"სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატზე ისევ კარგად იასპარეზა, თუმცა ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა.
პირველობის გასულ 4 მატჩში მაკარიძემ გოლი არ გაუშვა და ცხადი იყო, ამის გაკეთება ლიდერ "ბენფიკასთან" სტუმრად გაუჭირდებოდა.
ამ მატჩმა ლისაბონში დიდი ინტერესი გამოიწვია, "და ლუშზე" "არწივების" საგულშემატკივროდ 53 115 მაყურებელი მივიდა და მასპინძლებმა თავიდანვე მწვავე იერიშების მიტანა დაიწყეს მეტოქის კარზე.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ არა ქართველი გოლკიპერი, "სეტუბალი" უთუოდ დიდი ანგარიშით წააგებდა. გიორგი კარგად თამაშობდა საჯარიმოში გამოსვლებზე, ერთხელ საჯარიმოს გარეთ მოუწია გასვლა და ნახტომში მკერდით ბურთის მოგერიება, ორჯერ "მკვდარი ბურთი" აიღო, მაგრამ 63-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარლოს ვინისიუსმა მაინც გაუტანა გოლი - "ბენფიკამ" 1:0 მოიგო.
"სეტუბალი" 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 ოქტომბერს "მარიტიმოს" უმასპინძლებს.