ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ

AutoSharing Option
დღეს, 2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ქალები ჩაებმებიან - 2-4 მაისს ისინი იასპარეზებენ, ბოლო ორი დღე - 6-7 მაისი კი ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. სერბეთში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოვლენ.

დღეს ნოვი სადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან 57 და 86 კლოგრამების ფალავნები იასპარეზებენ. ხვალ - 65-97, ზეგ - 61-74-ის, 5-ში ამ სტილით ჭიდაობის ტურნირს 70 და 125 კილოგრამის წარმომადგენლები დაასრულებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ
ბმულზე
შეიძლება.

ცხადია, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე სერბეთშია, "ბერძენ-რომაელები" კი ამ დღეებში დაასრულებენ ბოლო შეკრებას და 4 მაისს გაფრინდებიან იქ.

* * *
ჩვენი ვაჟთა ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ქვეყნის ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო და საევროპო ნაკრებში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონები შეიყვანა. აქედან გამომდინარე, საკადრო ცვლილებები ორივე გუნდშია, თუმცა "თავისუფლებში" ეს უმნიშვნელოა, "ბერძენ-რომაელებში" კი უფრო საგრძნობია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში გიორგი იანტბელიძეს მხოლოდ ერთი დებიუტანტი ჰყავს - ხონელი ოთარ გოგავა (57) და მასაც პირველივე დღეს უწევს გამოსვლა.

აი, "ბერძენ-რომაელებში" ბექა როყვას ნახევარი ახალბედა ჰყავს: ლერი აბულაძე (59), გოგა გოგიბერაშვილი (66), გელა ბოლქვაძე (75) და კუკური კირცხალია (98). თუმცა დანარჩენებიდანაც ეროვნულ ნაკრებში და განსაკუთრებით - ამ რანგის პირველობაზე გამოსვლების დიდი გამოცდილებით ვერც გოგა აფრიამაშვილი (71) და ლევან არაბული (130) დაიკვეხნიან, რომლებსაც ერთი-ორჯერ თუ ექნებათ ნაჭიდავები მსგავს შეჯიბრებაზე.

ამ გუნდს ორი ლიდერი ჰყავს - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) და ევროპის შარშანდელი ფინალისტი რობერტ კობლიაშვილი (85). თუმცა გამოცდილებაზე თუ მიდგება საუბარი, ამ მხრივ "თავისუფლებს" უდავო უპირატესობა აქვთ: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125), ევროპის ორგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) და სხვები.

სამაგიეროდ, "ბერძენ-რომაელებს" ისეთი დებიუტანტები ჰყავთ, ბევრი წამყვანი ნაკრები ინატრებს: აბულაძე იანვარში გახდა 18 წლისა, თუმცა უკვე ეროვნული ნაკრების ლიდერად იქცა, გელა ბოლქვაძე კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია.

* * *
1-ელ მაისს გამართულმა წილისყრამ გამოავლინა ჩვენებურთა მეტოქეები 57 და 86 კილოგრამებში.

დებიუტანტი გოგავა (57) ჩემპიონატში საკვალიფიკაციო წრიდან ჩაებმება, სადაც ებრაელ იური ჰოლუბს დაეჭიდება, ხოლო მასთან წარმატების შემთხვევაში, თურქ სულეიმან ატლისა და სომეხ გარიკ ბარსეგიანს შორის მოგებულს დაეჭიდება.

ბადის ამავე ნახევარში ჩვენთვის საინტერესო "მამლუქთა" ერთი წყვილიცაა - ესპანეთში გადასული ლევან მეტრეველი პირველივე წრეში იტალიაში გადაბარგებულ გივი დავიდოვს ხვდება. ბადის ზედა ნახევარშია აზერბაიჯანში წასული ჩვენი ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი.

დავით მარსაგიშვილი (86) საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია და ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც ფინელ ვილლე ტაპანი ჰეინოს შეხვდება. ჩვენებურს დამაიმედებელი ბადე აქვს - ნახევარფინალამდე ტიტულოვანი არავინ ჰყავს, იქ კი, შესაძლოა, რუსთა ფალავანი გამოვიდეს, თუმცა იმათაც ახალბედა დაურენ კურუგლიევი ჰყავთ.

ცხადია, სუსტი არც ის იქნება, მაგრამ სად კურუგლიევი და სად - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, ვინც წონა შეიცვალა, 97-ში გადავიდა და ამ ჩემპიონატზე არ ჭიდაობს.

თავისუფალი სტილის ნაკრები
57 კგ. ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
65 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
70 კგ. დავით ტლაშაძე (გორი)
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები
59 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)
66 კგ. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
75 კგ. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარსაგიშვილმა ორი უკვე მოიგო
მიშა
13:39 02-05-2017
0
marsagashvili naxevarfinals chidaobs rustan da xom ar izit romel saatze ikneba?
amirani
13:44 02-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული