საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრებს მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (3:0) აჯობა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში დარჩენა, ფაქტობრივად, გაინაღდა.

მატჩამდე

საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, სომხეთში გამგზავრება და ყველაფერზე ადგილიდან დაკვირვება მატჩის წინა დღიდან შევძელით. სომეხი გულშემატკივრები აშკარად აღიარებდნენ, საქართველოს დღევანდელ ნაკრებთან ისინი
აუტსაიდერები იყვნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მოწიწებით ახსენებდნენ...

წარსული საფეხბურთო დაპირისპირებებიდან და მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ბრძოლის მოლოდინი იყო, რაც არ შედგა.

მოგეხსენებათ, შეხვედრა ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარდა. იქნებ სომხური ფეხბურთის ახალ სისხლს ძველი სტადიონის რეკონსტეუქცია
დაეხმაროს. შეუძლებელია, ისტორიული "რაზდანი" ასე "მიგდებული" იყოს და ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი ტრიალებდეს. თუკი განაცხადი დაკმაყოფილდა და საქართველო/სომხეთში 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ეს მათთვის სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი იქნება...

Sportall.Ge

შემადგენლობა და ტაქტიკა

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, რაც ბოლოს თბილისში განაცხადა. ფაქტობრივად, დაანონსებულ ტაქტიკურ სიახლეს ველოდით. აქედან გამომდინარე იყო ჩვენ მიერ რამდენიმე დღით ადრე შედგენილი სავარაუდო შემადგენლობაც, სადაც ერთი აცდენა გვქონდა - მინდვრის ცენტრში, მოულოდნელად, ნიკა კვეკვესკირი ვნახეთ და არა ანზორ მექვაბიშვილი.
გურამ კაშიას არყოფნაში ვილი სანიოლმა ჩათვალა, რომ სამმცველიან ტაქტიკის შუაში მისი პირდაპირი შემცვლელის პოვნა გაუჭირდებოდა, ამიტომ სიახლისთვის კარგი დრო იყო. შეხვედრის ბოლოს ფრანგი მწვრთნელი სამ უკანახაზელზე მაინც გადავიდა და იქ ცენტრალური ადგილი საბა გოგლიჩიძეს ჩააბარა; ოთარ კიტეიშვილი იმ პოზიციაზე ვიხილეთ, სადაც გუნდში ვხედავთ, "ათიანზე". ის მშვენიერი იყო, უბრალოდ ნაკრებში მისი თამაში "ექვსიანის" პოზიციაზე იმის შემძენი გვგონია, რაც გუნდში სხვას ნაკლებად შეუძლია...

მატჩი

შეხვედრა მძიმედ დაიწყო. საქართველოს ნაკრებს ბურთის გათამაშება და პრესინგის დაძლევა უჭირდა, მოწინააღმდეგე სივრცეებს არ აძლევდა და თვითონ ცდილობდა, ის აქეთ ეპოვნა. ცოტა ხანში კარგად გამოჩნდა, საქმე სხვადასხვა კლასის გუნდებთან რომ გვქონდა და როცა ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთი მახვილგონივრული პასი თუ მოქმედება მატჩის სცენარს ატრიალებს. ასე იყო ახლაც, რამაც "ჯვაროსნებს" "ფრთები შეასხა" და მოედნის ყველა მონაკვეთში სიტუაციას აკონტროლებდა.

ეს არ იყო შეხვედრა, სადაც ყოველთვის შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ერთმა გოლმა დაძაბოს და ა.შ. საქართველის ნაკრები აღარც ის გუნდია, პრობლემები გამოიგონოს, სიტუაციის კონტროლი დაკარგოს და ეგოიზმმა გუნდურობა ჩამოშალოს.

Sportall.Ge

ის, რაც ახალია

საბა გოგლიჩიძეს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ისე კი მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცით. მატჩდეც დავწერეთ, "ემპოლის" მცველი ახალ სიტყვას იტყოდა და ასეც მოხდა. გოგლიჩიძე არა უბრალოდ კარგად თამაშობს ფეხით და პასებს აკეთებს, არამედ შეუძლია, ცენტრამდე ამოიწიოს და ნახევარმცველის ფუნქციებიც კი შეითავსოს. თანამედროვე ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია.

ორთაბრძოლების დროსაც ვნახეთ, საბას იტალიური სკოლა როგორ ეხმარება, საკმაოდ ხისტი და თამამია.

საინტერესოა, რომ საერთაშორისო გვერდებზე გოგლიჩიძეს გუნდში ყველაზე დაბალი (კვეკვესკირის შემდეგ) შეფასება აქვს, რაც იმით უნდა იყოს გამოწვეული, რამდენჯერმე პოზიციური შეცდომა დაუშვა. ეს ისაა, გამოცდილებითა და შეთამაშებით რომ დაიძლევა. მთავარია, საკუთარ თავზე მუშაობა არ შეჩერდეს!

კიდევ ერთი სიახლე იმას დაუკავშირდა, ქართველმა მეკარემ საგოლე პასი რომ გააკეთა. ეს ისაა, რაც გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულისა" და ალისონის შემცვლელის გზაზე აუცილებლად დაეხმარება.

სომხეთთან თბილისში კვარაცხელიაც ითამაშებს...

Sportall.Ge

დამაინც...

საქართველოს ნაკრებს ახლა სწორება შემოდგომასა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე აქვს. შესაბამისად, ყველაფერი მასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. გამარჯვების შემდეგ ნეგატივზე ყურადღდბის გამახვილება თითქოს არც ღირს, არადა, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი შეცვლაა საჭირო და რა შეიძლება უკეთ. თანამედროვე ფეხბურთისკენ სვლა კარგია, მაგრამ ამ გზაზე კიდევ უფრო მეტი გვურს, მუნდიალზე თამაში.

საქართველოს ნაკრებს და მის თითოეულ წევრს მადლობა ეკუთვნის იმ მცდელობისთვის, ფეხბურთით დიდი სიამოვნება რომ მივიღოთ!..

alt3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altსანიოლი: დღეს აქცენტი ცვლილებებსა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
მოგება კარგია, მაგრამ თვალში მომხვდა ბევრი შეცდომა, ზურიკო ხშირად კარგავს ბურთს ისეთ სიტუაციებში პასი რომ უნდა მისცეს და ეს ჯიუტად ცდილობს ვიღაცას ბურთი გაუძვრინოს ფეხებში, აზაროვი დაცვაში კარგი იყო, მაგრამ იყო მომენტები როცა შეტევაში სივრცეც ქონდა და მარტო ერთი კაციც ედგა, მაგრამ არ მიდიოდა და უკან 30 მეტრიან პასებს აკეთებდა, კვეკვე აშკარად ყველაზე სუსტი იყო, თან თავიდანვე გააყვითლეს და რატომ არ შეცვალა ვერ მივხვდი, ლოჩოს ასეთი დამაჯერებელი თამაში მე არ მახსენდება ღმერთმა ჯამრთელობა მისცეს, შეცვლაზე ვინც შემოვიდა ფაქტიურად არ ან ვერ ითამაშეს ბოლო 30 წუთი მოსაწყენი იყო, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავის გაამტყუნებ.
Givi
22:35 21-03-2025
3
დროე კვეკვესკირს მადლობა გადავუხადოთ და დამსახურებულ პენსიაში გავუშვათ...ახალ სპორტის სახეობას თამაშობს, ფეხბურთი კუს ნაბიჯებით სიარული, თანაც პირველივე წუთებზე გააყვითლეს, სანიოლმა კი არ შეცვალა (რაც მისი აშკარა შეცდომააა)
როკო
18:02 21-03-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული