ლეგიონის უქმეები: იდეალური მხოლოდ საბას ჯარიმა იყო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერებისთვის ნაკლებად ნაყოფიერი კვირა გამოდგა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" შინ "მატესბურგთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 8 ტურის შემდეგ "შტურმი" მეექვსე პოზიციაზეა.

აშშ
ქართველების "სან ხოსე" "ლოს ანჯელესს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილმაც და გურამ კაშიამაც შეუცვლელად ითამაშეს. "სან ხოსე" 30 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" მინსკის "ლუჩს" 3:2 სძლია. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 21 ტურის შემდეგ მინსკის "დინამო" მეორე ადგილზეა.

ბელგია
ქართველების "გენტი" შინ ცხრილის ლიდერთან, "ბრიუგესთან" 0:4 განადგურდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად
ითამაშა, გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს. "გენტი" რვა ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.

ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "ოსიეკს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" "ალკი ოროკლინის" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ბექა მიქელთაძემ 90 წუთი ითამაშა, ნიკა კაჭარავა კი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო. "ანორთოსისი" 4 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" "ვეილს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციას იკავებს.

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" შინ "ვენდისსელს" 2:0 სძლია. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე მისი ლამაზად შესრულებული ჯარიმით გაიხსნა ანგარიში. საბოლოოდ საბა 86-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მეშვიდე ადგილზეა.


ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" გეგი კეკუას "პარნუ" 3:0 გაანადგურა. ბეგლარიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და ბოლო გოლი მან 92-ე წუთზე გაიტანა. რაც შეეხება კეკუას, ის ძირითადში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. 28 ტურის შემდეგ "ფლორა" მეორე ადგილზეა და "პარნუ" მეათე ადგილზე (ბოლო, გასავარდნი ზონა). ზაქარია ბეგლარიშვილი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მას მიმდინარე სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი და ლიდერს სამი ბურთით ჩამორჩება.


საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" შინ "ბრესტთან" 1:2 დამარცხდა. ნაკრების ფეხბურთელი შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო. "გრენობლი" რვა ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" თასზე "კომარომი" 3:1 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "ბატასზეკი" 7:1 გაანადგურა. ერთი გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა, მან 28-წუთზე გამოიჩინა თავი.

ყაზახეთი
ქართველების "ტობოლი" გასვლაზე "აქტობესთან" 1:3 დამარცხდა. ჯაბა კანკავამ შეხვედრა სრულად ჩაატარა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ნიკა კვეკვესკირს ტრავმის გამო არ უთამაშია. "ტობოლი" 26 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზეა.

ლაშა კასრაძის "ჟეტისუმ" "კაირატს" 1:0 სძლია. ჩვენებურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" "სპარტაკს" 0:0 ეთამაშა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 21 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.

გიული მანჯგალაძის "ვენტისპილი" "ვალმიერას" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მანჯგალაძე შეხვედრაში მე-60 წუთზე ჩაერთო. "ვენტისპილი" მეორე ადგილზეა.

ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო" სტუმრად "ნესტ-სოტრასთან" 0:1 დამარცხდა. ჯავაშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 24 ტურის შემდეგ ბოლო, მეთხუთმეტე ადგილზეა.

პოლონეთი
ლუკა ზარანდიას გდინიის "არკამ" პოზნანის "ლეხი" 1:0 დაამარცხა. ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ის 92-ე წუთზე შეცვალეს. "არკა" 9 ტურის შემდეგ მეათე ადგილზეა.


"კრაკოვმა" გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" 3:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ. "პლოცკი" მეცამეტე ადგილზეა.

ლაშა დვალის "პოგონმა" "ვისლას" 2:1 სძლია. დვალმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი მე-14 პოზიციას იკავებს.

პორტუგალია
გიორგი არაბიძის "ნასიონალი" "ფერეირენსეს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. არაბიძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. "ნასიონალი" 5 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა.

ავთო ებრალიძის "ჩავესი" "ბოავისტას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ებრალიძე სათადარიგო იყო და 76-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. "ჩავესი" მეათე ადგილზეა.

რუსეთი
ტულის "არსენალმა" "რუბინს" უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ეთამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ მეათე პოზიციაზეა.

მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდად ასპარეზობს საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი", რომელიც ამჯერად სტუმრად "ზენიტთან" 3:5 დამარცხდა. ჩვენებურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მე-11 ადგილზეა.

altსაბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით


ჯიმი ტაბიძის "უფა" "როსტოვს" ესტუმრა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. "უფა" ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

"კრასნოდარი" "ანჟის" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. თორნიკე ოქრიაშვილი სტუმართა შემადგენლობაში სათადარიგო იყო. "კრასნოდარი" მეოთხე ადგილზეა.

ესპანეთი
ქართველების დაპირისპირება შედგა ესპანეთის მეორე ლიგაში - "სარაგოსას" "ლუგო" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი მინდორზე მეორე ტაიმის განმავლობაში გამოჩნდა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა და 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 6 ჩატარებული ტურის შემდეგ "სარაგოსა" მერვე ადგილზეა, "ლუგო" - მეთორმეტეზე.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "ციურიხს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა, ვაკო გვილია 65-ე წუთზე შეცვალეს. შვიდი ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეხუთე ადგილზეა.

უკრაინა
ლუკა კობერიძის "დესნა" კიევის "დინამოს" ესტუმრა და 0:4 განადგურდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. "დესნა" 9 ტურის შემდეგ მე-7 პოზიციაზეა.

"შახტარმა" "ჩერნომორეცი" მიიღო და 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის პოლტავის "ვორსკლა" ზაურ მახარაძის "ზორიას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს სანდრო კობახიძის შეცვლა იძულებით, 43-ე წუთზე მოუწიათ, რადგან ქართველმა შემტევმა ტრავმა მიიღო. რაც შეეხება ანდრო გიორგაძეს, ის განაცხადში არ ყოფილა. ზაურ მახარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო. "ვორსკლა" მეოთხე ადგილზეა, "ზორია" - მეხუთეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული