ლატვიურმა "ელგავამ" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა.
ირაკლი ბიძინაშვილი ლატვიაში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
პრეზენტაციაზე მისულ ფანებს სიტყვით"ელგავას" მთავარმა მწვრთნელმა მარიან პაჰარმაც მიმართა.
"ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს. რა მიზნები დავისახეთ? მე არ მიყვარს ლოზუნგებით საუბარი. ვიცი, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ისიც ვიცი, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე "ელგავა" სათანადო დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით, თუმცა ამისთვის ყველა პირობა გვაქვს", - განაცხადა პაჰარმა.
აღსანიშნავია, რომ "ელგავას" რიგებში კიდევ ერთი ქართველი,
23 წლის შემტევი გურამ ლუკავა ასპარეზობს. ლატვიური "ვირსლიგა" სტარტს 9 მარტს აიღებს, "ელგავა" კი პირველ ტურში "რიგას" დაუპირისპირდება.
ირაკლი ბიძინაშვილი "საბურთალოს" აღზრდილია, "ელგავაში" კი ის მიმდინარე წლის თებერვალში, ერევნის "არცახიდან" გადავიდა.
მომზადებულია fkjelgava.lv-ს მიხედვით