ხსენებულთა გარდა, გამარჯვებული "ქარელი I"-ის შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ვაჟა მარჯანიძე, ნიკა კაკაშვილი, ზვიად ბერუაშვილი, ნიკა სიდამონიძე, გაგა პოლიტაშვილი.

შეჯიბრება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული. საპრიზო თანხაც მათ დააწესეს.

გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო 300, ფინალისტმა - 200, მესამე პრიზიორმა 100 ლარი. პირველობას ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გვაცნობა, რომ მომდევნო კვირას სამი დიდი შეჯიბრება გაიმართება ფედერაციის ორგანიზებით: 19 სექტემბერს სოფელ ხოვლეში (კასპის რ-ნი), 21-ში - წნორში, ხოლო 22-ში - კაკაბეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული