რა ხდება გაბალაში "დინამოსთან" მატჩამდე: ზოგ ადგილობრივს გამარჯვების იმედიც არ აქვს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 25 ივლისს, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალას" დაუპირისპირდება. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ. გუნდი აზერბაიჯანში 24 ივლისს ჩამოვიდა და მატჩისწინა, გენერალური ვარჯიშიც გამართა.

"გაბალამდე" თბილისურმა კლუბმა ანდორული "ენგორდანის" ბარიერი ძალიან მარტივად დაძლია, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 7:0 აჯობა და შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა.

მისი მეტოქე კი ტურნირში ამ ეტაპიდან ერთვება და ბოლო ოფიციალური შეხვედრა 19 მაისს, აზერბაიჯანის თასის ფინალში გამართა.

სანამ უშუალოდ მატჩის შესახებ ვისაუბრებ, რამდენიმე სიტყვას ქალაქსა და გარემოზეც ვიტყვი. გაბალა ამ
ქვეყანაში საკუთარი ბუნებით გამოირჩევა, მთიანი რეგიონი კურორტად ითვლება.

ხალხი კეთილგანწყობილი და მზრუნველია, თუმცა, გასაკვირია, რომ ბევრმა მათგანმა რუსული ენა არ იცის.

ქალაქში საფეხბურთო განწყობა არ შეიმჩნევა. არსად შეგვხვედრია ბანერი, რომელიც დაგეგმილი მატჩის შესახებ გვაუწყებდა, თუმცა ამ მხრივ, უნდა ვაღიაროთ, არც თბილისი გამოირჩევა ხოლმე.

საზღვრიდან გაბალაში ჩამოსასვლელად დაახლოებით 5 საათი დაგვჭირდა და ამ დროის განმავლობაში ერთსა და იმავე პეიზაჟს ვხედავდით: ხრიოკ ტერიტორიას, სადაც ხეებიც კი ადამიანის სიმაღლეზე უფრო მეტად არ გაზრდილა; ეს მცირე ქალაქი კი ამ ყველაფერთან შედარებით ნამდვილად გამორჩეულად მოგვეჩვენა.

"გაბალას" პატარა და ლამაზი სტადიონი აქვს, "გაბალა სითი სთედიუმი" 4 500 ადამიანს იტევს. ბალახი კი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და თუ განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა არ იქნება, წესით, კარგი საფეხბურთო გარემო უნდა შეიქმნას.

აღსანიშნავია, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ფაქტობრივად, არ იყვნენ, ქართული დელეგაცია კი საკმაოდ დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი.

"გაბალამ" ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა, თუმცა მათგან, ალბათ, მაინც მერაბ გიგაური უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც კლუბს ქუთაისის "ტორპედოდან" 1 თვის წინ შეუერთდა და მომავალ მეტოქეს ყველაზე კარგად იცნობს.

"გაბალაში" ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველი, დავით ვოლკოვი, რომელიც კლუბს 2018 წელს "საბურთალოდან" შეუერთდა, მანამდე კი სწორედ "დინამოს" ღირსებას იცავდა.

აზერბაიჯანული კლუბი გასული სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ლიდერმა დატოვა და კლუბი, ფაქტობრივად, გამორჩეული მოთამაშეების გარეშე დარჩა.

რამდენიმე ადგილობრივმა ჩემთან საუბარში ისიც თქვა, რომ გამარჯვების იმედი არ აქვთ და კარგად მომზადებულ "დინამოსთან" მარცხსაც ელოდებიან.

ქართულ კლუბს რევანში სჭირდება 2015 წელს განცდილი მარცხის გამო. მაშინ "გაბალამ" ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა და არა მარტო შემდეგ რაუნდში გავიდა, არამედ ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა.

ფაქტები
  • "გაბალასა" და "დინამოს" დაპირისპირების შემდეგ 4 წელი გავიდა, თბილისის "დინამოში" კი იმ შემადგენლობიდან არცერთი მოთამაშე აღარ ირიცხება.
  • წყვილის გამარჯვებულს სერიოზული მეტოქე - როტერდამის "ფეიენოორდი" ელოდება.

25 ივლისი. "გაბალა სითი სთედიუმი"
გაბალა-დინამო(თბ)
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო(თბ) (4-3-3): პერალესი, ქიმაძე, კობოური, მონხილი, რუხაია, ზარია, ნინუა, კუხიანიძე, შენგელია, კუტალია, ქავთარაძე.

დასკვნის სახით

თბილისის "დინამო" ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია. თუ ფელის ვისენტეს გუნდი რამდენიმე კვირის წინ "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" სერიოზულად ჩამორჩებოდა, ეროვნული ლიგის პაუზის წინ ცხრილს სათავეში მოექცა.

კლუბს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და წესით, ის დღესაც უნდა გაგრძელდეს. თან იმ ფონზე, როდესაც შესუსტებულ "გაბალას" უპირისპირდება.

აზერბაიჯანულმა კლუბმა შეკრება გაიარა, თუმცა 2 თვეა ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია, გუნდის ახალწვეულები კი, წესით, საკმარისად შეთამაშებულები არ უნდა იყვნენ. "დინამოს" ეს შემადგენლობა კი უკვე ნახევარი სეზონია ერთად თამაშობს და ეროვნული ლიგის ცხრილს თუ ჩავხედავთ, შეთამაშებაც მოახერხეს.

ვერ ვიტყვით, რომ "დინამო" უპირობო ფავორიტია, თუმცა ქართულ კლუბს აუცილებლად მართებს აზერბაიჯანული ბარიერის გადალახვა. აი, შემდეგ კი "ფეიენოორდთან" ნამდვილად სერიოზული გამოცდა ელოდება, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ შორია.

ბაჩო შურღაია გაბალიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბაჩო. ზედმიწევნით აღწერე მოსალოდნელი მატჩის სურათი.
Merabi
07:29 26-07-2019
0
ისევ პირდაპირი რეპორტაჟის გარეშე?
როლო
15:36 25-07-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული