დინამო (ზ) VS საბურთალო - ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპა ლიგა?

AutoSharing Option
ფოტო: Fc Saburtalo

დღეს, 30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" სტუმრად ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს და მატჩის ხილვა "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.

"საბურთალო" რთული ამოცანის წინაშეა. ქართულმა კლუბმა პირველ შეხვედრაში ხარისხიანი თამაში კი აჩვენა, თუმცა საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა, რაც მის შანსებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმამდე ამცირებს.

მიუხედავად ამისა, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ზაგრებში მოტივირებულები ჩავიდნენ და მოედანზე წინასწარ დამარცხებულის მენტალიტეტით გასვლას არ აპირებენ.

მართალია, ზაგრების "დინამო" მოლდოვის
ჩემპიონზე მაღალი დონის გუნდია, თუმცა "საბურთალოს" საკუთარი შანსები ნამდვილად ექნება.

საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაკლისით გაემგზავრა - პირველ რიგში, გიორგი კოხრეიძე უნდა აღინიშნოს, რომელმაც აქამდე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩს ამ მიზეზით გამოტოვებს.

20 წლის შემტევი "შერიფთან" და "დინამოსთან" გამართულ დაპირისპირებებში უდავოდ საუკეთესო იყო, ამწვავებდა მისი გუნდის იერიშებს და მეტოქის მცველებს საფრთხეს უქმნიდა. ეს პრესკონფერენციაზე თავად მოლდოველთა დამრიგებელმაც აღნიშნა.

"საბურთალოს" ვერც ვაგნერ გონსალვეში დაეხმარება, რომელიც განვლილ შეხვედრებში კოხრეიძესთან ერთად ფლანგებზე მოქმედებდა. ტრავმირებულია ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში თბილისელთა ბომბარდირია.

მეოთხე ფეხბურთელი კი, ვინც ზაგრებში ვერ გაემგზავრა, ელვინ ტერაა. კენიელს სავიზო პრობლემები შეექმნა.

როგორც ვხედავთ, დანაკლისი დიდია და "საბურთალოს" შეტევის მნიშვნელოვანი პოტენციალი დააკლდება, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლიათ.

რამდენიმე სიტყვა დანამატზეც უნდა ვთქვათ - ასეთი ლევან ყენიაა, რომელიც ერთ დროს ქართული ფეხბურთის მთავარ იმედად ითვლებოდა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ამ მართლაც ნიჭიერი მოთამაშის კარიერას დიდი დაღი დაასვა, თუმცა მისი ნიჭი არსად გამქრალა.

გასულ სეზონში ლევანმა ლუქსემბურგული "დუდალანჟის" რიგებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, თუმცა, როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, 28 წლის ფეხბურთელი ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.

რაც შეეხება მეტოქეს, ზაგრების "დინამო" შესანიშნავ ფორმაშია. განახლებულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონმა სხვადასხვა ტურნირზე 4 შეხვედრა გამართა და ოთხივეში გამარჯვებას მიაღწია, თან ისე, რომ 9 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი გაუშვია.

გარდა ამისა,"მაქსიმირზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადშია ესპანელი დანი ოლმო, რომელიც თბილისში გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი - დღევანდელი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, რაც წესით, "საბურთალოსთვის" კარგი უნდა იყოს.

ფაქტები
  • ზაგრების "დინამო" ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე ბოლოს 2018 წლის აგვისტოში "ფენერბახჩესთან" 1:2 დამარცხდა
  • "საბურთალო" შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ფერენცვაროშსა" და "ვალეტას" შორის გამარჯვებულს შეხვდება, მარცხის შემთხვევაში კი - "არარატსა" და გიბრალტარულ "ლინკოლნ რედ იმპს" შორის გამარჯვებულს.

30 ივლისი. მაქსიმირი
საბურთალო-ზაგრების დინამო 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო (4-1-4-1): ლივაკოვიჩი, სიტუმი, ლესკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი, ადემი, გოჯაკი, ატიემვენი, მორო,  ჰაიროვიჩი, ორსიჩი, პეტკოვიჩი
საბურთალო (4-3-3): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გაბედავა, გორგიაშვილი, როლოვიჩი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საბურთალოს მადლობა სპორტული ჟინისთვის, იმისათვის რომ არ შეეპუა ზაგრებს და ბოლომდე იომა. მოდი სიმართლეს გავუსწოროთ თვალები, დღეს ზაგრები ჩვენზე ძლიერია. მიუხედავად ამისა მჯერა, რომ საბურთალო ბოლომდე იბრძოლებს. თორე თქვენც ხომ იცით შედეგი?
martlaaa
13:27 30-07-2019
2
ჯერ მხოლოდ ახლა იწყება საბურთალოს დიდ ფეხბურთში გზის გაკვალვა. დღეს ზაგრები რომ უფრო ძლიერია ეს ყველამ ვიცოდით. მარა საბურთალოს რომ ასეთი ჟინით და შემართებით შეეძლო თამაში უკვე გვანახა. მთავარია ზაგრებშიც ასევე უშიშრად და ჟინით ითამაშონ. ყველაფერი წინაა ამ ეტაპზე ევროპა ლიგაზე მოხვედრაც დიდი წარმატება იქნება. წარმატება საბურთალოს.
Geo_Dinamo
16:45 30-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული