ევრო 2016. ეს საინტერესოა: 10 ფინალისტი - "სპორტინგის" ევროტრიუმფი

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლისაბონის "სპორტინგს", კერძოდ მის საფეხბურთო აკადემიას.

აქ დაიწყეს პროფესიული საფეხბურთო კარიერა კრიშტიანო რონალდომ და ლუიშ ნანიმ. ასევე რონალდოს შემცვლელმა რიკარდო კვარეშმამ. "სპორტინგის" აკადემია დაასრულა ნაკრების ორმა მცველმა. კლუბის პრეზიდენტმა ბრუნო დე კარვალიომ კმაყოფილება გამოთქვა მომხდარის გამო. ფინალში პორტუგალიის ნაკრებში სულ თოთხმეტმა ფეხბურთელმა ითამაშა. ამათგან 10 "სპორტინგის" აღზრდილი იყო.

"სპორტინგის" აკადემია ტალანტების გამომშვებ ქარხანას ჰგავს. სწორედ ამ აკადემიაში დაიწყეს კარიერა ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელთა გარდა ლუიშ ფიგუმ, ერიკ დაიერმა (!) და სიმაომ.
ეს გასაგებია, მაგრამ ალბათ, მაინც არავინ ელოდა, თუ "სპორტინგის" წვლილი ამ გამარჯვებაში ამხელა იქნებოდა. ფიგუს დროს ახალი აკადემია არ იყო გახსნილი, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის.

მაგალითად, ავიღოთ 31 წლის შემტევი ლუიშ ნანი. კი, მან ფეხბურთის თამაში მშობლიურ კაბო-ვერდეში დაიწყო, მაგრამ შემდეგ "სპორტინგის" ახალგაზრდულ სისტემას შეუერთდა და მის აღზრდილად ითვლება.

"სპორტინგის" აკადემიის "პროდუქტია" კრიშტიანო რონალდოც. მან ფინალური მატჩის დასაწყისშივე დატოვა მინდორი ტრავმის გამო, მაგრამ სხვა შეხვედრებიც უნდა გავიხსენოთ. რომ არა კრიშტიანო, ვეჭვობთ, იმ შეხვედრებში პორტუგალიას გამარჯვებისთვის მიეღწია.

რონალდო რომ დაშავდა, ის რიკარდო კვარეშმამ შეცვალა. ისიც "სპორტინგის" აკადემიიდან ეზიარა დიდ ფეხბურთს. ასევე ამ გუნდის აღზრდილები არიან ჟოაო მოუტინიო, ვილიამ კარვალიო და ჟოაო მარიო.

ნახევარდაცვის ხაზში ამ ფეხბურთელების შესანიშნავმა თამაშმა დიდი წვლილი შეიტანა პორტუგალიის ჩემპიონობაში.

პორტუგალიის ნაკრების დაცვის ხაზშიც საკმაოდ არიან "სპორტინგის" წარმომადგენლები. მაგალითად, ფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშეს ჟოზე ფონტემ და სედრიკ სოარეშმა.

ახლა ორივე ეს ფეხბურთელი ინგლისურ "საუთჰემპტონს" წარმოადგენს, თავის დროზე კი ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ლისაბონურ კლუბში გადადგეს.

ან ლეგენდარული მეკარის, კლუბის სიმბოლოს, რუი პატრისიოს დავიწყება როგორ შეიძლება. პორტუგალიის ნაკრების ჩემპიონობაში მისი წვლილი უდიდესია. ის კლუბის ლეგენდაა, რადგან მთელი კარიერა "სპორტინგს" შესწირა.

რა თქმა უნდა, "სპორტინგის" პრეზიდენტი ბრუნო დე კარვალიო ამაყობს, მის გუნდს ამხელა გავლენა რომ აქვს ეროვნული ნაკრების ევროპულ ტრიუმფზე.

"მე, როგორც პორტუგალიელი, ვამაყობ იმით, რომ ნაკრებში ჩვენი კლუბის აღზრდილი ამდენი მოთამაშეა. 10 ივლისს სულ 10 ჩვენი ფეხბურთელი იყო ნაკრებში. როცა მატჩის განაცხადში სულ 18 კაცია. თავად წარმოიდგინეთ, რამხელა წვლილია ეს პორტუგალიისა წარმატებაში.

აქვე მინდა ვთქვა - ჩვენმა ოცდაერთწლამდელებმა ფინალს რომ მიაღწიეს, თერთმეტიდან რვა ფეხბურთელი "სპორტინგიდან" იყო. ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია." - აღნიშნა პრეზიდენტმა.

Sportall.Ge

"სპორტინგის" აკადემია 2002 წელს გაიხსნა. მასშტაბითა და ხარისხით ის პირველია ქვეყანაში. აქ ფეხბურთელებს განსაკუთრებულ გარემოში უწევთ მუშაობა, რაც წარმატების წინაპირობაა. სულ შვიდი საწვრთნელი მოედანია. ამათგან სამი ხელოვნურია. ასევე არსებობს საცხოვრებელი დაწესებულება შორიდან ჩამოყვანილი ბიჭებისათვის.

აკადემია 14 წლის წინ გაიხსნა, მაგრამ "სპორტინგის" დიდება უფრო შორს მიდის. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის სკოლა გაიარა მსოფლიოს ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ და კრიშტიანო რონალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული