"ჩვენთვის წარმატება ვერ იქნება "შერიფის" გაგდება, წარმატება არის, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები"

AutoSharing Option
10 ივლისს ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

Sportall.ge "ბენდელას" ესტუმრა, სადაც "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს მოახლოებულ მატჩებზე და ეროვნულ ლიგაზე ესაუბრა.

- "საბურთალოს" ბოლო პერიოდში სამი ახალი ფეხბურთელი შეურთდა - გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გაბედავა და ლაზარე კუპატაძე. აპირებთ თუ არა სხვა ფეხბურთელების დამატებას და რამდენად კმაყოფილი ხართ შევსებით?
- სიტუაცია ისე არ არის, რომ რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე მოთამაშე გვაკლია, თუმცა ჩვენი სტრატეგია გულისხმობს, რომ კლუბს გაძლიერება ყოველთვის სჭირდება. ტრანსფერები,
რომლებიც განვახორციელეთ, იმ პოზიციებს ეხებოდა, სადაც მოთამაშეები რეალურად გვჭირდებოდა.

ლაზარე კუპატაძე "საბურთალოს" აღზრდილია და ეს სახლში დაბრუნებას ნიშნავს. აქ ახალი და შესაგუებელი არაფერია. გიორგი რეხვიაშვილიც ჩვენთან თამაშობდა და დაგვიბრუნდა. მისი წასვლაც მტკივნეული იყო.

გიორგი გაბედავას რაც შეეხება, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება. წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ. უბრალოდ მანაც, სხვა დამატებული ფეხბურთელების მსგავსად, სეზონი დიდი ხანია დაასრულა და სხვა ფუნქციონალურ მდგომარეობაში იმყოფება.

დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად არიან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ.

თუმცა ასეთ დონეზე როცა გიწევს გამოსვლა, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყო, უნდა გახვიდე და ითამაშო ისე, როგორც შეგიძლია ან არ შეგიძლია. ისეთი მატჩია, ალბათ, მეც რომ მომიწიოს, ერთ თამაშს გავალ და ვითამაშებ.

- ვიცით, გუნდში ლევან ყენია ვარჯიშობს, მის კონტრაქტთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა და მოახერხებს თუ არა "შერიფთან" თამაშს?
- დასამალი არ არის, რომ ლევანი ჩვენთან ერთადაა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია, უბრალოდ, მას ვალდებულებები აქვს ყოფილ კლუბთან.

შესაძლოა, მან ამ მატჩში ვერ ითამაშოს. ლევან ყენიას მოსვლა არამარტო ჩვენ, საქართველოს ჩემპიონატსაც წაადგება. მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც სხვა დამატებულ ფეხბურთელებს. ჩვენ გადაბმულად ვთამაშობთ, მას კი სხვების მსგავსად 1 თვეა არ უთამაშია. "დუდელანჟზეა" დამოკიდებული როდის შევძლებთ მის ოფიციალურად დამატებას.

- ანუ ჯერჯერობით ლუქსემბურგულ კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი?
- შეთანხმება მიღწეული აქვს კლუბთან, რომ კონტრაქტი გაწყდება. სიტყვიერად ყველაფერზე შეთანხმებულები არიან და კონტრაქტის გაწყვეტა დროის ფაქტორია.

- ითვლება, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში პირველი შეხვედრის სტუმრად გამართვა გარკვეული უპირატესობაა, რას ფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით და რა მიზანი აქვს "საბურთალოს" ტირასპოლში?
- ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია, პირველი შეხვედრის სტუმრად ჩატარება, მაგრამ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, პირველი შეხვედრა შინ გვეთამაშა: პირველად ვართ ევროტურნირებზე, საერთოდ პირველად გვექნება ისეთი მატჩი, სადაც 3-4 ათას ადამიანზე მეტი მოვა.

ბევრ რამეს უნდა გავუმკლავდეთ: დაძაბულობა, რომელიც ამ ტურნირს ახლავს, გულშემატკივრები, რომლებიც მეტოქე გუნდს ეყოლება.

პირველად გვიწევს, რომ სადღაც სათამოშოდ უნდა ჩავფრინდეთ, აკლიმატიზაცია უნდა გავიაროთ. ეს ყველაფერი არ არის იოლი, რადგან პირველი შემთხვევაა. ამიტომ, მერჩინა, ის რაც პირველად ხდება, ჩვენს კედლებში, ჩვენი მაყურებლის წინაშე მომხდარიყო. ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ აბსოლუტურად მზად ვართ. ჩემი მოთამაშეების მენტალობისა და ფსიქოლოგიის ძალიან მჯერა.

ხდება ხოლმე, მეტოქე ერთი თავით მაღლა დგას შენზე, მე კი "შერიფი" ასეთ გუნდად არ მიმაჩნია. ამ კლუბში ქართველები მუშაობენ, როგორც თარხნიშვილი, ასევე მახარაძე. მათ ქართული ფეხბურთი კარგად იციან, ამიტომ მათაც სრული კონცენტრაცია აქვთ.

ვფიქრობ, ოდნავ მეტი უპირატესობა მათ მხარესაა, ასეთ დონეზე დიდი ხანია თამაშობენ. მჯერა, ყველასთვის, ვისაც ვეთამაშებით, სიურპრიზი ვიქნებით.

ჩვენთვის წარმატება ვერ იქნება "შერიფის" გაგდება. წარმატება არის, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები. ჩვენი ყველა მოქმედება გათვლილი იყო დროზე. წელს უნდა ვნახოთ ამ დონეზე სათამაშოდ რა პრობლემები გვაქვს. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ვიყოთ მაღალ პოზიციებზე საქართველოს ჩემპიონატში, რათა ამის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე ვიფიქროთ.

თავის დროზე უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაც და ახლა ევროსაგზურების მოპოვებაც მოგვიანებით გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ადრე მოგვიწია ჩემპიონობა, ამიტომ რა თქმა უნდა, წელსვე ვიბრძოლებთ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, მაგრამ ეს რეალურად მხოლოდ სიტყვებია, რადგან არ ვიცით, რა გველოდება წინ. რაც გვაქვს, ეს არის სურვილი, მონდომება და შემართება.

- რამდენად მზად არიან ფეხბურთელები ასეთ დონეზე სათამაშოდ? ტრავმები ხომ არ აწუხებთ?
- ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე ჩამოვთვალე, ტონუსიდან ამოვარდნილები არიან. ეროვნულ ლიგაში თამაში მოუწიათ გაბედავასა და რეხვიაშვილს და სათანადო ფორმაში არ არიან.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს. სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ვგულისხმობ თამაშის ხარისხს, ფიზიკურ კონდიციებს... მაგრამ ამასაც აქვს თავისი საფუძველი.

როდესაც ამ მატჩისთვის მოვემზადებით და გავალთ, სულ სხვა მონდომებით ვიქნებით. ნახევარი კაციც რომც გავიდეს მოედანზე, ისიც ბოლომდე დაიხარჯება და იბრძოლებს.

- რამდენად კარგად მოახერხეთ მეტოქის შესწავლა, მისი თამაშის გაანალიზება, რის ხარჯზე უნდა აჯობოს "საბურთალომ" "შერიფს" და რა სუსტი წერტილები აქვთ?
- "შერიფს" შეეცვალა მთავარი მწვრთნელი. ის სხვა განლაგებითა და სტრატეგიით ათამაშებდა გუნდს. ძალიან კარგი ლეგიონერები დაიმატეს. მინუსები კი ძალიან რთული საპოვნელია.

წინა წელს სულ სხვა შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავდათ, 7 ტურია მათი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში უკონკურენტოდ არიან.

7 შეხვედრაში 7 მოგება აქვთ, კოლოსალური რაოდენობის გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი და ამიტომ, "შერიფი" კონკურენტების ფონზე ძალიან ძლიერი ჩანს და თითქოს დაუმარცხებელია, მაგრამ ასე არ არის.

- ბოლო ტურებში "საბურთალოს" მცირე ჩავარდნა ჰქონდა. უკანასკნელ სამ ტურში - მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ "შერიფთან" მატჩზე ფიქრი შედარებით ადრე დაიწყეთ?
- მე ასე ვუყურებ სიტუაციას: წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც სამი მატჩი ვერ მოვიგეთ და ამას ჩავარდნა დაერქვა, მიხარია. ჩემპიონთან თამაშის წინ ყველას სხვა განწყობა აქვს. თბილისის "დინამომ" გაგვასწრო ერთი ქულით, მაგრამ მათთან კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი.

ჩემპიონობის შემდეგ ძალიან რთულია, ისევ ლიდერებში იყო გამართულად. როდესაც შენი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებ და მიაღწევ, მისი შენარჩუნება რთულია. ნათქვამიცაა, რომ ჩემპიონობის შენარჩუნება მოპოვებაზე რთულია.

ამიტომ, მინდოდა ჩვენი ფეხბურთელები კარგ კლუბებში წასულიყვნენ, სანაცვლოდ კი სხვა კარგი მოთამაშეები მოგვეყვანა, ის ადამიანები, ვისაც მსგავსი მიღწევები არ გააჩნიათ.

შეიძლება ცოტა მოვეშვით. წელსაც საუკეთესო გუნდი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ პროცესს გამარჯვებისკენ მივიყვანთ. ლიდერებთან გვაქვს სათამაშო და მათთან სრული შემართებით დავბრუნდებით.

- წელს პირველად ხდება, რომ "საბურთალო" სამ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს. რამდენად აქვს გუნდს რესურსი, რომ ყველა მათგანში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს?
- ძალიან მიჭირს ასეთ რაღაცებზე საუბარი, რადგან ეს "საბურთალოს" ცხოვრებაში პირველად ხდება. რაც არ გამიკეთებია, ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ ამის რესურსი გვაქვს.

პირველი წელიწადია, როდესაც თასის ამ ეტაპზე გავედით, ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჩემპიონატში. გვაქვს რესურსი, გვყავს გუნდი.

მახარებს, რომ საქართველოში კარგი კლუბებია. ერთადერთი, რაც გულს მწყვეტს, არის ის, რომ არ გვაქვს საკუთარი არენა და არ გვყავს საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი ქომაგები.

წინა წლების გამოცდილებამ მანახა, რომ 5-6 ფეხბურთელის გამოკლებამ ძალიან კარგი გუნდი დაასუსტა და დაღალა. როდესაც ისინი დაბრუნდნენ, ძალიან კარგი მესამე-მეოთხე წრე გვქონდა.

ვფიქრობ, როგორც ეროვნული ლიგის, ასევე თასის მოგების შანსი გვაქვს.

- რას ფიქრობთ სხვა ქართულ კლუბებზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ევროტურნირებში?
- ბოლო წლების გამორჩეული კლუბია ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, მეკარიდან დაწყებული, თავდამსხმელით დასრულებული.

სათადარიგოთა სკამზეც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავდათ და ამ ყველაფერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა.

რამდენი ეტაპი გაიარა წინა წელსაც და ვფიქრობდი, რომ თუ წელს ვერა, მომავალ წლებში ქუთაისის "ტორპედო" კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას მოახერხებდა.

პარალელს გავავლებდი "ზესტაფონთან". როცა ძალიან ცოტა დაგვაკლდა ჯგუფში შესვლამდე. მაშინაც დროის ფაქტორი იყო. "შტურმთან" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვხვდებოდით, ხოლო პლეი ოფში მარცხის შემთხვევაში ავტომატურად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავდიოდით.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქართული კლუბი გავა ევროტურნირებზე, მთავარია ეს მოვახერხოთ, რადგან ამის შემდეგ ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი დაიწყება.

რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას", ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ შანსები. კარგი გუნდია თბილისის "დინამოც", რომელსაც აღმასვლა აქვს.

მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატება ვუსურვო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პროგრამა მინიმუმი გოლის არგაშვებაა, თუ გავიტანთ ვაფშე მაგარი იქნება. წარმატებები საბურთალოს ბათუმი თქვენთანააა. ღმერთი თქვენსკენ
roma
15:27 05-07-2019
0
ქვეყანაში სადაც ადგილობრივ გუნდებს გულშემატკივარი არ ყავთ და ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ, ვერასდროს ვერ ეყოლება წარმატებული გუნდი ევროტურნირებზე. საბურთალო ვერ გადალახავს შერიფის დაბრკოლებას. ჯობია ისევ ადგილობრივ ჩემპიონატზე იფიქროთ.
ლუკა
07:01 05-07-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული