ნეიმარი? მე ბონუჩისთან ერთად ვთამაშობ და ის ცუდი არ არის!
- ჰეფი ენდით დავიწყოთ. როგორ გრძნობთ თავს თქვენს ძმასთან, ანტონიოსთან ერთ ნომერში? ხომ არ გაირკვა, რომ ის ხვრინავს?
- არა, ეს მე ვხვრინავ. როცა მძინავს, ზარბაზანი რომ დამიცალო, მაინც ვერ გამაღვიძებ. ეს ხუმრობით. თუ სერიოზულად შევხედავთ, ძალიან ბედნიერები ვართ, ამდენხნიანი განშორების შემდეგ ისევ
- არ გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ ბევრი მიიჩნევს - ანტონიო გუნდში თქვენი გავლენითაა?
- ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ანტონიოსთან ერთად ვარჯიში მეც მიწყობს ხელს ზრდაში. ერთად ჩვენ შესანიშნავად ვვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, ხუმრობის გარეშე ეს არ ხდება. ძალიან ძნელია.
- არ გიფიქრიათ იმის თაობაზე, რომ ნეიმართან თამაში შეგეძლოთ? თქვენი აყვანა ხომ "პარი სენ-ჟერმენს" სურდა...
- ახლა მე ბონუჩისთან ერთად ვთამაშობ. მგონი, ის არ არის ცუდი ფეხბურთელი.
- სხვა ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისმა "იუვენტუსიდან" "მილანში" მისვლამ ყველაზე მეტად აჩვენა, რომ "როსონერი" შესანიშნავი იყო სატრანსფერო ბაზარზე...
- უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა მე გავიგე პირველად, რომ ის შეიძლება ჩვენთან მოსულიყო, გავქვავდი. ფაქტია, რომ "მილანის" ხელმძღვანელობამ უდიდესი სამუშაო შეასრულა. მჯერა, ლეოს მიერ კლუბისათვის გაწეული დახმარება, მათ შორის, ადამიანურ ასპექტშიც, შეუფასებელი იქნება.
- ისევ "პარი სენ ჟერმენს" დავუბრუნდეთ. როცა გაჩნდა პირველი კონტაქტები. თქვენ უკვე იცოდით, რომ საქმე ასეთ ამბიციურ გეგმებს ეხებოდა?
- სიმართლე გითხრათ, მე სულ "მილანზე" ვფიქრობდი. კი, იყო ძალიან ბევრი წინადადება, მაგრამ მე მათ არ ჩავღრმავებივარ. სულ მინდოდა, იმ კლუბში დარჩენა, რომელსაც მე ჩემს სახლად მივიჩნევდი და მივიჩნევ დღესაც.
"სან - სიროზე" დაბრუნებას ვუფრთხოდი
- იყო მომენტი, როცა თქვენი და თქვენი აგენტის მხრიდან "მილანის" მისამართით გაისმა სიტყვა "არა"...
- მაშინ მე მთლიანად ვიყავი კონცენტრირებული ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 18 წლის ვარ და ამ ტურნირს შეეძლო, ჩემს მომავალზე გავლენა მოეხდინა. მაშინ არ მეცალა გადაწყვეტილების მიღებისათვის. მინდოდა, ჩემპიონატის დასრულებას დავლოდებოდი. როგორც ვთქვი, მაშინ ბევრი წინადადება მივიღე. შემეძლო, გაცილებით მეტი თანხა გამომემუშავებინა, ვიდრე დღეს. საქმე ფულში არაა. ტურნირის განმავლობაში მოხდა სკანდალის პროვოცირება და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. და კიდევ ის შემთხვევა, როცა ქომაგებმა დოლარის გამოსახულებიანი ქაღალდები მესროლეს...
- არ გინდათ, ამის თაობაზე რაიმე თქვათ?
- მოდი, ჩავთვალოთ ეს გაუგებრობად.
- იმოქმედა თუ არა ამან თქვენს თამაშზე?
- მე ბოლომდე ვცდილობდი, მხოლოდ საქმეზე ვყოფილიყავი ორიენტირებული. ბოლომდე ვყოფილიყავი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, დი ბიაჯოს განკარგულებაში. ცუდია, შედეგს რომ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ის ხომ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული...
- არ უფრთხოდით "სან სიროზე" დაბრუნებას? არ გეშინოდათ, რომ ცუდად მიგიღებდნენ?
- ცოტა არ იყოს, ეს მაშფოთებდა. მეშინოდა საზოგადოების რეაქციის. სიმართლე გითხრათ, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. ჩვენთან ხალხი კარგია. ისინი ისე თბილად მომესალმნენ, როგორც გასულ სეზონში.
- მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს მოხდა, სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულება არ შეიცვალეთ?
- არა. ხანდახან აქტიურად ვიყენებ მათ. ხანდახან არაფერს ვწერ. მათ ვიყენებ იმისათვის, რომ მხოლოდ თამაშზე არ ვიყო ჩაციკლული.
- ნუთუ ზოგიერთი კომენტარის წაკითხვისას არ ფიქრობდით: "როგორ აზვიადედებენ, ეს ხომ მხოლოდ ფეხბურთია"...
- ამას ახლაც ხშირად ვამბობ. ხალხი რომ მხოლოდ ფეხბურთს განიხილავდეს, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ამის მაგივრად წერდნენ ჩემს ოჯახზე. ამბობდნენ ბევრ საშინელებას, რაც ჩემს ახლობლებს ძაბავდა.
- ჩვენ სწორედ სოციალური ქსელებიდან გავიგეთ თქვენს დის ქმარზე, რომელიც "ნაპოლის" ქომაგია და "მილანს" "კლუბი - მასხარა"უწოდა...
- მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის ჯერ კიდევ მაშინ მოდიოდა ჩვენთან, როცა მე და ანტონიო ძალიან პატარები ვიყავით. ის ჩვენთვის ძმასავითაა.
"მილანი" "იუვენტუსის" კონკურენტია
- რამეს ხომ არ დაამატებთ ისტორიას სკოლის გამოცდებზე, რომლებიც ვერ ჩააბარეთ?
- განათლების მნიშვნელობა ბოლომდე მესმის. გული მტკივა, გამოცდებისათვის მზად რომ არ ვარ კონკრეტულ მომენტში. ეს ბევრს მოსდის. სკოლაში ვერ დავდიოდი. წელიწადი ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა. ახლა ჩემს წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევა დგას. დავპირდი საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, რომ სწავლას დავასრულებ.
- ყველაზე მეტად რომელ საგანში გიჭირთ?
- ეკონომიკაში.
- "მილანის" მთავარი მწვრთნელი თქვენს ოჯახს სტუმრად ეწვია. მისმა დარიგებებმა თქვენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა?
- ჩვენ მხოლოდ ყავა დავლიეთ. ტრანსფერის თაობაზე არ გვისაუბრია.
- თქვენ წარმოშობასთან ერთად ბედიც გაერთიანებთ. მონტელამ მშობლიური მხარე მაშინ დატოვა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო...
- კი, ჩვენ ერთი მხრიდან ვართ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ჩვენ ხშირად ვუცვლით ერთმანეთს ნეაპოლიტანურ ხუმრობებს. მას თავისი გამოცდილებით ბევრად უკეთ ესმის ჩემი მდგომარეობა, ვიდრე ბევრ სხვას.
- რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური მხარე?
- როგორც კი ვხედავ საგზაო ნიშანს, რომელზეც მითითებულია, რომ მთავრდება ლაციო და იწყება კამპანია, ეგრევე კარგად ვხდები. ზღვის სუნს ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ სახლში ვარ.
- რას იტყვით ახალ "მილანზე"? ათზე მეტი ახალწვეული გყავთ. გულშემატკივრები აღტაცებულები არიან. როგორ ფიქრობთ, რას შეუძლია მიაღწიოს გუნდმა?
- ჩვენი მიზანია, "მილანი" დაუბრუნდეს ჩემპიონთა ლიგას. ძალიან შევიცვალეთ. ახლა უნდა გავხდეთ ნამდვილი გუნდი და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა, რომ შეგვიძლია.
- "იუვენტუსი"კვლავ ლიდერია, თუ ეს სეზონი რევოლუცური იქნება?
- "იუვენტუსს" შესწევს საკმარისი ძალა იმისათვის, რომ ტიტული შეინარჩუნოს. ჩვენ ყველა სხვასთან გამარჯვენას შევეცდებით და "იუვეს" დამარცხებასაც ვეცდებით, როცა ერთმანეთს შევხვდებით. ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.
- როგორც ჩემპიონობის პრეტენდენტი?
- მოდი, ასე ვთქვათ - როგორც კონკურენტი.
- რა გასწავლათ გამოცდილებამ? შეიძლება ითქვას, რომ "მილანი"თქვენი გამოცდაა?
- ამ ზაფხულმა ბევრი მასწავლა. მიმაჩნია, რომ ეს გამოცდა ჩავაბარე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"