სუსტებს განსაცდელი ელით - როგორი იქნება უეფას ახალი ტურნირი და რა დაემართება საქართველოს

AutoSharing Option
2021/22 წლების სეზონიდან უეფა ევროთასების სტრუქტურის სერიოზულ შეცვლას იწყებს. ცვლილებები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას არ შეეხება, ხოლო ევროპა ლიგაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-ით შემცირდება და მესამე ევროთასი, კონფერენციათა ლიგა გაჩნდება.

უეფამ მიზანი ასე განმარტა - ევროპა ლიგისთვის უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის სახის მინიჭება და არასაფეხბურთო ქვეყნების კლუბებისთვის ევროთასებზე თამაშის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ეს უეფასა და კლუბების შემოსავლებს გაზრდის და ტრანსლაციის ახალი ბაზრები გაჩნდება.

შევეცდებით, ყველა იმ ცნობას, რომლებიც სხვადასხვა გამოცემაში თუ ოფიციალურ წყაროზე ვრცელდება, ერთად მოვუყაროთ თავი და ყველაფერი გასაგებად აგიხსნათ, ბოლოსკენ
კი იმაზე ვისაუბრებთ, რამდენად კარგია ეს ცვლილებები საქართველოსთვის.

რა შეიცვლება?

ახლა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე 80 გუნდი თამაშობს, 48 აქედან - ევროპა ლიგაზე. 2021/22 წლების სეზონში სამი 32-გუნდიანი ტურნირი იქნება, ანუ ჯამში 96 გუნდი ითამაშებს, რაც 16 გუნდით მეტია წინანდელთან შედარებით.

ევროპა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდება და მხოლოდ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი-ოფი დარჩება. კონფერენციათა ლიგაში კი 4 საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება და უცვლელად დარჩება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები.

ახალი ტურნირი იგივე სქემით ჩატარდება, როგორც ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში გავა. უფრო სწორად, ჯგუფის მეორეადგილოსანი პირდაპირ მერვედფინალში კი არ გავა, არამედ მერვედფინალის პლეი-ოფში, სადაც ევროპა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

ანალოგიური რაუნდი დაემატება ევროპა ლიგასაც. ევროპა ლიგის ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალის პლეი-ოფში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება.

კონფერენციათა ლიგა 141 მატჩს მოიცავს, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაიმართება, ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპა ლიგაზეა. კონფერენციათა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის მომდევნო საგზურს მიიღებს. მატჩები კი ხუთშაბათს ევროპა ლიგის მატჩებთან ერთად ჩატარდება.

ყველა ტურნირის ფინალები ერთ კვირაში გაიმართება. ოთხშაბათს კონფერენციათა ლიგა, ხუთშაბათს ევროპა ლიგა და შაბათს ჩემპიონთა ლიგა.

აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტოპ-ლიგები ევროთასებზე დამატებით ადგილებს არ მიიღებენ და მხოლოდ კლუბების გადანაწილება მოხდება.

კონფერენციათა ლიგა, პირველ რიგში, უფრო სუსტი ასოციაციებისთვისაა. დამატებით ადგილს მხოლოდ რეიტინგში ყველაზე ცუდი გუნდი, სან-მარინო მიიღებს.

რეალურად ისე გამოდის, რომ ევროთასებზე 16 გუნდით მეტი ითამაშებს. უეფაში იმედოვნებენ, რომ სამივე ტურნირზე 32 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი (ამჟამად 26-ია) და კლუბების რაოდენობა, რომლებიც ტოპ 6-ში არ არიან, გაიზრდება კონფერენციათა ლიგის წყალობით.

ვინ სად მოხვდება?

ჯერ დაზუსტებით ცნობილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, არჩევის უფლება ფედერაციებს ექნებათ. ფორმალურად მიღწევა, რომლის გამო კლუბები კონფერენციათა ლიგის საგზურს მიიღებენ, ზუსტად რეგლამენტირებული არ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ჩემპიონატების საევროთასო ზონების ადგილების მფლობელები იქნებიან.

Sportall.Ge

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა უფრო კარგი სტატუსის მქონე ტურნირი გახდება, ვიდრე ახლა არის და მასში უეფას რეიტინგში მყოფი პირველი 15 ქვეყნის წარმომადგენლები მოხვდებიან.

ევროპა ლიგის ჯგუფში ავტომატურად მოხვდებიან ტოპ 5-ის 2-2 გუნდი და ერთი გუნდი რეიტინგში მყოფი მე-6 ქვეყნიდან.

გარდა ამ 11 გუნდისა, ჯგუფურ ეტაპზე კონფერენციათა ლიგის გამარჯვებული მოხვდება, თუმცა, როგორ გადაწყვეტენ ამას პირველ სეზონში, ჯერჯერობით უცნობია, ამათ დაემატებათ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონთა გზის 4 წარმომადგენელი, რომლებმაც კვალიფიკაციის პლეი-ოფში წააგეს და ჩემპიონთა ლიგის წარმომადგენელთა 6 გუნდი და ევროპა ლიგის კვალიფიკაციის 10 გამარჯვებული.

  • ევროპა ლიგის კვალიფიკაცია მესამე ეტაპიდან დაიწყება და როგორც ახლა არის, იგივენაირად დაიყოფა: ჩემპიონთა გზა და ლიგების წარმომადგენლები.
  • ლიგების წარმომადგენლებში ავტომაურად 3 კლუბი მოხვდება, რომლებიც 13-დან 15-მდე ასოციაციის წევრები არიან და ასევე დაემატება ანალოგიური გზის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდნილი 3 გუნდი (10-დან 15-მდე ასოციაციის წევრი). აქედან 3 გავა პლეი-ოფში. ჩემპიონთა გზაში არავინ იქნება და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ 10 კლუბი, რომელიც რეიტინგში პირველი 15 ასოციაციის წარმომადგენელია, ერთმანეთში ითამაშებენ და 5 პლეი-ოფში გავა.
  • პლეი-ოფი ყველასთვის საერთო იქნება, როგორც ლიგების წარმომადგენლებისთვის, ისე ჩემპიონთა გზის მაძიებლებისთვის. მესამე რაუნდის გამარჯვებულებს ავტომატურად დაელოდება მე-7-დან 12-მდე ასოციაციების წარმომადგენლები. მათ დაემატებათ ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში დამარცხებული.

კონფერენციათა ლიგა

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად არავინ მოხვდება.

აქაც იქნება ჩემპიონებისა და არაჩემპიონების გზები, თუმცა კონფერენციათა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ არაჩემპიონები იქნებიან, ანუ 72 გუნდი დაბალი ადგილის მქონე ასოციაციებიდან 29-დან 55-ის ჩათვლით. შესაბამისად, აქედან 36 შემდეგ ეტაპზე გავა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ჩემპიონების გზა დაემატება. აღსანიშნავია, რომ 20 ჩემპიონი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, პირდაპირ კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება და მხოლოდ ერთმანეთში ითამაშებენ, მესამე რაუნდში გასული 10 საუკეთესო გუნდიდან საბოლოოდ 5 პლეი-ოფში გავა.

ლიგების წარმომადგენლებში იქნებიან: 6-დან 12-ს ჩათვლით, ასოციაციების 7 კლუბი, 2-2 კლუბი მე-13, მე-14, მე-15 და 29-ე ასოციაციიდან და 3-3 16-დან 28-ე ასოციაციებიდან. მეორე რაუნდში გასულ 36 გუნდს 54 გუნდი დაემატება. ამ 90-დან შემდეგ ეტაპზე 45 გავა.

მესამე რაუნდში ამ 45 გუნდს მხოლოდ 7 გუნდი დაემატება, რომლებიც 6-დან 12-მდე ასოციაციის წარმოადგენლები არიან. ჯამში 52 გუნდი შეიკვრება, რომელიც 26 საუკეთესოს გამოავლენს და ისინი პლეი-ოფში გავლენ, სადაც მათ ტოპ-5 ლიგის 5 კლუბი დაემატება ევროპა ლიგის მესამე ეტაპიდან გამოვარდნილი ლიგების წარმომადგენელი 3 კლუბი. ამ ყველაფრის შემდეგ ჯგუფში 17 კლუბი მოხვდება.

ახლა ის 20 ჩემპიონი გავიხსენოთ, საიდანაც 5 გავიდა პლეი-ოფში. ამ 5 ჩემპიონს ევროპა ლიგის მესამე ეტაპიდან გამოვარდნილი ჩემპიონთა გზის წარმომადგენლები დახვდებიან. ამ ათეულიდან ჯგუფში 5 შევა. ჯგუფში მყოფ 22 გუნდს ევროპა ლიგის პლეი-ოფიდან გამოვარდნილი 10 გუნდი დაემატება.

დაახლოებით ასეთი სურათი გვექნება მომავალში.

ფაქტი ისაა, რომ უეფამ სუსტი გუნდები მესამე ტურნირში გადაიყვანა. ამ ცვლილებით ჩემპიონთა ლიგას დიდი არაფერი ემატება, ხოლო ევროპა ლიგის მიმართ ინტერესის ზრდას ელოდებიან, სადაც კონკურენცია გაიზრდება და ადვილი მეტოქეები არავის ეყოლება.

ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომელსაც უმრავლესობა უყურებს, ხოლო ევროპა ლიგას ნაკლებად ადევნებენ თვალს. ასეთ პირობებში რა ნახვა უნდა ჰქონდეს კონფერენციათა ლიგას? ალბათ, მხოლოდ მონაწილეებისა და გულშემატკივრების ინტერესი თუ იქნება.

რა დაემართება საქართველოს?

საქართველოს უეფას კოეფიციენტთა რეიტინგში 45-ე ადგილზე იმყოფება. სამწუხაროდ, ჩვენ ევროპის იმ არასაფეხბურთო ქვეყნების სიაში ვართ, რომლების დახმარება სურს უეფას.

საქართველოდან ადრე ევროთასებზე 4 გუნდი გადიოდა - ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში ხვდებოდა, მე-2 და მე-3 ადგილების მფლობელები კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებოდნენ და ასევე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ხვდებოდა თასის გამარჯვებული, ხოლო თუ თასს, რომელიმე სამეულიდან იღებდა, მაშინ ევროთასებზე მეოთხეადგილოსანი გადიოდა.

უეფას ცვლილებების შედეგად, საქართველო კვლავ 4 ადგილით იქნება წარმოდგენილი ევროთასებზე, მაგრამ არ გვეყოლება წარმომადგენელი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე. 1 გუნდი კვლავ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო 3 პირდაპირ კონფერენციათა ლიგის საკვალიფიკაციოზე დაიწყებს ასპარეზობას.

იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე სარეიტინგო ქულები უნდა მოიპოვონ. მხოლოდ 15 საუკეთესოში შესვლით საქართველო შეძლებს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიმჯობესოს. ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ რეალობა ასეთია.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უეფამ გაგვწირა და ევროპა ლიგაზე გამოსვლის ასპარეზობის შანსი მოგვისპო. ქართული კლუბის ბოლო საევროთასო მოგზაურობიდან 15 წელი გავიდა და მას შემდეგ ვერც ერთმა ქართულმა კლუბმა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. საქართველოსთვის ევროთასების სეზონი მუდმივად ზაფხულშივე მთავრდებოდა.

ახლა კი ქართულ კლუბებს აქვთ შანსი, რომ საევროთასო სეზონი გაახანგრძლივონ. 15 წლის განმავლობაში ევროთასები არ გვქონდა. დიახ, ცდილობდნენ, მაგრამ ფაქტია, შედეგი სტაბილურად არ გვაქვს. სულ არაფერს კი ნამდვილად ჯობია კონფერენციათა ლიგა.

ბოლო-ბოლო, თუ რამის მაქნისები ვართ, ერთი გუნდი ხომ გვრჩება ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში და სწორედ იქ უნდა დავამტკიცოთ, რისი თავი გვაქვს.

კონფერენციათა ლიგაზე მონაწილეობით ქართული კლუბები უფრო მეტად განვითარდებიან ყველა კომპონენტში: საორგანიზაციო კუთხით, საერთაშორისო ურთიერთობით, მატჩების ინტენსიურობით. წარმოიდგინეთ, ეროვნული ლიგის კლუბი ჩემპიონატში 36 მატჩს ატარებს სეზონში, პლუს, მაქსიმუმ 5 სათასო მატჩი და ამას დაემატება მინიმუმ ევროთასების 12 მატჩი.

ქართულ კლუბებს შემოსავლის ასე თუ ისე სტაბილური წყარო ექნებათ. ჯერ ვიტყვით, რამდენი იქნება ეს, მაგრამ იმაზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება, რაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოში არის.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სწორი გამოყენება უნდა და კლუბების მენეჯმენტზე იქნება დამოკიდებული, როგორ აითვისებენ ახალი ტურნირის დადებით მხარეებს და სიკეთეებს.

რატომ დაარსდა ახალი ტურნირი?

უცხოურ მედიასაშუალებებში აქტიურად განიხილავენ იმ ლოგიკას, რომ ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგა უფრო მიუწვდომელი გახდება და ჩაკეტილ ტურნირს დაემსგავსება.

უეფას მუდმივად უწევს ბრძოლა ბობოლა კლუბებთან და ევროპულ კლუბების ასოციაციასთან, რადგან უფრო მეტი ფულის გამომუშავება სურთ. ხოლო ფიფა და უეფა თან ფულის გამომუშავებას ცდილობენ და თან ფეხბურთის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა შეე*ით ამ ფედერაციას. ყველაფერი ფედერაციის ბრალი როგორაა ნუ გადამრიეთ. უეფამ თუ დაამტკიცა ეს ტურნირი რაუნდა ქნას ფედერაციამ? უარი ვთქვათ საერთოდ მაგ ტურნირზე ანუ? იმაზე მეტს გამოიმუშავებ ვიდრე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოებზე. თან მხოლოდ ტვ ტრანსლაციებიდან არ კეთდება ფული. ჯგუფში შესვლაზეც ფულს გირიცხავენ და იქ მინიმუმ ფრეზეც და მოგებაზე უფრო მეტს. რაგინდათ აბა ვერ გავიგე?! რომელიმე კლუბი გავიდა ევროპა ლიგაზე და დადო შედეგი??არგინდათ და ნუ უყურებთ. ჩავლპეთ საქართველოში მაშინ. ჩემპიონთა ლიგაზე მაინც იქნება 1 კლუბი და დავკმაყოფილდებით.
ზუზუ
15:28 04-10-2019
0
ძალიან კარგი აზრია თუ გამგებს გაგება უნდა.1 გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იქნება და ყველაფრის შანსი არის თუ რამის გამკეთებლები ვართ. სხვა გუნდებს მეტი თამაშები მოუწევს ისევ იგივე გუმდებთან ვისაც ეხლა ვეთამაშებით ხოლმე და თუ ტურნირა მოიგებ ევრო ლიგის ჯგუფში გადიხარ. რა არის აქ ცუდი? ვერ ხედავთ რო 45 -ე ადგილზე ვართ და თუ ვინმე გაფაჩუნდება თურქეთის მეორე ლიგაში გარბის იმიტომ რომ თურქეთის მეორე ლიგა ჯობია ჩვენს ჩემპიონატს?
გუჯი
15:50 04-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული