ათეული წლების განმავლობაში ამ ფუნქციას ქალაქში მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ოდინდელი ქართული ჭიდაობის არენის ადგილზე აგებული ცირკის შენობა ასრულებდა, რომელიც ძირითადად, საჭიდაო სახეობებში გამართულ შეჯიბრებებს მასპინძლობდა. ის შენობა 90-იან წლებში ხანძარმა შთანთქა და მას მერე გორშიც სასპორტო სკოლების სავარჯიშო დარბაზებშიღა ტარდებოდა შეჯიბრებები, შესაბამისად, არცთუ მაღალი რანგის.
საშეჯიბრო დარბაზის აგების საჭიროებაზე გორში სპორტის მესვეურები თუ გულშემატკივრები წლების განმავლობაში ამაოდ საუბრობდნენ ადგილობრივი, რეგიონული, თუ ცენტრალური ხელისუფლების გასაგონად. დროში გაწელილ ამ
სპორტის სასახლის მშენებლობას საძირკველი სწორედ შარშან შემოდგომით ჩაეყარა და იგი უკვე წლევანდელი წლის მიწურულს დასრულდება. კომპლექსი ორდარბაზიანი და მულტიფუნქციური იქნება, დიდი დარბაზი - 1 500, პატარა კი 500 მაყურებელს დაიტევს.
სასახლეში შესაძლებელი გახდება რეგიონული და ქვეყნის მასშტაბის, აგრეთვე, საერთაშორისო პირველობების, ტურნირების გამართვა სპორტის ინდივიდუალურ თუ გუნდურ სახეობებში. სასახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის განვითარებას.
პარადოქსია, რომ მაგალითად, ისეთ ტიტულოვან გორელ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი, არასოდეს უასპარეზიათ მშობლიურ ქალაქში, მათი თანაქალაქელი გულშემატკივრების წინაშე. მიზეზი მარტივი იყო, გორში თავისუფალ ჭიდაობაში ვერც ასაკობრივ და მით უფრო, უფროსებში ვერ ჩატარდებოდა საქართველოს ჩემპიონატები. ახალ სასახლეში კი ასეთი ჩემპიონატების ჩატარება შესაძლებელი გახდება.
სასახლის სივრცეში იგეგმება გორის სპორტის მუზეუმის მოწყობაც. მუზეუმში განთავსდება ექსპონატები, რომელიც ყოფილ და ამჟამად მოქმედ გორელ სპორტსმენებთან იქნება დაკავშირებული. აქვე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ექსპოზიცია ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლებისთვის.
ამ დღეებში ქვეყნის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გორის და შიდა ქართლის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაათვალიერა მშენებლობის პროცესი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"