ევრო 2016. 1/4-ფინალი. საფრანგეთი-ისლანდია: ისლანდიური ზღაპრის დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
* მეორე ნახევარფინალური წყვილიც ცნობილია - გერმანია-საფრანგეთი.
* ევრო 2016-ზე პირველად მოხდა, რომ გუნდმა ერთ მატჩში 4 გოლზე მეტი გაიტანა.
* ანტუან გრიზმანმა მეოთხე გოლი გაიტანა და ევრო 2016-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
* საფრანგეთის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მატჩში პირველივე ტაიმში შეძლო 4 გოლის გატანა.

საფრანგეთის ნაკრები, საკადრო პრობლემების მიუხედავად, ყველამ იმთავითვე მიიჩნია წყვილის უდავო ფავორიტად. მასპინძლები და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლების მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ხომ ფრანგული ევროს მთავარი სენსაციის შემოქმედს, ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

მოუთმენლად ველოდით
ისლანდიელთა მორიგ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე. ლარს ლაგერბაკმა და მისმა გუნდმა ყველას გვიჩვენა, რომ ფეხბურთს მარტო სახელები და ქვეყნის ტერიტორიისა თუ მოსახლეობის სიდიდე ვერ იგებს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ამ შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. დისკვალიფიკაციის გამო იუქმა ცენტრალურმა მცველმა ადილ რამიმ. დაიშალა რამი-კოსიელნის ტანდემი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა ევროპის ამ ჩემპიონატზე.

კოსიელნის მხარდამხარ დადგა "ლიონის" მცველი სამუელ უმტიტი, რომელიც კარიერას კატალონიურ "ბარსელონაში" გააგრძელებს. ეს დიდი გამოცდა იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის.

ფრანგთა მეორე დანაკლისიც მნიშვნელოვანი იყო. ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო მინდორზე ვერც ნგოლო კანტე გამოვიდა. არადა, "ლესტერის" საყრდენი მართლაც რომ დიდებულ ფორმაშია.

თამაშის წინ შევიტყვეთ იმის თაობაზეც, რომ მცირე ტრავმა ჰქონდა კინგსლი კომანს. ის სათადარიგოთა შორის დარჩა და მოგვიანებით გამოჩნდა მინდორზე. კანტეს შეცვლა კი სისოკომ იკისრა ნომინალურად, თუმცა ცხადი იყო, რომ მუსა უფრო ფრთაზე იმოქმედებდა და ცენტრში კი საფრანგეთი პოგბასა და მატუიდის იმედზე უნდა ყოფილიყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ისლანდიის ნაკრები ტრადიციული ტაქტიკური სქემით (4-4-2) და სტაბილური შემადგენლობით წარდგა ევროპის ჩემპიონატის ფავორიტის წინაშე.

გოლები
1:0 - ოლივიე ჟირუმ ბლეზ მატუიდის შესანიშნავი გადაცემა მიიღო, თავისუფალი სივრცე მონახა და საფრანგეთი დააწინაურა.

2:0 - ანტუან გრიზმანი კუთხურს აწვდის. პოლ პოგბა ისლანდიელ მცველებს საჰაერო ორთაბრძოლაში ჯაბნის და საფრანგეთის უპირატესობას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.

3:0 - დმიტრი პაიემ გრიზმანის პასი მიიღო და გამოზომილი დარტყმით მესამე გოლი შეაგდო.

4:0 - ანტუან გრიზმანი მომენტალურად ერკვევა სიტუციაში და ანგარიშს გამანადგურებელს ხდის.

4:1 - გილფი სიგურდსონი კარგ პასს აძლევს კოლბეინ სიგტორსონს. ის მომენტალურად ერკვევა სიტუაციაში, ვარდნაში მეურვეს ასწრებს და გააქვს.

5:1 - პაიეს ჩაწოდება და ჟირუს თავურით გააქვს.

5:2 - ისლანდია კარს იჯახუნებს - სკულასონის პასი და ბიარნასონის გოლი.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ბევრი პოზიტივი მივიღეთ ამ შეხვედრისგან. დღეს ყველაფერი გამოგვივიდა. გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა და ასეთივე იყო ფანობაც. ჩვენ ვიცით გერმანიის ნაკრების რეალური ძალა. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ჩვენ აქ ვართ, ოთხთა ფინალში და ვეცდებით, უძლიერეს მოწინააღმდეგესთან მატჩში ჩვენი ყველა საუკეთესო თვისება გამოვავლინოთ".

ლარს ლაგერბაკი (ისლანდია): "პირველ ტაიმში ზედმეტად ვინერვიულეთ. ეს პირველი მეოთხედფინალი იყო ისლანდიის ისტორიაში. პარალიზებულები ვიყავით. მეორე ტაიმში გამოვცოცხლდით. ულამაზესი გოლები გავიტანეთ და ტაიმი მოვიგეთ. ვამაყობ ბიჭებით".

მატჩის გმირი
საფრანგეთის მთელი ნაკრები შესანიშნავი იყო. ძნელია, ერთი რომელიმე ფეხბურთელი გამოარჩიო, მაგრამ ჩვენ მატჩის გმირად ოლივიე ჟირუს მივიჩნევთ. "არსენალის" ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა და სრულიად დამსახურებულად მიიღო ჯილდოდ მოწინააღმდეგის კარში გატანილი გოლები.

ჟირუს ჩაუქობა ძალიან დასჭირდება საფრანგეთს გერმანიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში. ერთიცაა - ეს იყო გუნდური კლასის ხარჯზე მოპოვებული გამარჯვება და არა ცალკეული ფეხბურთელის ტრიუმფი. შესანიშნავი იყო ასევე ანტუან გრიზმანი - გოლი და ორი საგოლე პასი.

მსაჯი
43 წლის ჰოლანდიელმა არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა შესანიშნავად ჩაატარა ეს შეხვედრა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს იყო სამსაჯოდ ძალიან იოლი მატჩი. ისლანდიამ თავიდანვე დაკარგა გამარჯვების რწმენა და შესაბამისად, უარი თქვა ზეკონტაქტურ ფეხბურთზე. აქედან გამომდინარე, მსაჯის ერთადერთი ამოცანა იყო, ზედმეტი ინიციატივა არ გამოეჩინა. მან ეს შეძლო. ერთ-ორ არდანიშნულ ჯარიმას კი კუიპერსის გარჯას ნუ გადავაყოლებთ.

ანალიზი
ისლანდიური ზღაპარი დასრულდა. ზემძლავრმა საფრანგეთმა ისლანდიელებს გარკვეულწილად მათივე იარაღით მოუგო. ვგულისხმობთ ფეხბურთელების შესანიშნავ ფიზიკურ მომზადებას.

რაც შეეხება საერთო-გუნდურ კლასს, საფრანგეთს ის გაცილებით მაღალი აქვს. ზემოთ ფიზიკური მონაცემები ტყუილად როდი ვახსენეთ, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოწინააღმდეგეს პირველ ტაიმში ორთაბრძოლების უმრავლესობა მოუგეს.

საფრანგეთი ნახევარფინალში შეხვდება გერმანიას და ეს შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის მშვენება უნდა გამოდგეს. საფრანგეთს, საშინაო კედლების გარდა, მარტივი მეოთხედფინალიც დაეხმარება, გერმანიამ კი ნერვების ნამდვილი ომი გადაიტანა იტალიასთან, რომელმაც უდიდესი ფიზიკური ძალა წაიღო.

ისლანდიელი ფეხბურთელები კი შინ ნამდვილ გმირებად ბრუნდებიან. მართლაც ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი ვაჟკაცები, ასეთი მეომრები ჰყავს. ყინულოვანმა ქვეყანამ, აისბერგების გარდა, მსოფლიოს თავი ფეხბურთითაც გააცნო.

დასკვნა
ყველაფერი ძალიან კანონზომიერად მოხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთი გუნდი გაცილებით ძლიერი იყო მეორეზე. ისლანდიამ ამ მატჩამდე შეასრულა თავისი მისია ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება საფრანგეთს, ჩემი სუბიექტურია აზრია: ჯერჯერობით დიდიე დეშამის გუნდი თამაშის ხარისხით ყველაზე მეტად იმსახურებს ევროტიტულს.

whoscored.com-ის ტოპ-5
ოლივიე ჟირუ საფ. 10,0
დიმიტრი პაიე საფ. 9,2
ანტუან გრიზმანი საფ. 8,9
ბლეზ მატუიდი საფ. 8,1
პოლ პოგბა საფ. 8,1

3 ივლისი. პარიზი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი - ისლანდია 5:2
გოლები: 1:0 ჟირუ (10. მატუიდი), 2:0 პოგბა (20. გრიზმანი), 3:0 პაიე (43. გრიზმანი), 4:0 გრიზმანი (45. ჟირუ), 4:1 სიგტორსონი (56. გ. სიგურდსონი), 5:1 ჟირუ (59. პაიე), 5:2 ბიარნასონი (84. სკულასონი)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი, სანია, უმტიტი, კოსიელნი (72. მანგალა), ევრა - პოგბა, მატუიდი - სისოკო, გრიზმანი, პაიე (80. კომანი)- ჟირუ (60. ჟინიაკი)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სკულასონი, რ. სიგურდსონი, არნასონი (46. ინგასონი), სევარსონი - ბიარნასონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი, გუდმუნდსონი - ბიოდვარსონი (46. ფინბოგასონი), სიგტორსონი (83. ე.გუდიონსენი)
გაფრთხილება: უმტიტი - ბიარნასონი
კარში დარტყმა:4(8)- 6(5); კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა:59-41
მაყურებელი: 76 833

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოსახლეობის კლების გამო წლების წინ ფრანგებად დაწერეს აფრიკელები,სადღაა ევროპელი ევროპაში. ჩქარა აფრიკა და ევროპა ერთი იქნება.
0
საფრანგეთი ჩემპიონია!
le blue
14:39 04-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული