"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქით" ავრცელებს.

"წყალტუბოს ,,სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იმერულ კლუბს გამოცდილი სპეციალისტი, პრო ლიცენზიის მფლობელი უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2 წლითა და 4 თვით გაფორმდა. უჩა სოსიაშვილი წყალტუბოურ კლუბში მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ახალი მთავარი მწვრთნელის გულშემატკივრებთან შეხვედრა და მასმედიისთვის წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

უჩა სოსიაშვილს ახალგაზრდული ასაკის (30 წლის) მიუხედავად საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს ზურგს.

მწვრთნელად მუშაობა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ სამწვრთნელო
კარიერა საფეხბურთო სკოლა „ავაზა-ტორპედოში“ გააგრძელა. 2 წელი იმუშავა საქართველოს ქალთა ნაკრებში. ,2013 წლის ივლისში „სამტრედიის“ მწვრთნელად დაინიშნა. იმავე წელს თბილისის ,,დინამო“2-ში უხმეს და „დინამოს“ მეორე გუნდთან ერთად პირველი ლიგის ა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. 2014 წელს 25 წლის ასაკში გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 2015 წელს გორულ კლუბს საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოაპოვებინა. მომდევნო სეზონში კი მისი ხელმძღვანელობით ,,დილამ“ მე-3 ადილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
2018 წელს უჩა სოსიაშვილი ,,სამტრედიას“ ავარჯიშებდა. ბოლოს კი რუსთავის ,,რუსთავს“ წვრთნიდა და ქვემოქართლულ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ახალგაზრდა სპეციალისტს გორის ,,დილასა“ და ,,სამტრედიაში“ მწვრთნელობისას ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე) მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

,, მოხარული ვარ, რომ წყალტუბოს ,,სამგურალში“ მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, იმ ადამიანებს ვინც ,,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს კანდიდატურაზე გააკეთეს არჩევანი. გუნდის მიზანია, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ბავშთა ფეხბურთის მიმართულებით, კარგი განვითარების გეგმა აქვს უშუალოდ კლუბსაც, რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება მე-3 ლიგაში, სამივე მიმართულებით კარგი პროექტებია, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება", - აღნიშნა უჩა სოსიაშვილმა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული