ლიცენზიანტი ლადო ხინჩეგაშვილი - მიულერას ბიჭი

AutoSharing Option
ლადო ხინჩეგაშვილი
თავისუფალი ჭიდაობა (55 კგ).
დაიბადა: 1991 წლის 18 აპრილს, გორში.
დიდებში - ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტი, საქართველოს ჩემპიონი და ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ახალგაზრდებში - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2010; 2011) და მესამე პრიზიორი (2008), ორჯერ (2008, 2011) მოიგო ევროპის პირველობა და გახდა მეორე პრიზიორი (2010), ჭაბუკებში - საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი (2008).
პირველი მწვრთნელი: არკადი ხინჩეგაშვილი, მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი.
ჰობი: ფეხბურთი.
ოლიმპიადის დებიუტანტი

2011 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დარბაზში გუნდების წარდგენისას, კულისებში მდგარ რუსეთის ნაკრების
ადმინისტრატორს ალექსანდრ პოპოვს ქართველი მწვრთნელებისთვის ლადო ხინჩეგაშვილისა და დავით მარსაგიშვილის დანახვაზე გულისტკივილით უთქვამს: "აბა, ესენი ოქროსთან ვის მიუშვებენ, მაგათ წონებში გამარჯვების იმედი ნამდვილად არა გავქვსო".

საქართველოს ნაკრების ამ ორ ლიდერს მაშინ ყველანი უკვე კარგად იცნობდნენ. თვით რუსებიც კი წინასწარ შეურიგდნენ მარცხს. პოპოვსაც იმ შეჯიბრებაზე ალღომ არ უმტყუნა, ქართველმა ბიჭებმა პირველობა მართლაც არავის დაუთმეს და ბოლო ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაამთავრეს.

ლადო ხინჩეგაშვილისთვის კი შთამბეჭდავი წარმატებები 2008 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ორკვირიან მონაკვეთში ევროპის ჩემპიონი გახდა ჯერ კადეტთა, შემდეგ ახალგაზრდებს შორის. სამი კვირაც არ გასულიყო და ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ერგო.

დებიუტანტისგან ეს შედეგები ნამდვილ საოცრებად მოინათლა. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს გორის დარბაზში მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ოთახში ვხვდებოდი, როდესაც კრივის ცნობილი სპეციალისტი ავთო შოშიაშვილი შემოვიდა ბატონი ნუგზარისა და მისი შეგირდებისთვის წარმატების მისალოცად და უწინ ის იკითხა, "მიულერას ბიჭი რომელიაო".

ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გორელი გია ხინჩეგაშვილის თაობაზე მეც მსმენოდა, მაგრამ საერთაშორისო საჭიდაო ასპარეზზე ახალგაბრწყინებული ლადო ხინჩეგაშვილი მისი ვაჟი თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი.

გიას გორის სპორტულ სამყაროში დიდად აფასებდნენ და მეტსახელად "მიულერას," ფეხბურთის და კერძოდ, გერდ მიულერის დიდი სიყვარულის გამო ეძახდნენ. ლადოსაც ბავშვობიდან მშობლიურ ქალაქში სულ ასე "მიულერას ბიჭად" იცნობენ.

სამწუხაროდ, გიას ჭიდაობაში წარმატებების გაგრძელება აღარ დასცალდა, ტრაგიკულად დაიღუპა. მამამ, მიუხედავად სურვილისა, ლადოს ჭიდაობაზე მიყვანაც ვერ მოასწრო. თუმცა მისმა მეგობრებმა იაქტიურეს და 8 წლის ბიჭი ნუგზარ სხირელთან დარბაზში წაიყვანეს, ვარჯიშს კი ახალგაზრდა მწვრთნელის, არკადი ხინჩეგაშვილის მეურვეობით შეუდგა.

"ლადოს წარმატებები უმცროსი ასაკიდანვე უწყვეტად მოდის, რაც, ბუნებრივია, უზომოდ მახარებს. ჩემს მეუღლეს კი უნდოდა შვილის ჩემპიონად გაზრდა, მაგრამ არ ჩქარობდა ჭიდაობაზე მიყვანას.

ახლა რასაკვირველია მიხარია, რომ მამის გზას წარმატებით აგრძელებს"
, - აბობს ლადოს დედა, ქალბატონი ქეთევანი.

ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ლადომ გულისტკივილით მითხრა: წარმომიდგენია მამა ჯერ კიდევ მაშინ როგორ გაიხარებდა, ახალგაზრდულში მისი მიღწევები რომ გავიმეორე, ახლა სულაც ოლიმპიადაზე რომ ვენახე, რა იქნებოდაო...

ასე თუ ისე, უმამოდ გასწია ლადომ ჭაპანი საჭიდაო ხალიჩაზე და უკვე 21 წლისამ იმდენს მიაღწია, ბევრისთვის აუხდენელ ოცნებად რომ რჩება.

სხვათა შორის, ლადოს და - გვანცაც წარმატებული სპორტსმენია. ცურვაში რამდენჯერმე მოიგო საქართველოს პირველობა, უასპარეზია საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ბუნებით მშვიდ და გაწონასწორებულ ათლეტს ემოციური, აქტიური და შემტევი სტილით ასპარეზობა ხიბლავს.

"მე ვერ დაველოდები, როდის გააქტიურდება და შემომიტევს მოწინააღმდეგე. ვერც იმის იმედად ვიქნები, რომ ფრეს შემთხვევაში, ბურთულა ჩემს სასარგებლოდ დაჯდება და მეტოქის ფეხის დაჭერის უპირატესობას მაინცდამაინც მე მომცემს.

თუმცა გაუაზრებელი შეტევაც არ არის მისაღები. ზოგჯერ კი, მოწინააღმდეგის მოქმედებას უნდა დაელოდო, რადგან ასეთებთან შეიძლება ერთი შეცდომაც საბედისწერო გამოდგეს"
, - ამბობს ლადო.

ერთხელ სხირელმა გვითხრა: "ხინჩეგაშვილმა პირველი პერიოდი კიდეც რომ წააგოს, ნაკლებად ვღელავ, რადგან მჯერა, მომდევნოში თავისას მაინც გაიტანსო".

მაგალითად, შარშანწინ, ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში ოთხივე შეხვედრა ქულებში ჩამორჩენით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაში გაიმარჯვა და პირველობა მოიპოვა.

თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა არაა მისთვის დამახასიათებელი. შარშან უფროსებში მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატში პირველი ორი მეტოქე საერთო ანგარიშით 25:0 ჩამოიშორა გზიდან. მსოფლიოს ჩემპიონატში კი პირველი სამი მოწინააღმდეგე 39:0 (!) გააცამტვერა.

სტამბულში გამართულ 2011 წლის მსოფლიოს ამ ჩემპიონატს მაინც უსიამოვნოდ იგონებს. ხსენებული სამი შეხვედრის ასე იოლად მოგების შემდე ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი გადაეყარა. ეს მეტოქე ცოტა ხნით ადრე თურქეთშივე იაშარ დოგუს ტურნირზეც ჰყავდა დამარცხებული და პირველი პერიოდი მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოუგო, მეორესაც 2:0 უგებდა, მაგრამ პერიოდის დასრულებამდე 4 წამით ადრე ორქულიან გდებაზე მოჰყვა.

ფილა-ს ვებ-გვერდზე ჩანაწერში ჩანს, რომ გდებისას ტაბლოზე დრო ამოწურული იყო. პროტესტი არ განიხილეს (?). ლადო ფსიქოლოგიურად გატყდა და მესამე პერიოდი დათმო.

მომდევნო მეტოქე ირანელ ჰასან რაჰიმთანაც თითქმის იგივე მოხდა, ოღონდ ამჯერად ბოლო წამებზე ხინჩაგაშვილმა შეასრულა გდება. აქ კი პროტესტი მიიღეს და ქართველს ქულები წაართვეს!

"ეს უკვე მეტისმეტი იყო, მეც მესამე პერიოდში ჩემს თავს აღარ ვგავდი და წავაგე. გარკვეულწილად ალბათ იმანაც უარყოფითად იმოქმედა, რომ დიდებში სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატს ვჭიდაობდი. ყველაფერის მიუხედავად მაინც საკუთარ თავს ვთვლი დამნაშავედ, მაქსიმალისტი ვარ და მევალებოდა, ლიცენზია და სულაც ჩემპიონობაც მომეპოვებინა, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული!"
- იხსენებს ლადო.

ლონდონის საგზური პირველივე სალიცენზიო შეჯიბრებაზე სოფიაში მაინც აიღო ხინჩეგაშვილმა. ცნობილია, რომ ოლიმპიადაზე ველიკოვიც და რაჰიმიც იქნებიან. ასე რომ, ჩვენს ფალავანს, შესაძლოა, რევანშის შანსიც მიეცეს.

მათ გარდა ოლიმპიადაზე მთავარ კონკურენტად ხინჩეგაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქმედ ჩემპიონს, ტიტულოვან ჯამალ ოთარსულთანოვს მიიჩნევს.

ლონდონშივე ერთ-ერთი კონკურენტი მისთვის კარგად ნაცნობი თურქი აჰმედ პეკერი იქნება, რომელსაც ხუთჯერ შეხვედრია და დადებითი ბალანსი აქვს.

ლადო ოლიმპიადისთვის მთელი ჟინით ემზადებოდა და როგორც აცხადებს, ერთადერთ მიზნად მხოლოდ ოქროს მედლის მოპოვება აქვს დასახული.

თხრობას ნუგზარ სხირელის სიტყვებით დავასრულებთ: "ხინჩეგაშვილი მზარდი პოტენციალის ფალავანია. ხმამაღალ ნათქვამად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მჯერა, რომ ის მომავალში უთუოდ დაიპყრობს ყველა იმ მნიშვნელოვან სიმაღლეს, რაც კი მის სახეობასა და წონაშია".

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტი დავით მარსაგიშვილი - ფავორიტი ყაზბეგიდან
ლიცენზიანტი დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი
ლიცენზიანტი მაიკო გოგოლაძის იღბლიანი წელიწადი
ლიცენზიანტი ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება
ლიცენზიანტი რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა
ლიცენზიანტი რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან
ლიცენზიანტი სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ
ლიცენზიანტი გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
ლიცენზიანტი ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე
ლიცენზიანტი ირაკლი თურმანიძე
ლიცენზიანტი ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ
ლიცენზიანტი ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთიიი ქართლის სიამაყე... წარმატებებიი და ოქროს მედალი... მე მჯერა შენი წარმათების.... უფალი გფარავდეს....
mixana
10:10 04-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული