"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კახა გოგიჩაიშვილი ტექნიკური თამაშით გამორჩეული იყო და საინტერესო საკლუბო კარიერა ჰქონდა. 54 წლის გოგიჩაიშვილს არაერთი ქართული გუნდი გაუწვრთნია, ბოლოს ის "გარეჯს" თავკაცობდა, 2022 წლის შემდეგ კი უმუშევარია.

- უფრო მეტ წარმატებას ე.წ. პატარა კლუბებში აღწევთ, სადაც კონკრეტულ მიზნებს ასრულებთ. ეს შემთხვევით ხდება თუ თქვენი ერთგვარი ხელწერაა?
- ამ მოსაზრებაში, შესაძლოა, დაგეთანხმოთ. წარმატების მიღწევა უფრო მარტივი მაშინაა, როცა ხელმძღვანელობასთან დალაგებული, ბოლომდე შეთანხმებული ურთიერთობა გაქვს, საერთო მიზნისკენ ერთად მიდიხართ. როგორც ჩანს, გარკვეულ კლუბებში ამის მიღწევა უფრო რთულია.

-
გვახსოვს, თბილისის "დინამოდან", სადაც მრავალი წელი ასპარეზობდით, მთავარი მწვრთნელობიდან მოულოდნელად გაგათავისუფლეს. რა მოხდა მაშინ?

- მიუხედავად იმისა, რომ კლუბისგან დასახული მიზანი - საქართველოს თასზე გამარჯვება და ჩემპიონატის სამეულში მოხვედრა წარმატებით შევასრულეთ და ევროსეზონისათვის ვემზადებოდით, უკანასკნელი ტურის წინ მოულოდნელად გამათავისუფლეს.

რა თქმა უნდა, ეს საწყენი იყო. არც კი მსმენია, მწვრთნელს ასე მოქცეოდნენ და ამ პერიოდში გაუშვან...

ჩვენი კლუბების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ასე მუშაობს - თავის გამოსაჩენად დიდ დროს არავის აძლევენ, ერთი ფეხის დაცდენა და კარისკენ მიგითითებენ. გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა ნაკლებადაა. იგივე დამოკიდებულებაა ფეხბურთელების მიმართაც, როცა ყოველ ექვს თვეში, ფაქტობრივად, ახალ გუნდს აკეთებენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ ნახსენები საკითხი ხელს რამდენად უშლის კლუბებს, ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გავიდნენ?
- სტაბილური გუნდების გარეშე წარმატებაზე ფიქრი უტოპიაა. გარდა ამისა, კლუბების ბიუჯეტიც არაა საკმარისი და მისი ზრდა აუცილებელია... გუნდებს არ ჩამოჰყავთ სათანადო კვალიფიკაციის ლეგიონერები. ყველა ამ დეტალის გათავისება თუ მოიტანს საერთო წარმატებას.

- მთავარი მწვრთნელი იყავით კიდევ ერთ ყოფილ და ისტორიულ კლუბში, ლანჩხუთის "გურიაში", თუმცა დიდი ხანი არც იქ გაგრძელებულა...

- "გურიაში" მუშაობისას გუნდის ხელმძღვანელობისგან იყო მწვრთნელის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევები. მაშინ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ყველა კლუბი კერძო საკუთრებაში უნდა იყოს. მუნიციპალური კლუბების განვითარება სწორედ ამ დამოკიდებულების გამოა შეუძლებელი.

- თქვენი საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი სამშობლოში გაატარეთ, იყო ისრაელში გამოსვლაც. რატომ ვერ მოხერხდა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში ასპარეზობა?

- გარდამტეხ პერიოდში ვთამაშობდი, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დამოუკიდებლობის პირველი წლები იყო, ეს კი გარკვეულ სირთულეებს ტრანსფერსაც უქმნიდა.

1996 წელს მე და გოჩა ჯამარაული "საუთჰემპტონში" ვიყავით სინჯებზე, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა. ამის შემდეგ უკვე პატარა ასაკშიც აღარ გახლდით და სადმე გადაბარგება კიდევ უფრო რთული გახდა.

- საფეხბურთო კარიერიდან დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბევრი გექნებათ...
- თბილისის "დინამო" მაშინ საქართველოს ნაკრების ტოლფასი იყო და განსაკუთრებული პატივისცემა გახლდათ. ძალიან კარგად მახსოვს 1989 წელს, მოსკოვის "სპარტაკთან" სტუმრად, "ლუჟნიკებზე" გატანილი გოლი.

ზოგადად, ჩემი თაობის რამდენიმე ფეხბურთელს პატივი გვქონდა, გარკვეული პერიოდი 1981 წლის "დინამოს" ფეხბურთელებთან ერთადაც გვეთამაშა.

- არაერთ ქართველ მწვრთნელთან გიმუშავიათ. უპირველესად, მათთან ურთიერთობამ რა შეგძინათ?
- დავით ყიფიანთან, მურთაზ ხურცილავასთან, ალექსანდრე ჩივაძესთან ურთიერთობით შეუძლებელი იყო, ბევრი რამ არ გესწავლა როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთაც და არ გამომადგეს სამწვრთნელო ასპარეზზე.

alt"ატლეტიკოში" არწასვლა, დაჭრა, კრიმინალში ჩართვა - ქართველი მეკარე, რომელმაც ბევრი გადაიტანა

მკითხველის კომენტარები / 6 /
კახას არ გაუმართლა ისეთ დროს დაიბადა ფეხბურთის თვალსაზრისით. მშვენიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან რომ თამაში დაიწყო სსრკ დაიშალა და მერე 5 წელი საქართველო იზოლაციაში იყო ფეხბურთში. ეს დაგვმართეს ოკუპანტებმა სხვა დანარჩენ უბედურებასთან ერთად. არ გვცნეს დამოუკიდებელ ფედერაციად და დიდად დავზარალდით ამით. ფეხბურთს ახლაც დაღათ ამჩნევია ის წლები. რომ არ ის წლები ჩვენი საკლუბო ფეხბურთი მეტად უკეთესი იქნებოდა ახლა.
G.LA
14:07 16-07-2023
0
მართლა უძნელესი წლები იყო, იმ ბობოქარ წლებში, მშიერ კუჭზე სირბილის გარდა ვერაფერი ვისწავლეთო.
ჟურნალისტის კითხვაზე; კი მაგრამ ეხლაო? ეხლა გაძღნენ და გამაძღარი ქართველი როდის იყო დარბოდა. ააა? ეგ ხომ სასწაულის ტოლფასიაო სიმონ?! გიჟის მეტი მაძღარი ვინ ოხერი ირბენს?
რას ერჩით სიმართლეს ამბობს, მარა ვის უნდა ესეთი სიმართლე? ხპედერაციას? არა მგონია.
კ ო მ ბ ლ ე
19:29 16-07-2023
3

სიახლეები პოპულარული