ევრო 2016-ის ამბები: ლისაბონში და პრეზიდენტთან

AutoSharing Option
პაიე ისევ რეიტინგის სათავეშ
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი დმიტრი პაიე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა Barometer-ის რეიტინგის მიხედვით. მან ანტუან გრიზმანსა და გარეთ ბეილს გაასწრო. მეკარეთა შორის საუკეთესო შეიქმნა პორტუგალიის ნაკრების კარის დარაჯი რუი პატრისიო. პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო კი მეშვიდე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ევრო 2016-ის დაწყებამდეც პაიე ედგა სათავეში.

ტორესი: ჩვენი მეფობა დასრულდა!
ესაპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ემოციური განცხადება გააკეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. "ჩვენი რვაწლიანი მეფობა ევროპულ ფეხბურთში დასრულებულია. ახლაღა გავიგეთ ბოლომდე, რამხელა მიღწევა
იყო ეს. ვამაყობ, რომ იმ გუნდის წევრი ვიყავი", - თქვა "ელ ნინიომ".

ეიფელის კოშკი ერთი ღამით დაიკეტა
ეიფელის კოშკი ერთი ღამით დაიკეტა. ამის მიზეზი გახდა ის არეულობები, რომლებიც გულშემატკივრებმა პარიზში მოაწყვეს. "ევროპის ჩემპიონატის ფინალის მეორე დღეს მე დახურული ვიქნები პუბლიკისათვის", - ნათქვამია კოშკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერეირო: ეს რაღაც განსაკუთრებულია...
"დაამარცხო საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში მისსავე მოედანზე, ეს რაღაც განსაკუთრებულია. იმედი მაქვს, ამ დიდ გამარჯვებას ექნება გაგრძელება და ჩვენ წარმატებით ვითამაშებთ სხვა დიდ ტურნირებზეც. ეს არის ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი", - თქვა პორტუგალიის ნაკრების მცველმა რაფაელ გერეირომ.

პაიე: რონალდოსათვის ტრავმა ძალით არ მიმიყენებია
საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დმიტრი პაიემ ევროპის ჩემპიონატის ფინალი შეაფასა. "რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს პორტუგალიამ შეძლო. ისინი ჩვენზე ეფექტურები იყვნენ. რაც შეეხება რონალდოს ტრავმას, მე ის ძალით არ დამიშავებია. ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს ჩემი სტილი არ არის", - თქვა პაიემ.

სედრიკი: რონალდომ შესვენებაზე ცეცხლი დაანთო!
საინტერესო განცხადება გააკეთა პორტუგალიის ნაკრების მცველმა სედრიკმა. "შესვენებაზე ტრავმირებული რონალდო არნახულად მოტივირებული იყო. მან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რომელმაც თითოეული ჩვენგანი გამარჯვების რწმენით აავსო. "მისმინეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ტურნირს მოვიგებთ. ასე ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა", - გვითხრა მან. ასეთი სიტყვების შემდეგ გუნდს რწმენა შეემატა", - აღნიშნა სედრიკმა.

პორტუგალიის პრეზიდენტი დააჯილდოებს
პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა ორდენებით დააჯილდოებს პორტუგალიის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს. "ბიჭები ორდენებს იმ შემთხვევაშიც მიიღებდნენ, თუ ისინი ფინალში დამარცხდებოდნენ. საფრანგეთთან მატჩის შედეგზე მხოლოდ ორდენების ხარისხი იყო დამოკიდებული. მთელი ქვეყანა დახვდება თავის გმირებს. ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ერი ამაყობს ამ ფეხბურთელებით", - თქვა პრეზიდენტმა.

რონალდოს საჩუქარი ნანის
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ მეგობარს და თანაგუნდელს, ნანის უსახსოვრა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებისათვის მიღებული ჯილდო, "ვერცხლის ბუცი". ამის თაობაზე საზოგადოებას ნანიმ ამცნო. "შენ ხარ მეტი, ვიდრე კაპიტანი. შენ ჩემპიონი ხარ. დიდი მადლობა ამ საჩუქრისათვის", - დაწერა ნანიმ სოციალურ ქსელში.

ანრის ფორმატი არ მოსწონს
მსოფლიო ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი გააკრიტიკა. "როცა მესამე ადგილზე გასული გუნდი გადის ჯგუფიდან, თავიდანვე ცხადია, რომ სამი ფრე საკმარისი იქნება შემდეგ ეტაპზე სათამაშოდ. მე აღტაცებული ვარ ალბანეთით, რომელმაც რუმინეთის ნაკრები დაამარცხა და ისლანდიით, მაგრამ ახალი ფორმატი არ მომწონს", - თქვა ანრიმ.

რონალდოს ერთ თვემდე გაუცდება
კრიშტიანო რონალდო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ტრავმა პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მიიღო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში. ესპანური მედიის ცნობით, კრიშტიანოს მარჯვენა მუხლის მყესების პრობლემა აქვს.

ფრანგების ავტობუსს დასცინეს
დამარცხდა თუ არა საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინტერნეტში მაშინვე გამოჩნდა იმ საჩემპიონო ავტობუსის ფოტო, რომელიც ტიტულის მოლოდინით აღტყინებულმა ფრანგებმა ჯერ კიდევ ფინალურ მატჩამდე მოამზადეს. ავტობუსი საფრანგეთის დროშის ფერებშია შეღებილი. "2016 წლის ევროპის ჩემპიონები. გმადლობთ" - ასე აწერია მას. ცხადია, ინტერნეტში ეს ფოტო არაერთხელ გახდა დაცინვისა და ხუმრობის საგანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული