ლადო გენიაა, სხვა განზომილებაა - ინტერვიუ გიორგი იანტბელიძესთან

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ სადებიუტო ტურნირი წარმატებით ჩაატარა - სერბეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მისმა გუნდმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 3 ბრინჯაო.

კონტინენტის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, სულ კი კარიერაში მესამედ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) გახდა, ხოლო მესამეზე ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გავიდნენ.

იანტბელიძესთან ინტერვიუც დებიუტის მილოცვით დავიწყეთ, მერე კი მწვრთნელმა კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდის გამოსვლა შეაჯამა.

- გილოცავთ სადებიუტო ტურნირში წარმატებით გამოსვლას.
- ვერ ვიტყვი, რომ
ცუდად გამოვედით, კარგი შედეგია. ბევრი წარმატებული ქვეყანა ინატრებს 4 მედალს ევროპის ჩემპიონატზე - ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო, მაგრამ გული მწყდება, ზოგიერთ წონაში ჩვენს ბიჭებზე წინ ისეთები დადგნენ.

მაგალითად, 97 კილოგრამში თურქი რიზა ილდირიმი ნამდვილად არაა ელიზბარ ოდიკაძეზე ძლიერი, მას რომ მოუგოს, მაგრამ წილისყრიდან გამომდინარე, ოდიკაძესაც და ზურაბ იაკობიშვილსაც მეტოქეებზე თითო შეხვედრით მეტის ჩატარებამ მოუწიათ და ისინი უფრო დასვენებულები იყვნენ. თან ჩვენებს მალეც მოუხდათ შეხვედრების ჩატარება, დასვენებაც ვერ მოასწრეს.

ოდიკაძე გერმანელ სერეგელისთან, საკმაოდ ძლიერ მოლდოველ ნიკოლაი ცებანთან, ვისზეც მოლდოველები გათვლასაც კი აკეთებდნენ, და ასევე ძლიერ აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვთან ბოლომდე დაიხარჯა, თურქმა კი ორი შეხვედრა ჩაატარა და ისიც ესტონელსა და მაკედონიელთან. ალბოროვმა ერთი თვის წინ ილდირიმს თურქეთში, იაშარ დოგუს ტურნირზე მოუგო და ახლა ყველას ეგონა, რომ ოდიკაძე ჩემპიონი იყო.

- ოდიკაძე რამდენად განეწყო მასთან საჭიდაოდ, შეაფასა სათანადოდ მეტოქე?
- შეუფასებლობას ვერ ვიტყვი. უბრალოდ, 18 წუთში მოუწია საჭიდაოდ გასვლამ და თან წინა ორ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯა. თანაც ილდირიმი, მათი წესისამებრ, გაპოხილი გამოვიდა საჭიდაოდ. როგორც წესი, ისინი საგანგებო ცხიმს ისვამენ, რასაც იმშრალებენ და მსაჯი როცა ამოწმებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჭიდაობისას ოფლთან ერთად ეს ცხიმიც გამოდის გარეთ და ილდირიმიც ყინულივით იყო, ხელს ვერ მოკიდებდი.

ოდიკაძე კარგად ხვდებოდა, რაც დაკარგა - მას რეალურად შეეძლო გამარჯვება. რუსთა ჩეჩენი ანზორ ბოლტუკაევი მეორე მხარეს იყო, მაგრამ ეს არ იყო ის ბოლტუკაევი. ეგ კი არა, მას უკრაინელთა ქართველი მურაზ მჭედლიძეც უგებდა, თუმცა ბავშვური შეცდომის გამო დათმო ის პაექრობა. ძალიან გულდასაწყვეტია, ოდიკაძე ჩემპიონი რომ ვერ გახდა.

- ლადოს გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- ლადო სულ სხვა სალაპარაკო თემაა, სხვა პლანეტელია. მიჭირს მასზე ლაპარაკი. მეორე დღეს იქ მთელი დარბაზი ამ ფინალზე საუბრობდა. ნოვი სადში ბევრი ტიტულოვანი ფალავანი იყო ჩამოსული - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. მათ შორის - ბუვაისა საიტიევიც და ყველას უკვირდა, როგორი შეხვედრა შემოატრიალა ხინჩეგაშვილმა. ყველა აღფრთოვანებული იყო, თუმცა არა მხოლოდ ამ ორთაბრძოლით, ზოგადად - მისი გამოსვლით. ის აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთანაც აგებდა, მაგრამ მოუმატა და გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგაც მითხრა, ვიცოდი, რომ მოვუგებდიო.

ხიჩეგაშვილი ძალიან მაგარი მოჭიდავე და დიდი პროფესიონალია. ოლიმპიური და მსოფლიოს, აქამდე ევროპის ორგზის ჩემპიონი ხომ იყო, მაგრამ შეკრებებზე ერთი შენიშვნა არ მიმიცია. ყოველთვის ყველაზე მეტს აკეთებდა, ყველაზე მეტს იხარჯებოდა, ლეიბიდან ბოლო გამოდიოდა და კიდევ ითხოვდა სპარინგს, ვარჯიშს.

ყველაფერს მიაღწია, ყველაფერი მოიგო, რაც მოსაგები ჰქონდა, მაგრამ შეძლო ის, რომ ჩართული ყოფილიყო ჭიდაობაში. ოლიმპიადა რამდენიმე თვის დამთავრებულია, მაგრამ მაინც მოახდინა საკუთარ თავზე კონცენტრაცია და ევროპის ჩემპიონატზე მასტერ-კლასი გვაჩვენა.

- თან იზრდება, უმატებს, მუშაობს საკუთარ თავზე, რაც სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. მე მგონი, დაცვაში ახლა კიდევ უფრო მყარი იყო, ვიდრე - ოლიმპიადაზე.
- კი, მართლაც იზრდება, ზევით მიდის. კიდევ ვიმეორებ - სხვანაირი ადამიანია. ისეთი შეხვედრა შემოგვთავაზა, წაგებულიც კი კმაყოფილი იყო, ხოლო დარბაზზე არა მაქვს ლაპარაკი. თავს მართლაც ძალიან ძლიერად იცავდა. როცა დასჭირდება, იღებს ქულას, როცა უნდა - მყარად დგას. ფინალში 0:5-ის ამოქაჩვა სახუმარო ამბავი არაა, მაგრამ ლადომ ბოლომდე იბრძოლა.

- რა თქვა ამ ეპიზოდზე, რატომ გაუშვა ის ხუთქულიანი გდება?
- ჩაკაევი სუსტი მეტოქე არაა - მსოფლიოს პრიზიორი და ივან იარიგინის ტურნირის გამარჯვებულია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და იმ მომენტში ადგილიდან მოწყვიტა ლადო, ჰაერში აიტაცა, მაგრამ ხინჩეგაშვილი მაინც სხვაა.

- ეტყობა, ამ ჩაწოლებს დიდ დროს უთმობდა ვარჯიშებზე...
- თუ დააკვირდებით, როცა ეს ჩაწვა, ჩაკაევი აქეთ-იქით იყურებოდა, დაიბნა. მეტოქე იბნევა და ამასობაში რამდენიმე წამს იგებს. როცა 7-ოდე წამი გრჩება, ეს დიდი საქმეა. ტაქტიკურად ყველაფერი კარგად გააკეთა. ლადო გენიაა, სხვა განზომილებაა, ძალიან დიდი პროფესორია.

- ზურაბ იაკობიშვილი ოლიმპიადის შემდეგ თითქოს უფრო თავდაჯერებული გახდა და მასაც ეტყობა პროგრესი.
- მან ყველაფერი გააკეთა და ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, ისევ გავიმეორებ, რომ კენჭისყრის გამო მეტოქეებზე ყოველთვის მეტს ვჭიდაობდით. ნახევარფინალამდე მანაც დიდი ბრძოლები გადაიტანა. თუნდაც გერმანელ ალექსანდრ სემისოროვთან, ვინც მათი ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და იაკობიშვილმა ბრძოლაში მოუგო. თურქ მუსტაფა კაიასთანაც ბოლომდე დაიცალა და ნახევარი საათი რომ ჰქონოდა დასასვენებლად, ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვთან სულ სხვა შეხვედრა იქნებოდა.

ეს ბიჭიც უმატებს. ბეკბულატოვთან წაგების შემდეგ მაინტერესებდა მისი აზრი - რას ფიქრობდა, როგორ შეაფასებდა ტურნირს. არა, უნდა მოვიგოო, ისეთი სიტყვებით მითხრა, მივხვდი - სხვანაირად იყო მომართული და ამ ეტაპზე ძალიან ძლიერია. ეს დაამტკიცა კიდეც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საკმაოდ ძლიერ აზერბაიჯანელ გიტინომაგომედ გაჯიევთან, ვინც არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე და ჩვენზე უკეთესი პირობებიც აქვს, შანსი არ მისცა.

დასანანია, რადგან იაკობიშვილიც და ოდიკაძეც უფრო მეტს იმსახურებდნენ.

- გენო პეტრიაშვილი რამდენად კარგად იყო მომზადებული და რა დააკლდა თურქ ტაჰა აკგულისთან მოსაგებად, ან სამომავლოდ რა უნდა მოვუხერხოთ მას?
- გენო ფიზიკურად კი არის 125 კილოგრამი, მაგრამ ჯერ მაინც პატარაა - 23 წლის, რაც მძიმე წონისთვის პატარა ასაკია. აკგული გამოცდილია - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია. ის რომ მსოფლიოსა და ევროპის პირველობებს იგებდა, გენო მაშინ ჭაბუკებში ჭიდაობდა.

ამ ერთი შეხვედრით დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. პეტრიაშვილი მაგარია და აუცილებლად, ყოველდღიურად მოუმატებს. მსოფლიოზე ის ბევრად უფრო მაგარ ფორმაში იქნება და, საერთოდაც, მომავალში ძალიან მაგარი მოჭიდავე გახდება და აკგულის კიდევ ერთხელ გაამწარებს. შეიძლება, ეს უახლოეს მომავალშიც მოხდეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- მომავალში რომ დიდ მოჭიდავედ იქცევა, მეც გეთანხმებით, მაგრამ დღეს თითქოს ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის უფროსებში.
- გეთანხმებით მაგაში. ზოგადად, სერბეთში წილისყრამ არ გაგვიმართლა - ყველას ისეთი ბადე შეხვდა, არც ერთი შეხვედრა არ იყო იოლი. გენომაც პირველად რუსს მოუგო, მერე - ეს თურქი შეხვდა. ხომ შეიძლება, ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რომ პეტრიაშვილი მსოფლიოზე ბევრად ძლიერი იქნება.

- ისევ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: გულდასაწყვეტი რა იყო?
- ბოლო წამებზე წაგებული ის ორი შეხვედრა - 86 კილოგრამში დავით მარსაგიშვილის მარცხი ნახევარფინალში 7 წამით ადრე რუს დაურენ კურუგლიევთან და 74-ში ავთანდილ კენჭაძის წაგება 1 წამით ადრე სომეხ გრიგორ გრიგორიანთან.

მარსაგიშვილი ფინალში რომ გასულიყო, კაცმა არ იცის, იქ რა მოხდებოდა, კენჭაძე კი მედალს აუცილებლად მოიპოვებდა. ის ახალგაზრდაა და ისევ იზრდება, მარსაგიშვილი კი, იმედია, მოუმატებს და უფრო მეტად მოინდომებს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მან მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო და ხერხემალზე ოპერაციაც გაიკეთა. მის წაყვანა-არწაყვანაზეც კი იყო ლაპარაკი, თუმცა მეორე-მესამე ნომრებმა საერთაშორისო ტურნირებზე ღირებული ვერაფერი გვაჩვენეს. ამიტომ ისევ მარსაგიშვილი წავიყვანეთ. თუმცა ფაქტია, რომ მან ორი შეკრება ბოლომდე ვერ გაიარა.

- დაბოლოს, რომელი იქნება თქვენი უახლოესი ტურნირი და - მსოფლიოსთვის შესარჩევი შეჯიბრება?
- 20 მაისს დაღესტანში მივდივართ "კავკასიის თასზე", რომელიც "გუნდი გუნდზე" ფორმატით ტარდება და მასში მხოლოდ ოლიმპიური წონებია დაშვებული. ეს სტარტისთვის კარგი შანსია, ივნისში კი კარტოზიას და ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირია, სადაც ბევრი ქვეყანა აპირებს ჩამოსვლას. ახლა სერბეთშიც ყველა გვეკითხებოდა პირობებს, რა და როგორ იქნებაო. თან ერთობლივი შეკრებებიც ტარდება და ყველას უნდა ჩვენთან ვარჯიში.

ამ ტურნირის შემდეგ გამოიკვეთება გუნდი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ ევროპის ახლანდელ მედალოსნებს. ისინი თბილისში კი გამოვლენ, მაგრამ გათავისუფლებული იქნებიან შესარჩევის პასუხისმგებლობისგან. ოღონდ აქ გამოსვლაც იმაზეა დამოკიდებული, ვინმეს წონის დაკლების პრობლემა ხომ არ ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული