საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვატო არველაძემ გიბრალტართან მატჩამდე კომენტარი გააკეთეს.
გუშინ, 6 ივნისს ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა და ფეხბურთელებმა საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრეს.
გუნდის ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს:
"სამწუხაროდ, ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ბევრი ახალგაზრდაა ნაკრებში და მწვრთნელიც მისცემს მათ თავის გამოჩენის შანსებს აღნიშნულ თამაშებში.
ორივე შეხვედრა რთული იქნება, რადგან გამოცდილება წინა ხაზში განსაკუთრებით დაგვაკლდება, თუმცა ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც შემდეგი თამაში ვერ უნდა მოვიგოთ.
მხოლოდ 3 ქულისთვის ვემზადებით და ამასთანავე, ძალიან საინტერესო იქნება იმ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც სამომავლო იმედებს გვაძლევენ".
პოლონური "კორონას" თავდამსხმელი ვატო არველაძე დღევანდელი შეხვედრის მიმართ პირად განწყობაზე საუბრობს:
"ნაკრებში ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე, ძალიან სასიხარულო. მეორე შეკრებაზე ყველაფერი გამიადვილდა და თამაშისას ვეცდები ქართველი გულშემატკივრის გახარებას".
აღნიშნული შეხვედრა "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 დაიწყება. ბილეთების შეძენას ამ ბმულის საშუალებით შეძლებთ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით