შესაძლოა, ვილიმ ერთგვარ ბირთვს მართლაც მიაგნო და მომავალში სიურპრიზები იშვიათად იქნება, თუმცა ერთა ლიგამდე ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელ შანსს მთავარი მწვრთნელი რატომღაც არ იყენებს. თუკი "ჯვაროსნებში" ფრანგის განვლილ მოღვაწეობას დავაკვირდებით, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე, თუკი ამის საჭიროება დაინახა, დებიუტანტებსაც თამამად დაეყრდნოს.
დასჯა და რეაბილიტაცია?!
რამდენჯერმე დავრწმუნდით, რომ
ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია - ზემოთქმულის დადასტურების კარგი მაგალითებია. ამჟამად ეს "ულსან ჰიუნდაის" შემტევზე ითქმის - ვაკო სექტემბრის დაპირისპირებებში ცუდად გამოიყურებოდა, სამხრეთ კორეაში შედეგიანი სეზონი აქვს და ოქტომბრის მატჩებისგან განსხვავებით, ისევ "ჯვაროსნების" რიგებშია.
სად გვჭირდება ალტერნატივა?
არსებობს პოზიციები, სადაც კონკურენციის გარკვეული მცდელობების მიუხედავად, მაინც საკადრო დეფიციტია და ახალ ფეხბურთელებს ველოდით/ვისურვებდით.
ნიკა კაჭარავა მართლაც კარგ ფორმაში შედის, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ახალი სახე ვერაფრით იქნება. სანიოლს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა აქამდე არ მისცემია, თუმცა ფრანგი სპეციალისტი "ანორთოსისის" ფორვარდის თამაშის სტილსა და შესაძლებლობებს მაინც კარგად უნდა იცნობდეს. ისე ჩანს, გიორგი მიქაუტაძის გარდა, ვილი წინა ხაზზე ისევ მოთამაშეების ძიებაშია. აქედან გამომდინარე, წლის უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში სხვა კანდიდატების მოსინჯვა რატომ არ შეიძლებოდა, რთული სათქმელია.
სანიოლის სადებიუტო მატჩების შემდეგ გიორგი ბერიძეზე უარი ითქვა. არადა, მას უნგრულ "უიპეშტში" კარგი პერიოდი აქვს, სანაკრებო შანსი კი აღარ ეძლევა.
ოთარ კაკაბაძის უთამაშებლობის დაბალანსება ბათუმის "დინამოს" მცველ გრიგოლ ჩაბრაძეზე დაყრდნობით ხდება, თუმცა, ამ პოზიციაზე კიდევ უფრო მეტია საჭირო. მით უმეტეს, კოსოვოში ახალი სათამაშო სქემა ვნახეთ, რასაც საბა ლობჟანიძე მშვენივრად მოერგო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი, რომელსაც თურქეთის ჩემპიონატში ავლენს, გარკვეულწილად დაიკარგა.
თუკი ეროვნული ლიგიდან მოთამაშეების მიწვევაზე ვსაუბრობთ, "ლოკომოტივის" მარჯვენაფლანგელი თორნიკე კირკიტაძე ნამდვილად გამორჩეულია - მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელს 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.
მეკარის განსაზღვრა
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გზაზე დიდი გეგმები აქვს და გიორგი მამარდაშვილი რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად მოემზადება. ეს ნაკლებად გასაკვირია. ამ გადაწყვეტილებით ერთი რამ გამოიკვეთა - ვილი სანიოლს გიორგი ლორია არც ისე შორს ჩანიშნულ "ერთა ლიგის" გათამაშებაში ისევ ძირითად კიპერად წარმოუდგენია.
სამწუხაროა, რომ გიორგი მაკარიძის საკლუბო ამბები ისევ დაულაგებელია. "ალმერიას" მეკარეს ნამდვილად ჰქონდა რესურსი და ამბიცია, ეროვნულ ნაკრებში სასტარტო შემადგენლობაზეც კი ეფიქრა.
მთავარი - სანიოლის მომავალი
მართალია, უკვე მომავალ წელზე ვფიქრობთ, თუმცა ვილი სანიოლს გულშემატკივრებისა თუ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ პოსტზე ყოფნას იმსახურებს.
კოსოვოსთან დაპირისპირება სასიამოვნო მხოლოდ გამარჯვების გამო არ იყო - მთავარმა მწვრთნელმა წარმატებისთვის ახალი ტაქტიკური სქემა შემოგვთავაზა და ნაკრებიც უფრო პროდუქტიულად ათამაშდა. კარგი იყო, რომ შეტევის განვითარებისთვის რაღაც განსხვავებული მოვიფიქრეთ და მხოლოდ ჩაწოდებების ამარა არ დავრჩით. აუცილებელია, გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მეტად ჩაერთოს და ის ნახევარდაცვისგან მოწყვეტილი არ იყოს. სამწუხაროდ, თუკი რუმინეთთან ივნისის შეხვედრას არ ჩავთვლით, ეს ასე არ ხდებოდა.
შვედეთთან თამაშში უნდა დავინახოთ ის მონდომება, რაც განსაკუთრებით, სექტემბერში ასე გვაკლდა და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ როგორც თამაშის ხარისხის მომატება, ასევე გარკვეული შედეგების დადება შეუძლია.
Არაფერი გვეშველება სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება 100% უფასო,არ მოისპობა ბავშვთა ფეხბურთში და ასაკობრივებში კორუფცია და ნაცნობ მეგობრობა,სანამ გუნდებში 15,20,30 წუთი,მეორე ტაიმი და ძირითადში დაყენება ეღირება ფული!!!
5 წელიწადში წამოვლენ მგლებივით ბიჭები და აი მაშინ კი გამოჩნდებიან ნამდვილი ვარსკვლავები და არა ძალით გაპიარებული ისეთი,,ვარსკვლავები"ერთ კაცს რო მოატყუებენ და მთელი ერი ფეიერვერკებით ავღნიშნავთ ხოლმე...
Წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველ სპორტსმენს და მაინც მჯერა რო ნაგუბარში წყალი კიდევ ჩადგება.