უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
რა ჩავარდნა, რის ჩავარდნა? ალბათ თამაშისთვის არ გიყურებიათ.ხვიჩა, მიუხედავად პენალტის გაფუჭებისა, ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
მირზა
21 აპრილი 2023 21:00
5
ხვიჩა არის შესანიშნავი პეხბურთელი!! უდავოდ და ჩვენი სიხარული!!
მაგრამ შევხედოტ სიმარტლეს ტვალებში: დავეტანხმები იტალიელ კრიტიკოსს რომელმაც ტქვა რომ პენალტი ხვიჩას გარდა შეიზლებოდა დაერტყა სხვას. ხვიჩა ძალიან კლასიკურ , მეკარისტვის ადვილადა ასაღებ პენალტებს ურტყამს, ამიტომ ჯობდა სხვას დაერტყა. სულ ეს არის.
წარმატებები ხვიჩას!!!
mia
21 აპრილი 2023 21:10
1
მეორეჯერ ვნახე ეს თამაში, ბევრი საფეხბურთო ბლოგერის სიუჟეტიც ვიხილე. მე, ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივარმა ერთი დასკვნა გავაკეთე: ხვიჩამ კარგად ითამაშა-განსაკუთრებით მეორე ტაიმში-ორჯერ მაგრად გაარღვია მილანის დაცვა და იმ მცველებში კალაბრიაც იყო, რომელზეც ბევრი იტალიელი და ქართველი ამბობს, რომ ხვიჩა ამოკეტაო. ამოკეტა კი არა ბოდიში და ფეხები. აბა ზუსტი ყოფილიყო ორივე დარტყმა, როცა ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს, მაშინ რას იტყოდნენ? პენალტზე არაფერს ვიტყვი. ერეთი რამ ცხადია, ამ ბიჭმა იმედი დაგვიბრუნა. წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს
ბიძინა კუკულაძე
21 აპრილი 2023 20:53
1
მილანის გასვლას და ინტერის გასვლას რა აზრი აქ, შეჭამს სიტი ცალკარა იქნება დამიჯერეთ, აი რეალთან კიდე ფინალში თამაში რას ნიშნავს კარგად ვიცით ბენზემას ერთი მომენტი უნდა რომ გაიტანოს ამით მორჩება კინო. სიტი ჩემპიონია ჩემი აზრით.სიტი რეალი ფინალი უნდა ყოფილიყო...
289
21 აპრილი 2023 20:33
1
ნერვები მეშლება ამ საშუალო დონის ფეხბურთელების თუ ვიღაც სირმანჯოების კომენტარებს რომ დებთ კვარა შეაჩერა კალაბრიამო ხო კიდევ ნავტალინიდან ამოღებული ნესტა მალდინი სტამი მიაშველონ კალაბრია ბრაჰიმს და კიდევ ვიღაც მესამე მცველს და კიდევ უფრო მაგრად ამოკეტავს!!! კვარამ რაც მომენტები შექმნა 5თამაშს ეყოფოდა!!! ვინისიუსი ვინც ამოკეტა ეს არაუხო იყო და ყველამ აღიარა კალაბრია არა შვარწკოფი!
რონი
21 აპრილი 2023 19:28
2
არავინ არავის არ უშლის არავის გულშემატკივრობას, უბრალოდ უცნაურია, რომ ვიღაც გუნდს ან პიროვნებას (ამ შემთხვევაში მილანის და მალძინის გულშემატკივრებს ვგულისხმობ) გულშემატკივრობ, რომლის წარმატება პრაქტიკულად არაფრის მომტანია არც შენთვის და არც შენი სოციუმისთვის, ნაპოლის წარმატება, ამ შემთხვევაში იგივე ხვიჩას წარმატება იქნებოდა, ხვიჩას წარმატება იგივე ქართველი ფეხბურთელების წარმატება და მსოფლიო ფეხბურთის მიერ მეტი დაინტერესება ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების მიმართ. ხოდა კაცი, რომ თავის შვილების მომავალს არ გულშემატკივრობს უცნაურია აბა რა არის?
უვიცი
21 აპრილი 2023 19:22
2
სანამ ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე არ გავლენ, ჩემპიონთა ლიგას ნუ უყურებ, ნურც მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს. პრაგმატული გულშემატკივრობა რას ნიშნავს? არსებობს ასეთი რამ? 30 წელი რომ საყვარელი გუნდი მყავს და მისი გულშემატკივარი ვარ, ახლა ნაპოლიზე უნდა გადმოვერთო, იმიტომ რომ იქ ქართველი თამაშობს? ხვალ რომ ლივერპულში გადავა ხვიჩა, ყველა ლივერპულში გადავყვეთ? ესაა გულშემატკივრობა?
ციციკორე
22 აპრილი 2023 10:52
1
ცოტა არაპროფესიონალური სტატიაა.

"რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ"

ეს რა იყო ვერ გავიგე, 1999 წლიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ანუ რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე და მაგრად მაინტერესებს რა უნდა მექნა არ მეგულშემატკივრა. ის რა თქმა სიდებილე და ღვარძლიანიბა რომ ხვიჩას ჯიბრზე უქომაგო, მაგრამ ვართ ხალხი რომელსაც ხვიჩას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ტანახმა ვიყავი 5-4 დამთავრებულიყო მილანის სასარგებლოდ და ის 4ვე ხვიჩას გაეტანა მაგრამ ცოტა ძნელია გულგრილად უყურო გუნდს რომელსაც ათწლეულებია გულშემატკივრობ.
ზურა
21 აპრილი 2023 18:35
21
რა არის საკამათო და გაუგებარი იმაში, რომ მე ან სხვა რომელიმე გუნდს გულშემატკივრობს?! მაგალითად, კალათბურთის მოყვარულებმა იციან, რომ გულშემატკივრები კი არა, გულშემატკივრების თაობები ჰყავთ "ბოსტონს, "ლეიკერსს", ჯორდანის "ჩიკაგოს" მაისურები დღესაც აცვიათ - რატომაც არა?! ხდება ასე, რომელიმე კონკრეტული გუნდი, მუსიკა, ტექსტი, ფილმი და ა.შ. რაღაც მომენტში ხდება სიხარულის მომნიჭებელი შენთვის, "შენიანი", შენი ემოციების ნაწილი და რა შუაშია აქ ეროვნება და ქვეყანა? მაგ ლოგიკით მსოფლიო ჩემპიონატებს მარტო მონაწილე გუნდების ქვეყნები უნდა უყურებდნენ. წარმატება ჩვენს გადასარევ ხვიჩას და "ნაპოლის", მაგრამ დავუტოვოთ ერთმანეთს გულშემატკივრობის არჩევანი და უფლება აჯობებს...
მასტერს
22 აპრილი 2023 13:19
0
ჩემო ზურა, ისე სანამ 1999 წელს “მილანს” დაუწყებდი გულშემატკივრობას, აკაკი წერეთლის “ღამურა” წაგეკითხა არ გაწყენდა. არც ეხლაა გვიან.
ირაკლი
22 აპრილი 2023 08:32
1
ყველა გამოხმაურება
ესაა კაპიტალიზმი ჩემო ძვირფასებო, რაც იყიდება, იმას წერენ, ხვიჩას ფსიქიკაზე და განვითარებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, აკომენტაროს და ხვალაც ბევრი შემოვიდეს წასაკითხად. ასხამენ ხოტბას და კომენტარებშიც მიდის გულში მჯიღის ცემა, ამდენი ხანია კაცი ნაპოლიშია და ერთი სტატია თუ დაწერილა, სადაც შეცდომებზე ილაპარაკებდნენ, გააკრიტიკებდნენ და განვითარებაზე იფიქრებდნენ, არა ხოტბა უნდა ვასხათ და ვაგინოთ სხვებს სუყველას, მარტო ხვიჩაა ყველაფერიო. საუკეთესო იყო გუშინდელ მატჩიო, თქვე კაი ხალხო, ორივე პენალტი (დანიშნულიც და არ დანიშნულიც) მარჯვენა ფრთიდან შეიქმნა, გოლი მარჯვენა ფრთიდან გავიდა, პენალტი ხვიჩამ გააფუჭა, ბოლო შეტევის დროს ბურთი ხვიჩამ გადააგდო და საუკეთესო რანაირად იყო ერთი გამაგებინეთ? ეს ბრმა რასაც დაინახავდა ისინი ჩამოვთვალე მხოლოდ, თორემ შეცდომები კიდე იყო. ამ სიცრუის ლაპარაკს და ხვიჩა საუკეთესოას ძახილს და მთელ გუნდს ეგ ათრევს ლაპარაკს არ ჯობია ისიც ვთქვათ, რაც შეცდომები ჰქონდა და კარგი რაც იყო იმასაც გავუსვათ ხაზი ვინ გვიშლის?
უვიცი
21 აპრილი 2023 18:03
9
კაი ერთი. მერე მაგ კაპიტალიზმის წყალობით, ვარსკვლავები მილიონებს რომ შოულობენ, ეს ხომ არ ურტყამს ფაქიზ ფსიქიკას?! თქვენ რა გინდათ, სულ ტაში უკრან, ფული მისცენ და კრიტიკა არ იყოს? ბოდიში, მაგრამ წარმატებული ფეხბურთელები, 2 კვირაში იღებენ იმდენ ხელფასს, უბრალო მოკვდავებს, მთელი ცხოვრება რომ არ გვეღირსება და რამენაირად აიტანონ, თუნდაც დაუმსახურებელი კრიტიკა.
ციციკორე
22 აპრილი 2023 10:44
0
ხვიჩას გამო ვერ გავიდა ნაპოლი შემდეგ ეტაპზე( პირველ თამაშში 100% გასატანი ვერ გაიტანა ცარიელ კარში , მეორეში პენალი გამაზა) და კიდევ ნაპოლია უმადური??!! ისე პრესის ბრალია რაც ხვიჩას ემართება , მისი რეგრესი. ასეთი სტატიები უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელზე თითქოს საუკეთესოა და მაგისთანა ფეხბურთელი მეორე არ არსებობს და ეგეთები. კაი რაა!
მათე
21 აპრილი 2023 16:55
8
პირიქით, ხვიჩას წყალობით მივიდა ნაპოლი მაქამდე!!! გაეტანათ სხვებს თუ შეეძლოთ, ვინ დაუშალა? მთელი ნაპოლი ხვიჩაა და მეტი არავინ?
მათეს
21 აპრილი 2023 23:53
0
"მადა ჭამაში მოდისო" ასეთი შეფასებით დავიწყებ. ამ შედეგამდე მოსული ნაპოლი არც ერთ ოცდამეერთე საუკუნეში დაბადებულ გულშემატკივარს არ უნახავს. მავანნი ისეთ მადაზე არიან მოსულები, რომ ამ ლიგაში (სერია ა) დებიუტანტი ფეხბურთელის მართლაც წარმატებული თამაში არ ყოფნით და რაღაც მისტერიულს ელიან. ჯანსაღი კრიტიკა კარგია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც მაგრამ, ზოგი რასაც წერს განსჯა და კრიტიკა კი არა თავზე გად@ჯმაა. ასე რომ ასეთი სიტყვებით დამთავრება მოუხდება ამ კომენტარს - "უნახავმა რა ნახაო".
გიგი
21 აპრილი 2023 16:39
4
ეს ხაფანგი კაი გამისდით კვარას წინააღმდეგ
ხვიჩამ ერთი კაცი უნდა საიყენოს გვერდით, მაგ ხაფანგიდან ამოსასვლელად.
კედელი გაუთამაშოს და იქ უკვე ან ჯარიმას აკიდებს ან კიდევ შორიდან დაუქნევს ხელს ე.წ. " ხაფანგს".
მე გამოსავალს ასე ვხედავ
თენგო
21 აპრილი 2023 14:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული