* ხუთი მატჩიდან "სკუადრა აძურამ" 3 მოიგო, 1 წააგო და ერთიც დათმო პენალტების სერიაში.
* იტალიის ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. საუკეთესო ბომბარდირია გრაციანო პელე 2 გოლით.
* whoscored.com-ის საუკეთესო შეფასება იტალიელთა შორის ჯორჯო კიელინის აქვს - 7,57 ბალი.
გერმანიის ნაკრებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ ანდრეა ბარძალი იტალიელ ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ემოციები ვერ მოთოკა და პირდაპირ ეთერში ატირდა.
ატირებულმა ბარძალიმ თქვა: "ეს იყო გუნდი, რომელსაც აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, მაგრამ
35 წლის ბარძალიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მის აქტივში კი 61 მატჩია "სკუადრა აძურას" მაისურით. ბარძალი მსოფლიოს ჩემპიონია (2006 წ.) და ის თავაწეული ემშვიდობება ნაკრებს - ისევე, როგორც იტალია დაემშვიდობა თავაწეული ევროპის ჩემპიონატს...
დრამა და ტრაგიკომედია იტალიურად
ალბათ, მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ, რომ ერთი კონკრეტული თერთმეტმეტრიანი ან თერთმეტმეტრიანების სერია ნამდვილ დრამად აქციონ, რომელიც ტრაგიკომიკურ ელემენტებსაც შეიცავს. ყველაზე ცნობილი პენალტიც იტალიელს ეკუთვნის და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ლაპარაკი 1994 წლის მუნდიალის ფინალზე და რობერტო ბაჯოს საკრალურ დარტყმაზეა. იყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, "ოქროს ბურთის" მფლობელი და ყველაზე მეტად მაინც გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანთან ასოცირდებოდე, ესეც მარტო იტალიელს შეუძლია - გააფუჭო გადამწყვეტი პენალტი, დაკარგო მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი და სწორედ ამის გამო შეუყვარდე მილიონობით გულშემატკივარს, ამას განსაკუთრებული ნიჭი უნდა და ესეც მხოლოდ იტალიელებს გამოსდით...
გავიხსენოთ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი და ანდრეა პირლოს თერთმეტმეტრიანი ინგლისის ნაკრების კარში. ასე რბილად და ტექნიკურად თავის დროზე პანენკამ დაარტყა და შემდეგ მას მობაძეს სხვებმა, მაგრამ პირლოს შესრულება მაინც ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეული იყო - მაშინ პირლომ მსოფლიო ამ პენალტის გარშემო გააერთიანა.
როგორც ძალიან ბევრ ტურნირს, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატსაც იტალია თერთმეტმეტრიანების სერიით დაემშვიდობა. ამჯერად, "სკუადრა აძურამ" გერმანიასთან წააგო და ამჯერადაც, პენალტების სერია დრამად და ტრაგიკომედიად აქცია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პენალტების სერია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც სასწორი რამდენჯერმე გადაიხარა ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით, ბოლოს კი ფორტუნამ გერმანიას გაუღიმა.
სიმონე ძაძა მხოლოდ იმიტომ ჩაერთო თამაშში, რომ პენალტი დაერტყა, მაგრამ ჯობდა, თადარიგში დარჩენილიყო, მისი კომიკური გამორბენი კი ტურნირის მთავარ სახუმარო თემად იქცა. გრაციანო პელემ მანუელ ნოიერს ანიშნა, რომ პირლოს სტილში აპირებდა პენალტის შესრულებას და შემდეგ მანაც ააცილა - იტალიელებს არ შეუძლიათ დრამის გარეშე და მიიღეს ტრაგიკომედია...
გუნდი, ემოცია, ტემპერამენტი, პატრიოტიზმი
რომ არა იტალიის ნაკრები, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი გაცილებით უფერული, უშინაარსო და უსიცოცხლო იქნებოდა. ანტონიო კონტეს "აძურამ" გვიჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი, რომელიც ერთ მუშტადაა შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული. იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა იმღერო საკუთარი ქვეყნის ჰიმნი და თუ როგორ უნდა დაიხარჯო, იომო ბოლომდე, როდესაც შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობ.ყოველი მოგებული მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი კარის ხარიხაზე ხტებოდა და ერთხელ ისე დაენარცხა, რომ კინაღამ საბედისწერო ტრავმა მიიღო. ანტონიო კონტე სათადარიგოთა სკამზე საშუალოდ 5-6 კილომეტრს დარბოდა და თითოეულ ეპიზოდზე ემოციურად რეაგირებდა. კონტემ გოლის აღნიშვნისას ტუჩიც გაიხეთქა, ერთხელ კი ბუფონს მიბაძა და გოლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის სახურავს შეახტა, წელი დაიზიანა და გარკვეული დრო ლაზარეთში გაატარა. იტალიელ ჟურნალისტთან საუბრისას, კონტემ ხუმრობით განაცხადა, რომ ის ყოველთვის მზადაა, ეროვნულ გუნდს თავი მსხვერპლად შესწიროს.
იტალია იყო გუნდი, იყო ემოცია, იყო ტემპერამენტი და იყო პატრიოტიზმის საუკეთესო მაგალითი.
საოცარი პერფორმანსი
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იტალიის ნაკრებს არავინ მოიხსენიებდა ტურნირის ფავორიტთა შორის. სადღაც ზემოთ იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი, შემდეგ მოდიოდნენ ინგლისი და ბელგია, შემდეგ ალბათ, ხორვატია და სადღაც იქვე პოლონეთი... აი, იტალია კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაბლა იყო ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან ერთად. შესაძლოა, ცოტა ვუტრირებთ, მაგრამ ფაქტია, რომ "აძურას" სერიოზულად არავინ აღიქვამდა და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ასეთი სუსტი გუნდი იტალიას არასდროს ჰყოლია.თუმცა დაიწყო ტურნირი და გამოჩნდა, რომ თურმე იტალიას შეუძლია, რომ ტურნირის ფავორიტებს ერთი ამოსუნთქვით, ბრწყინვალე სტილში მოუგოს. "აძურამ" მოინელა ბელგია და მოინელა ესპანეთი, რის შემდეგაც სწორედ იტალია შერაცხეს ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.
ადვილია, ერთი ხელის მოსმით, გუნდი ჯერ აუტსაიდერად შერაცხო და შემდეგ მთავარ ფავორიტად, მაგრამ არის გარემოებები, რომლებსაც მეტი დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. იტალიის ნაკრები ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატს შეხვდა უდიდესი დანაკლისით, გერმანიასთან მატჩამდე კი, პრაქტიკულად, განახევრებული შემადგენლობით მივიდა.
დავიდე სტურარო რომ ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო, ამისთვის საჭირო იყო, რომ იტალიას 6 წამყვანი ნახევარმცველი ჰყოლოდა ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული: მარკიზიო, ვერატი, მონტოლივო, დე როსი, მოტა და კანდრევა. იტალია გერმანიასთან მატჩს დალეწილი, ფაქტობრივად, სარეზერვო ნახევარდაცვით შეხვდა და მიუხედავად ამისა, მხოლოდ საფეხბურთო ლატარიაში დამარცხდა.
ეს იყო საოცარო გარდასახვა, პერფორმანსი აუტსაიდერობიდან ფავორიტობამდე...
რას ტოვებს კონტე?
თვითონ ანტონიო კონტე აცხადებს, რომ მისი იტალიის ნაკრები იდგა 5 კომპონენტზე: ორგანიზებულობა, კონცენტრაცია, პრაგმატიზმი, შრომა და გუნდური სულისკვეთება.იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურაა, რომელმაც უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს კონტეს გზას. მით უმეტეს, ტაქტიკურ-სტრატეგიული კუთხით. სენიორ ჯამპიერო ძალიან ახლოსაა მის უმცროს კოლეგასთან. ვენტურა ბოლო 5 წელია, "ტორინოს" წვრთნის და მთელი ეს პერიოდი, მისი საბაზო ტაქტიკა 3-5-2 იყო. ვენტურა გვპირდება, რომ იტალია კიდევ უფრო გაძლიერდება.
ანტონიო კონტემ დღევანდელ "იუვენტუსს" ჩაუყარა საფუძველი, მასიმილიანო ალეგრის ხელში კი გუნდი კიდევ უფრო დაიხვეწა და გაძლიერდა - იტალიელებს სჯერათ, რომ ვენტურა "სკუადრა აძურას" ალეგრი იქნება...
GRAZIE RAGAZZI
ანუ "მადლობა, ბიჭებო" - ამ სიტყვებით იყო აჭრელებული იტალიური პრესა, მედია და თუნდაც, სოციალური ქსელები, როდესაც იტალიის ნაკრებმა გერმანიასთან მეოთხედფინალური მატჩი წააგო და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.მეორე დღეს "ტუტოსპორტის" პირველ გვერდზე GRANDE ITALIA ეწერა, რასაც თარგმნა ნამდვილად არ სჭირდება, "კორიერემ" კი კიდევ ერთი ნაცნობი სიტყვა გამოიტანა სათაურად: GRAZIE!
იტალია ამაყობს ამ გუნდით და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალია არაა ისლანდია, რომლისთვისაც მეოთხედფინალური ეტაპი საოცნებო მიღწევა და წარმატების მწვერვალია. უბრალოდ, იტალიელებს ჰყავთ გუნდი, რომლითაც ამაყობენ, ეს კი ყველაზე მთავარია...
იტალიის ნაკრები, ანუ კლასიკა
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სანაკრებო ფეხბურთი საკლუბო ბატალიების ჩრდილშია მოქცეული. ფეხბურთელები გადაღლილები ხვდებიან დიდ საფეხბურთო ფორუმებს და ვერ ავლენენ საუკეთესო თვისებებს - ან შესაძლოა, არც სურთ ბოლომდე დახარჯვა, რადგან კლუბებისგან განსხვავებით, ნაკრებში ისინი ხელფასს არ იღებენ. ბევრი ითქვა იმაზეც, რომ ნაკრებები ერთმანეთს დაემსგავსნენ და ფეხბურთელებმა რომ ფორმები გაცვალონ, ვერაფერს მიხვდები, რადგან დაკარგეს სტილი, ინდივიდუალობა და საფეხბურთო კულტურა.
იტალიის ნაკრებმა დაგვანახა, რომ სანაკრებო ფეხბურთი ცოცხალია და რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ვიხილოთ საფეხბურთო კულტურათა, ფილოსოფიათა დაპირისპირებები. იტალიის ნაკრები მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს და ამავდროულად, რჩება იმად, რაც ყოველთვის იყო - იტალიის ნაკრები, ესაა კლასიკა...
ბარძალი შეცდა - ეს იტალია კიდევ დიდხანს გვემახსოვრება!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"