ქართულ საკლუბო ფეხბურთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაღმასვლის ხანა დაუდგა, ეს კი სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, იმითაც იყო გამოწვეული, რომ უამრავი პრობლემის ფონზე ფეხბურთისთვის არავის ეცალა. თუმცა, მანამდე იყო აღმასვლა, ბევრი ჯილდო და დიდი აღიარებაც.
ბოლო პერიოდში ქართულმა ფეხბურთმა ისევ დაიწყო განვითარება, ამაში კი ფეხბურთელებთან ერთად პარტნიორ კომპანიებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვითიბი ბანკის" როლი, რომელიც თავისი აქტივობებით მუდმივად ცდილობს, ქართული ფეხბურთი ძველებურ სიმაღლეზე დააბრუნოს.
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და ინტერნაციონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.
ყიფიანის, ჩივაძის, ხურცილავას, მესხის და მეტრეველის ეპოქა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დასრულდა და დაიწყო ახალი, დამოუკიდებლობის შემდგომი ერა, სადაც მთავარ ვარსკვლავებად თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და სხვები მოგვევლინნენ.
მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის გადასაფარად აუცილებელი იყო, მსოფლიოს ეღიარებინა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ საქმეში ფეხბურთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა.
საბჭოთა კავშირის საზღვრებში ჩაკეტილმა ფეხბურთელებმა ნელ-ნელა ევროპაში მოღვაწეობა დაიწყეს და საკუთარი ქვეყნის სახელი მრავალჯერ გააჟღერეს ევროტურნირებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის ლიგებში…
"ანორთოსისის" ლეგენდა თემურ ქეცბაია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს სახელი ევროპის მასშტაბით გაიტანა. ის 1992 წელს თბილისის "დინამოდან" კვიპროსულ "ანორთოსისში" გადავიდა, სადაც კარიერის განმავლობაში 3-ჯერ დაბრუნდა (ერთხელ ფეხბურთელის რანგში, ორჯერ კი მწვრთნელის სტატუსით).
შემდეგ იყო საბერძნეთი, რასაც ქეცბაიას ბრიტანული ეპოქა მოჰყვა.
თემურ ქეცბაია 1997 წელს "ნიუკასლის" მოთამაშე გახდა და ამ გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ამოტვიფრა…
1997 წლის 27 აგვისტო
თემურმა გატანილი გოლი მისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით აღნიშნა.
შოთა არველაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 61 მატჩში გატანილი 26 გოლით.
შოთას კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოს", თურქული "ტრაბზონსპორის", ჰოლანდიური "აიაქსისა" და "ალკმაარის", შოტლანდიური "რეინჯერსისა" და ესპანური "ლევანტეს" რიგებში უთამაშია და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, თუმცა ამ სტატიაში მის ყველაზე ლამაზ გოლს გამოვარჩევთ.
2007 წლის 27 იანვარი
მატჩის 23-ე წუთზე შოთა არველაძეს ულამაზესი გოლი გააქვს. მკერდით იღებს, მეტოქის მცველს ელეგანტურად მარჯვენა ფეხით თავზე უგდებს და მარცხენით ყუმბარისებურად ურტყამს. მეკარეს შანსი არ აქვს, ბურთი ხარიხას ხვდება და მეტოქის კარში აღმოჩნდება.
კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს მან 2-ჯერ მოახერხა.
პოზიციიდან გამომდინარე, კალაძეს არასდროს ევალებოდა გოლის გატანა, მისი მთავარი ფუნქცია კარის მშრალად შენახვა იყო, რასაც თავს შესანიშნავად ართმევდა. სწორედ ამ მიზეზით გაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 9 წელი იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.
2006 წლის 14 აპრილი
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე დარჩენილი 5 ტური იყო. გათამაშებას მილანის "ინტერი" ლიდერობდა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა უკვე გაფორმებული ჰქონდა.
"მილანი" კი ოთხეულისთვის იბრძოდა და აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, ამას კი ისიც ემატებოდა, რომ ეს კლუბები ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებიან. ისინი არა მარტო ერთ ქალაქს წარმოადგენენ, არამედ არენაც საერთო აქვთ.
კახა კალაძემ მთავარი მეტოქის წინააღმდეგ მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე კლარენს ზეედორფის პასით გაიტანა.
საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი, მოულოდნელად, თავდამსხმელების დასახმარებლად ჩასული ქართველისკენ წავიდა, რომელმაც ბურთი მკერდით დაამუშავა და მარცხენა ფეხით ჟულიო სეზარის კარში გადაგზავნა.
"კალაძე, კალაძე" - სკანდირებდა ქართველი ფეხბურთელის გვარს ადგილობრივი კომენტატორი.
ლევან კობიაშვილი თამამად შეგვიძლია არა მარტო ქართული, არამედ გერმანული ბუნდესლიგის ლეგენდადაც მივიჩნიოთ.
ქართველი პირველ ადგილს იყოფს ბრაზილიელ ზე რობერტოსთან ერთად იმ უცხოელ ფეხბურთელებს შორის, ვისაც გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული.
კობიაშვილი მთავარ ლიგაში 336-ჯერ გავიდა მოედანზე.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დიდი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა, მას საკლუბო კარიერაში მნიშვნელოვანი გოლები მაინც გატანილი აქვს.
ის ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ეს მან პსვ-სთან მატჩში შეძლო.
2006 წლის 5 ნოემბერი
ლევან კობიაშვილმა ულამაზესი გოლი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოლივერ კანს გაუტანა და "შალკე" 2:0 დააწინაურა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით უძლიერესი დარტყმით აიღო. ოლივერ კანს შანსიც არ ჰქონია.
ქართველები საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და მას შემდეგაც გამოირჩეოდნენ საფეხბურთო ნიჭითა და ინდივიდუალური ოსტატობით.
ამ მხრივ კი ნამდვილად გამორჩეული იყო გიორგი ქინქლაძე, რომლის მთავარი პრობლემა ქართული ხასიათი იყო.
გიორგიმ შესანიშნავი პერიოდი გაატარა "მანჩესტერ სიტიში", რომელიც თანამედროვე ფეხბურთის გრანდად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში ბოლო წლებში უამრავმა ვარსკვლავმა ითამაშა, გულშემატკივრების გულებში ქართველი მაინც მთავარ ლეგენდად დარჩა.
1996 წლის 16 მარტი
გიორგი ქინქლაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს იღებს, მეტოქის კარისკენ მიიწევს, გზად რამდენიმე ფეხბურთელს უმარტივესად იშორებს და მეკარეს ბურთს თავზე უგდებს.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლებისა, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლუბის სახელით გაიტანეს.
იმისთვის, რომ ქართველებმა მომავალშიც გააგრძელონ მნიშვნელოვანი გოლების გატანა, აუცილებელია, მეტი ბავშვი ჩაერთოს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში.
ბავშვების ჩართულობის გაზრდა "ვითიბი ბანკის" ფედერაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამიტომ სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად "ვითიბი ბანკი" ორი მნიშვნელოვანი საბავშვო ტურნირის - "ვიტალი დარასელიას სახელობის თასისა" და თბილისის ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩემპიონატის მხარდამჭერი და დამფინანსებელია.
"ვითიბი ბანკის" მიერ ბავშვთა საფეხბურთო ტურნირებისა და ზოგადად, ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად შეუწყობს ხელს იმას, რომ მომავალში ქართველმა გულშემატკივრებმა მათი საყვარელი ფეხბურთელები უმაღლესი დონის კლუბებში იხილონ.
წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიცია ხელს უწყობს მომავალში წარმატებული მოთამაშეების ჩამოყალიბებას - "ვითიბი ბანკი" კი ამ მხრივ ქართული ფეხბურთის მთავარი პარტნიორია.