მადრიდის "რეალის" მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაშია" განათხოვრებული, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რაც კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ ჯამში.
ჰაკიმიმ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 6 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამდენივე შეხვედრაში კრიშტიანო რონალდომ თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მესის 2 გოლის გასატანად 5 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებს სათავეში "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი უდგას 10 გატანილი გოლით. 8 გოლი შეაგდო "ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა, თუმცა ის უკვე დაემშვიდობა ლიგას.
1/8-ფინალში გასული კლუბების ფეხბურთელებიდან ლევანდოვსკის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი "ტოტენჰემის" 10-იან ჰარი კეინს აქვს - 6.