ევროპის ერთა თასი: საქართველო "ბებერ კონტინენტზე" უძლიერესია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები "ევროპის ერთა თასის" მფლობელია. ჩვენმა ნაკრებმა ეს წარმატება შაბათს რუმინეთში მოიპოვა, როცა ფინალში მეტად დამაჯერებლად - 6:2 დაამარცხა რუსეთის ნაკრები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს გუნდური ტურნირი წლეულს მეშვიდედ გაიმართა, თუმცა პირველად ჩატარდა მოსკოვის გარეთ და ჩვენები ასევე პირველად გახდნენ მისი გამარჯვებულები.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტურნირი არ იყო ადრინდელივით ძლიერი - აზერბაიჯანი საერთოდ არ წავიდა. ხოლო რუსებმა სათადარიგო გუნდი გამოიყვანეს, თუმცა ეს მათი პრობლემაა, ჩვენების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ შანსი სრულად გამოიყენეს და ყველა შეხვედრა
დიდი აღმავლობით, საგრძნობი უპირატესობით ჩაატარეს. რუსების თუნდაც სათადარიგო გუნდთან ასეთი ანგარიშით მოგებაც არაა სახუმარო საქმე. თან ჩვენებმა ჭიდაობის საკმაოდ კარგი ხარისხი აჩვენეს.

ბუქარესტში ჩვენები ქვეჯგუფში უკრაინასა და მასპინძელ რუმინეთთან ერთად მოხვდნენ და ორივესთან წარმატებით იასპარეზეს - თავდაპირველად უკრაინას 5:3 მოუგეს, მერე კი მასპინძელთა გუნდს 8:0 სძლიეს.

უკრაინასთან ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა - არჩილ ქიტიაშვილმა და დავით პოღოსიანმა ცოტათი ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენეს და არ აჭიდავეს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61). შეხვედრაც მარცხით დავიწყეთ - ბექა ბუჯიაშვილმა (57) წააგო პეტრო ბელეჩუკთან, თუმცა ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61) იქვე გაათანაბრა ვასილ შუპტართან მოგებით. შეხვედრა ამის შემდეგაც ქულა-ქულაში წარიმართა - ჯერ ზურაბ იაკობაშვილი (65) დამარცხდა, მერე კი ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით ტლაშაძემ (70) მოუგო ვასილი მიხაილოვს და საერთო ანგარიში კვლავ გაათანაბრა: 2:2.

ზურაბ ერბოწონაშვილმა (74) დაგვაწინაურა ალექსეი შერბაკთან გამარჯვებით, მაგრამ ირაკლი მწითურმა (86) წააგო ბოგდან გრიცაისთან და ანგარიში 3:3 გახდა.

დარჩენილ ორ შეხვედრაში ჩვენები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ - ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი მურაზ მჭედლიძე დაამარცხა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125) კი ჩვეულ სტილში დანილა კარტავი გაანადგურა წმინდად.

რუმინელებთან შეხვედრაში ჩვენმა მწვრთნელებმა სამივე დამარცხებული ფალავანი შეცვალეს და მათ ნაცვლად ოთარ გოგავა (57), ევროპის პრიზიორი კოტე ხაბალაშვილი (65) და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86) დააყენეს. თუმცა მოგებულთაგანაც შეცვალეს ორი – ლომთაძის ნაცვლად შანსი ხინჩეგაშვილს მისცეს, ერბოწონაშვილის მაგივრად კი ევროპის პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი გამოიყვანეს.

როგორც შემცვლელებმა, ასევე ტლაშაძემ, ოდიკაძემ და პეტრიაშვილმაც მოიგეს და რუმინელებს ერთი შეხვედრაც არ დაუთმეს - 8:0.

ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევდა ხინჩეგაშვილის პირველი სტარტი ოლიმპიადის შემდეგ და დარბაზშიც გაისმოდა მისი მხარდასაჭერი "გეორგია, გეორგია", მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა შეხვედრა მარცხით დაიწყო მარინ ფილიპთან - ორი ქულა დაკარგა, თუმცა შეხვედრის განახლებისთანავე ხინჩეგაშვილმა დაბლა ჩაყვანით იოლად გაქვითა ანგარიში, იქ კი ზედიზედ სამჯერ დაატრიალა. საბოლოოდ ჩვენმა ლიდერმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო და პირველივე პერიოდში იმარჯვა სუფთად - 12:2.

ფანტასტიკური გდება გააკეთა ამინაშვილმა - ევროპის მესამეპრიზიორ სტეფან გეორგიტასთან თითქოს უჭირდა, მაგრამ ბოლოს კარგად შეეკრა და დგომიდან პირდაპირ ბეჭებზე გადააგდო. კარგად იჭიდავა გოგავამაც, ვინც თავი მთლიანად ტურნირზე წარმოაჩინა კარგად. პეტრიაშვილს ვერც პაპეშ ჩინტოანუმ გაუწია ოდნავი წინააღმდეგობა, თუმცა ჩვენი გუნდის სხვა წევრებმაც კარგად იასპარეზეს.

ფინალში ჩვენების მეტოქე რუსეთის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად, მაინც იოლად აჯობა პოლონეთს და ბელორუსს. ჩვენმა მწვრთნელებმა ისევ გადაახალისეს შემადგენლობა, თუმცა ამჯერად მხოლოდ მჩატე წონებში - ხინჩეგაშვილი და მაქარაშვილი ისევ დაასვენეს და შემადგენლობას ლომთაძე და ერბოწონაშვილი დაუბრუნეს. ამ ცვლილებიდან მხოლოდ მეორემ გაამართლა.

როგორც გითხარით, ჩვენებმა რუსებსაც დამაჯერებლად მოუგეს, თუმცა ერთი ნიშანდობლივი ფაქტი კი გამოიკვეთა - რუსთა მეტ-ნაკლებად ცნობილ ფალავნებთან წავაგეთ. მაგალითად, ლომთაძე 4:6 დამარცხდა ახმედ ჩაკაევთან, ამინაშვილმა კი შამილ აბდურახმანოვთან 1:3 წააგო. რუსთა გუნდში ესენი იყვნენ მეტ-ნაკლებად გამოცდილები, რომლებიც პერიოდულად იქაურთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შედიან, სხვები კი გამოცდილების მისაღებად ჰყავდათ წაყვანილი.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა დამაჯერებლად მოიგეს. განსაკუთრებით ძლიერად იაკობაშვილმა, ერბოწონაშვილმა და პეტრიაშვილმა იასპარეზეს. ამათგან იაკობაშვილმა და პეტრიაშვილმა სუფთად, 10:0 მოუგეს, შესაბამისად, მურად ნუხკადიევს და ბეკხან დუკაევს, ერბოწონაშვილმა კი 11:4 აჯობა ხუსეინ სიუნჩევს. ამ წარმატებას სამივემ ჩოქბჯენში მიაღწია, როცა იქ ჩაყვანილი მეტოქეები წაღმა-უკუღმა ატრიალეს თავის ნებაზე, ვიდრე 10-ქულიან სხვაობას არ გამორჩნენ, მაგრამ პეტრიაშვილმა ეს წელში შეკვრიდან გააკეთა, დანარჩენებმა კი ფეხიდან ატრიალეს "ჯვარზე". ეს უფრო დახვეწილად ერბოწონაშვილს გამოუვიდა, ვინც საკმაოდ მაღალ ტემპში გააკეთა ეს.

11:4 იმარჯვა ტლაშაძემაც ილდუს გინიატულინთან, ვინც ტურნირზე სამივე შეხვედრაში იმარჯვა. გოგავამ ორი პაექრობა ჩაატარა და ორივეში იმარჯვა - ფინალში რასულ მაჩეზოვი დაჯაბნა, ოდიკაძემ კი ევგენი კოლომიეცს აჯობა.

საქართველო-რუსეთი: 6:2
ოთარ გოგავა 4:1 რასულ მაჩეზოვი
ბექა ლომთაძე 4:6 ახმედ ჩაკაევი
ზურაბ იაკობაშვილი 10:0 მურად ნუხკადიევი
დავით ტლაშაძე 11:4 ილდუს გინიატულინი
ზურაბ ერბოწონაშვილი 11:4 ხუსეინ სიუნჩევი
სანდრო ამინაშვილი 1:3 შამილ აბდურახმანოვი
ელიზბარ ოდიკაძე 6:0 ევგენი კოლომიეცი
გენო პეტრიაშვილი 10:0 ბეკხან დუკაევი.

"ბერძენ-რომაელთა" ჩხუბი და მარცხი
სამწუხაროდ, "თავისუფალთაგან" განსხვავებით, დადებითს ვერაფერს ვიტყვით "ბერძენ-რომაელთა" გამოსვლაზე, რომლებმაც თავი რუსებთან ჩხუბით უფრო გამოიჩინეს, ვიდრე - ჭიდაობით: ბრინჯაოსთვის შეხვედრა მასპინძელთა არცთუ ძლიერ გუნდთან 4:4-ზე დამატებითი მაჩვენებლებით, ქულათა უარესი შეფარდებით დათმეს და მეოთხე ადგილზე დარჩნენ. არადა, ჩვენები ბუქარესტში ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ წასულნი.

ტურნირში გამოსვლა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმაც" 5:3 მოგებით დაიწყეს, ოღონდ ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში უკრაინელთა ნაცვლად ამათ ბულგარეთს მოუგეს.

სამწუხაროდ, მეორე შეხვედრაში ჩვენები ვერაფერს გახდნენ ქართველი მწვრთნელის - გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილ და ქართველი კაპიტნით, ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძით (85) გაძლიერებულ რუსებთან (მათ შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი - ირაკლი კალანდიაც (75) ჰყავდათ) და 1:6 წააგეს.

სწორედ აქ მოხდა ზემოაღნიშნული ჩხუბი, რის გამოც, სავარაუდოდ, ჩვენი ფედერაცია ფინანსურ სანქციებს ვერ ასცდება. ჩხუბი 80 კილოგრამში ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილსა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან იმილ შარაფეტინოვს შორის მოხდა ჩვეულებრივ საჭიდაო ეპიზოდში, როცა მეტოქის უხეშობას ქართველმა ხელის კვრით უპასუხა. ეს კიდევ არაფერი - ინციდენტი აქ რომ დასრულებულიყო, დათუნაშვილის გაფრთხილებით ან რამე ამგვარი უმნიშვნელო სასჯელით დასრულდებოდა, მაგრამ ვითარება დაამძიმა იმან, რომ ტრიბუნიდან ჩვენი მოჭიდავეები გადავიდნენ ხალიჩაზე და რუსი მსაჯებმა ძლივს გაარიდეს.

- მიხეილ მამიაშვილი: დათუნაშვილმა და შარაფეტდინოვმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს
- ქართველმა მოჭიდავემ რუს სპორტსმენთან იჩხუბა [VIDEO]

ახლა ჩვენს ორივე ნაკრებს ზუსტად ერთ კვირაში ბაქოში ზემოაღნიშნული "გოლდენ გრან პრის" ფინალური ტურნირი ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული