ლევან კორღალიძე: დასამატებელი ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელს ბევრად უნდა სჯობდეს

AutoSharing Option
“კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” პირველი წრე დასრულდა. ამ დროისთვის დედაქალაქური “საბურთალო” გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. ცხრა ტურის შეფასება “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელს, ლევან კორღალიძეს ვთხოვეთ. საუბარი კი “თელავთან” ბოლო ტურში გამარჯვებით დავიწყეთ:

- ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ “თელავთან” მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ვიცოდით, რომ თუ თბილისის “დინამო” “გაგრასთან” დამარცხდებოდა და ჩვენ “თელავთან” შეხვედრას მოვიგებდით, პირველ წრეს მესამე ადგილზე დავასრულებდით. სასიამოვნოა, რომ ასე მოხდა, თუმცა ნამდვილად არ იყო იოლი თელავში სამი ქულის მოპოვება. მეტოქე მებრძოლი
და კარგად დაკომპლექტებული კლუბია. ბევრ გუნდს გაუჭირდება კახეთში გამარჯვება.

- გათამაშების ცხრილს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ გატანილ გოლებში “საბურთალო” მეორე ადგილზეა, თუმცა მოწინავე გუნდებიდან პირველია, რომელმაც საკუთარ კარში 10 გოლი მიიღო. ამ მიმართულებით, ალბათ, ბევრია სამუშაო…
- როდესაც მწვრთნელები პირველ წრეს ვაჯამებდით, აღვნიშნეთ, რომ ბევრი გოლი გავუშვით. თუმცა ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და იმედი მაქვს, გამოვასწორებთ. მეორე მხრივ, სასიამოვნოა, როდესაც ამდენი გოლი გაგაქვს. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩანს, რომ შეტევით ხაზში არ გვიჭირს, თუმცა დაცვაში ხარვეზები გვაქვს და უნდა გამოვასწოროთ. როდესაც უტევ, უკან ცარიელი სივრცეები რჩება. აქედან გამომდინარე, დაცვაში უფრო ყურადღებით გვმართებს თამაში.

- გუნდი ორ მატჩში დამარცხდა - “გაგრასთან” და “დილასთან”. ანალიზი გექნებათ გაკეთებული, რა იყო წაგებების მიზეზები?
- ანალიზი ყოველი მატჩის შემდეგ კეთდება. ასე იყო ამ შემთხვევებშიც. არცერთ გუნდს არ ვაკნინებ, უბრალოდ, ისე ხდება, რომ ზედა პოზიციებზე მყოფ კლუბებთან უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვთამაშობთ. არც ერთ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ წინასწარ შედეგს ვერ დაგეგმავ. ზოგადად, რთულია საქართველოს ჩემპიონატში პროგნოზის გაკეთება, რადგან ყველას შეუძლია ტოლ-სწორად თამაში. “გაგრაც” და “დილაც”, რომლებთანაც დავმარცხდით, ორივე კარგად დაბალანსებული კლუბია. მათ ეს თამაშით დაამტკიცეს.

- ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ “საბურთალო” ბოლო მატჩებში ახლოს იყო გამარჯვებებთან, როგორც ბათუმის, ისე თბილისის “დინამოებთან”. გამოუცდელობის ბრალია, რომ “საბურთალოს” ამ გუნდებთან გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა?
– როგორც ზემოთ ვახსენე, რვა ახალი ფეხბურთელი გვყავს, ჯერ კიდევ შემადგენლობის ძიებაში ვართ. მჯერა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ. არაა მარტივი, დიდი ხნის განმავლობაში უგებდე თბილისის “დინამოს”, ასევე - ბათუმს მისსავე სტადიონზე. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ მოპოვებული უპირატესობები, მაგრამ არა უშავს, დადებითი ძვრები შეინიშნება.

პირველი წრის მატჩს მიეკუთვნება სუპერთასის შეხვედრაც. იმ დაპირისპირებაში ბათუმის “დინამოს” უფრო გაუმართლა პენალტების სერიაში და დაეუფლა თასს.

- ახალწვეულები რამდენად მარტივად შეეწყვნენ კლუბს?
- როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მიდის, ყოველთვის სჭირდება დრო ადაპტაციისთვის. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. რაც მთავარია, სელექციით კმაყოფილი ვარ, ყველა მათგანი ბოლომდე იხარჯება. “საბურთალოში” დიდი კონკურენციაა, ხშირად მივმართავთ ხოლმე როტაციას.

- ლეგიონერებზეც გკითხავთ - ამ დროისთვის “საბურთალოში” ორი ფეხბურთელი ირიცხება, მიოჩ ბენედიკი და ჟულიუს ვინისიუსი. ხორვატს ბოლო მატჩებში ეძლევა თამაშის შესაძლებლობა, რასაც ვერ ვიტყვით ბრაზილიელზე. რა შეგიძლიათ თქვათ ლეგიონერებზე?
– რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. როგორც წარმოაჩენენ თავს, იქიდან გამომდინარე მიეცემათ თამაშის შესაძლებლობა. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ, მეიმედება ამ ფეხბურთელების და ვნახოთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- ორ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, როდესაც “საბურთალო” ევროტურნირებში ჩაერთვება. მანამდე ხომ არ იგეგმება რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელების დამატება?
- ჩვენ გვაქვს სურვილი ლეგიონერების დამატების, წერტილოვანი გაძლიერება შესაძლოა მოხდეს. თუმცა, როდესაც ლეგიონერი ჩამოდის საქართველოში, ადგილობრივ ფეხბურთელს ბევრად უნდა სჯობდეს. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია სწორად ლეგიონერის დამატება. ვნახოთ, არ გამოვრიცხავ არაფერს.

- მალე “საბურთალო” ისტორიაში მე-500 გოლს გაიტანს. ამ დროისთვის გუნდის ანგარიშზე 496 გატანილი ბურთია. რას ნიშნავს ეს ციფრი თქვენთვის?
– სტატისტიკას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. “საბურთალო” ჩემით არ დაწყებულა, მანამდე გუნდს რამდენიმე კვალიფიციური და წარმატებული მწვრთნელი ჰყავდა. სწორედ მათი, ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ მოკლე პერიოდში ასეთ წარმატებას მიაღწია. საინტერესო და საიუბილეო ციფრია. მოხარული ვიქნები, რომ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გუნდი ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ გოლს გაიტანს.

მინდა მადლობა ვუთხრა “საბურთალოში” მომუშავე ყველა პერსონალს – მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, აკადემიას, დუბლშემადგენლობას. ყველანაირად გვერდში მიდგას “საბურთალოს” დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ასევე, მადლიერი ვარ კახა კაშიასი და გოჩა თამაზაშვილის. ყველა ამ ადამიანის გვერდში დგომას ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან ოღონდ ერთი პენალტის გამო აღარ გაიბუტო და აღარ გაიქცე.
master
18:07 28-04-2022
0

სიახლეები პოპულარული