საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...2015 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა, საშინაო მატჩში გიბრალტარის ნაკრებს 4:0 მოუგო. აი, იმის მერე, უკვე ყველას დაგვავიწყდა, თუ როგორია ოფიციალურ მატჩში გამარჯვების გემო.

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც, დამთრგუნველია წამდაუწუმ იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ნაკრები ორი წლის განმავლობაში ვერაფრით ახერხებს ოფიციალურ მატჩში გამარჯვებას. არადა, რაღა დარჩა: დღეს, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩია და როგორი საქმეა, მართლაც ზემოტივირებული სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ამ ნავსის გატეხვა?!.

მოკლედ, ძალიან სამწუხარო რეალობასთან ვართ ახლოს: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში აქამდე ხომ მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა (2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ ეტაპზე), როცა საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მოუგებლად დაასრულა; სამწუხაროდ, დიდი შანსია, რომ ეს ანტირეკორდი გამეორდეს: დღეს ხომ ურთულესი გასვლითი მატჩია სერბეთთან, მანამდე 3 დღით ადრე კი მიმდინარე შესარჩევი ციკლის ბოლო საშინაო მატჩში დავმარცხდით უელსის ნაკრებთან.

ოღონდ, წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ფიფას რეიტინგში დღესდღეობით XIII ადგილზე მყოფ უელსის ნაკრებს არც რაიმე განსაკუთრებული უჩვენებია მოედანზე, არც კოლოსალური უპირატესობა ჰქონია და არც რომელიმე კომპონენტში დაუჩაგრივართ.

უბრალოდ, როგორც ხშირად ხდება-ხოლმე და როგორც მივეჩვიეთ უკვე წლების განმავლობაში, ჩვენმა მეტოქემ მაქსიმალური სარგებელი ნახა არცთუ ისე ბევრი საგოლე მომენტებიდან და თბილისიდან 3 ქულით გაემგზავრა. არადა, ამ მატჩამდე ბალანსით როგორ ვამაყობდით: უელსის ნაკრებთან ხომ არც ერთი წაგება არ გვქონდა...

სატურნირო მდგომარეობა და საკადრო პრობლემები
უელსის ნაკრები რომ მხოლოდ მოსაგებად იქნებოდა თბილისში ჩამოსული, ეს ფაქტი საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო. თანაც, ოპტიმისტური განწყობა არა მხოლოდ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარებში შეინიშნებოდა: ამ თამაშის გასაშუქებლად ჩამოსული 30-მდე იქაური ჟურნალისტი თუ 3000-მდე (!) უელსელი გულშემატკივარი მოვლენების სხვაგვარად განვითარებას არც განიხილავდა.

არადა, ეს იმის მიუხედავად, რომ უელსის ნაკრებს უმთავრესი ვარსკვლავი, მადრიდის "რეალის" შემტევი გარეთ ბეილი აკლდა. თუმცა, ამ ევროპული დონის ვარსკვლავის არყოფნა უელსის ნაკრებს დიდად არც დასტყობია: ბეილზე არანაკლები კლასის ფეხბურთელია აარონ რემზი და "არსენალის" ნახევარმცველმა ეს ყველაფერი თბილისურ მატჩშიც დაამტკიცა.

ბეილის არყოფნის გარდა, წინა მატჩთან შედარებით, უელსის ნაკრებში კიდევ ერთი ცვლილება ვიხილეთ: მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოცდილი ჰალ რობსონ-კანუს ნაცვლად ძირითადში ადგილი ანდო "ბარნლის" თავდამსხმელს სემ ვოუკსს და არც შემცდარა! ვიდრე შეცვლიდნენ, ვოუკსი არაერთხელ დაემუქრა საქართველოს ნაკრების კარს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ ამ ფორვარდის "დუბლით" მოუგო "ბარნლიმ" გასვლითი მატჩი წლევანდელი პრემიერლიგის სტარტზე "ჩელსის"..

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ უელსელი კოლეგის მსგავსად, ასევე უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს წამყვანი ფეხბურთელები.

გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო, სადაც ისეთი ფეხბურთელები მოვისაკლისეთ, თამაშის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ: ლევან მჭედლიძე ნამეტნავად გვაკლდა შეტევის წინა ხაზში, ისე როგორც თორნიკე ოქრიაშვილის ინდივიდუალური ოსტატობა და აღარაფერს ვამბობთ ჯანო ანანიძეზე, რომელიც საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში მართლაც ჩინებულად გამოიყურებოდა.

კიდევ ერთ და მართლაც, ქრონიკულ პრობლემას კი შეგნებულად გვერდს ავუვლით: ძალიან ძნელია მოიგო "არსენალის", "ევერტონის", "ლესტერის", "ვესტ ბრომვიჩისა" თუ "სტოკ სიტის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან, როცა შენი ფეხბურთელების, ლამის ნახევარი, თავის კლუბში სათადარიგოთა სკამზე ზის.

ჰოდა, სათამაშო პრაქტიკის არქონაც ძალიან ეტყობოდა ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს უელსელების წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში. მატჩში, სადაც მეტოქეს ბურთის ფლობაშიც ვაჯობეთ, კუთხურიც მეტი მოვაწოდეთ, მაგრამ... მაინც წავაგეთ! წავაგეთ, იმიტომაც, რომ მეტოქის კარში მხოლოდ ერთადერთხელ (ისიც, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე) დავარტყით...

ტაქტიკა და შემადგენლობა
კრის კოულმენის დანიშვნის შემდეგ, უელსის ნაკრები, როგორც წესი, 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობდა; თუმცა, ბოლო პერიოდში, უელსის ნაკრების ტაქტიკური სქემა შეიცვალა და, ისე როგორც წინა მატჩში, მეტოქემ თბილისშიც 4-2-3-1 განლაგება არჩია.

ასევე არ შეცვლილა ჩვენი ნაკრების ტაქტიკური სქემაც: ისე როგორც სტუმრად ავსტრიასთან მატჩში, ვლადიმირ ვაისმა ამჯერადაც 4-1-4-1 (შეტევის დროს, 4-3-3 რომ უნდა გამხდარიყო) სქემა აირჩია. ანუ, ამ მხრივ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

საერთოდაც, ჩვენი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ძალიან რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო: ტრავმირებული ჯანო ანანიძის ნაცვლად გიორგი მერებაშვილი რომ გამოჩნდებოდა ძირითადში, ეს ფაქტი არავის უნდა გაჰკვირვებოდა.

თანაც, პოლონურ "პლოცკში" მოასპარეზე 31 წლის მერებაშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ნამდვილად არ გააჩნია საკუთარ კლუბში. ეს უელსთან მატჩშიც დამტკიცდა: საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ რომ დაარტყა, სწორედ მერებაშვილის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა, მაგრამ იმ ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა "კრისტალ პალასის" გამოცდილმა მეკარემ უეინ ჰენესიმ, რომელმაც უელსის ნაკრები აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

აი, მეორე ცვლილება კი წინა მატჩთან შედარებით, მეკარის პოზიციას შეეხო: შვიდთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია დაუბრუნდა და უელსელებმა პირველ ტაიმშივე რომ არ გახსნეს ანგარიში, 31 წლის ლორიას დიდი დამსახურებაც არის; ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა მეკარემ აშკარა გოლისაგან გვიხსნა პირველ ტაიმში, როცა "ლესტერის" ნახევარმცველის, ენდი კინგის დარტყმული ბურთი მოიგერია.

მატჩი
მატჩის წინ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილი "ზუგდიდის" მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას...

მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა დასაწყისშივე შექმნეს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, აარონ რემსის დარტყმას მცირეოდენი სიზუსტე აკლდა; ამის შემდეგ, ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, ბურთსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და განსაკუთრებით, მარჯვენა ფლანგიდან ვავიწროებდით მეტოქეს; განსაკუთრებული აქტიურობით კი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე გამოირჩეოდა და საერთოდაც, 22 წლის ფეხბურთელმა, უდავოდ, საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა.

ეს კი არა, ძალიან დიდი შანსი იყო, სწორედ კაკაბაძეს დაესამარებინა უელსის ნაკრების იმედები, როცა შეხვედრის მიწურულს, გურამ კაშიას მართლაც დიდოსტატური პასის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ახალგაზრდა მცველმა, კარში დარტყმის ნაცვლად, პარტნიორების მისამართით გამჭოლი გადაცემის გაკეთება ამჯობინა...

თუმცა, ისევ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, როცა უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ შევქმენით მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი: მერებაშვილისა და კაკაბაძის კომბინაციას, გიორგი ქვილითაია აგვირგვინებდა თავური დარტყმით, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა. აი, სტუმრებმა კი კონტრშეტევაზე თამაში არჩიეს და ერთ ეპიზოდში გიორგი ლორიამ თუ 100-პროცენტიანი გოლისაგან გვიხსნა, აი, სემ ვოუკსისა და ტომ ლოურენსის დარტყმების შემდეგ იღბალი აშკარად ჩვენს მხარეს იყო...

სამწუხაროდ, ფორტუნამ აღარ გადმოგვხედა მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა მოედნის ცენტრში, ჩვენების ელემენტარული შეცდომის შემდეგ, აარონ რემსიმ ბურთი ტომ ლოურენსს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი, ჯერ ერთი მეურვე ჩამოიშორა მოხდენილად, შემდეგ კი, საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესად დაარტყა და უელსის ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა!

უელსელებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს: ორ ეპიზოდში ჩვენმა მცველებმა იყოჩაღეს (ჯერ კაკაბაძემ, შემდეგ საბა კვირკველიამ), ერთ ეპიზოდში კი, გიორგი ლორიამ არ დაანება გოლის გატანა ამ მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელს აარონ რემზის.

აი, ჩვენ კი, შეტევებში აშკარად მოვიკოჭლებდით: ზემოთ ნახსენები გიორგი მერებაშვილის სახიფათო დარტყმასა და ოთარ კაკაბაძის გარღვევას თუ არ ჩავთვლით, სტუმართა დაცვა, ფაქტობრივად, არც შეგვიწუხებია. საბოლოოდ კი მოიგო იმ გუნდმა, ბევრად უფრო მეტი მოტივაცია რომ ჰქონდა და რაც მთავარია, ბევრად უფრო მაღალი კლასის ფეხბბურთელები რომ გამოდიან...

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტური
06.10. თბილისი. დინამო არენა. 20 000 მაყურებელი
საქართველო-უელსი 0:1
გოლი: 0:1 ლოურენსი (49. რემზის პასით)
საქართველო (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ს. კვირკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი (76. ჯიღაური) - მერებაშვილი, გვილია (89. ხოჭოლავა), კანკავა, ყაზაიშვილი - ქვილითაია (76. სხირტლაძე).
სათადარიგოები: უ. ლობჟანიძე, ლ. დვალი, ჰუფნაგელი, კიტეიშვილი, ჭანტურია, აბურჯანია, დვალიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
უელსი (4-2-3-1): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - ალენი, ლედლი (81. ედვარდსი) - კინგი, რემსი, ლოურენსი (90. ვუდბერნი) - ვოუკსი (74. რობსონ-კანუ).
სათადარიგოები: ამპადუ, ტეილორი, ბრედშოუ, ლოკიერი, ბრუკსი, ჯ. ვილიამსი, უორდი, მაქსველი
მწვრთნელი: კრის კოულმენი
გაფრთხილება: ლოურენსი (55)
არბიტრი: ხ. მანსანო (ესპანეთი).

ავსტრია-სერბეთი 3:2
გოლები: 0:1 მილოიევიჩი (11), 1:1 ბურგშტალერი (25), 2:1 არნაუტოვიჩი (76), 2:2 მატიჩი (83), 3:2 შაუბი (89)
ავსტრია (4-2-3-1): ლინდერი - ბაუერი, დანსო, დრაგოვიჩი, ვობერი - ბაუმგარტლინგერი, ილსანკერი - გრილიჩი (77. ლაზარო), კაინცი (61. შაუბი), არნაუტოვიჩი - ბურგშტალერი (82. გრეგორიჩი).
სერბეთი (3-5-2): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ს. მიტროვიჩი - რუკავინა (69. ლიაიჩი), მილოიევიჩი, მატიჩი, კოლაროვი, ტადიჩი - გაჩინოვიჩი (87. პრიოვიჩი), ა. მიტროვიჩი.

ირლანდია-მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 მერფი (2), 2:0 მერფი (19)
ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უარდი - ჰულაჰანი (79. მაკგიდი) მეიერი, ჰენდრიკი, ოდოვა - ლონგი (83. მაკგუაირი), მერფი (79. არტერი).
მოლდოვა (4-5-1): ჩებანუ - ბორდეანი, რაკუ, ეპურეანუ, რაზგონიუკი - პლატიცა (79. ამბროსი), გაცკანი, ანტონი, იონიცა, დედოვი (55. კოციუკი) - გინსარი.
გაძევება: გაცკანი (90. მოლდოვა).

ბოლო ტური
9 ოქტომბერი
სერბეთი-საქართველო 22:45
უელსი-ირლანდია 22:45
მოლდოვა-ავსტრია 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული