სერია A. XIV ტური: იკარდი, როგორც ჯუზეპე მეაცა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიურ გრანდთაგან პირველი მორიგ ტურში "ინტერი" ჩაება. მილანელებმა რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდის მორიგი მსხვერპლი "კალიარი" გახდა. ანგარიშიდან შეიძლება სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, მილანელებს ძალიან გაუჭირდათ და გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, უქულოდ დარჩენილიყვნენ.

ნახევარი საათის თავზე ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა. დიდებულ ფორმაში მყოფმა არგენტინელმა ფორვარდმა ივან პერიშიჩის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეაგდო. მანამდე კი "ინტერს" გვარიანი ნერვიულობა მოუხდა. "კალიარი" აშკარად სჯობდა მოწინააღმდეგეს და რომ არა მილანელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩის გამორჩეული თამაში, ანგარიში იქამდე გაიხსნებოდა.

სლოვენიელმა მეკარემ
მართლაც რომ დიდებული მატჩი ჩაატარა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის "სეივი", რომელიც მან ლეონარდო პავოლეტის დარტყმულზე განახორციელა. ასე იყო თუ ისე, "ინტერის" გოლის შემდეგ "ნერაძურიმ" თამაში დაალაგა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა შეცვლაზე შესულმა მარსელო ბროზოვიჩმა საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. "კალიარიმ" გაიბრძოლა და მათ რიგებში საუკეთესო პავოლეტის ძალისხმევით ანგარიშიც "დაასველა", მაგრამ მალე საქმეში ისევ იკარდი ჩაერთო და საბოლოო წერტილიც დასვა.

"ის უბრალოდ ცხოველია საჯარიმო მოედანში", - თქვა იკარდის თაობაზე "კალიარის" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლოპესმა და, ალბათ, არც შემცდარა.


"მილანმა" 0:0 ითამაშა შინ "ტორინოსთან". სულ ბოლოს გაუქმდა პატრიკ კუტრონეს მიერ გატანილი გოლი. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მანამდე არც ობის ჩაუთვალეს "მილანის" კარში გატანილი გოლი. "მილანი" უფრო მწვავედ თამაშობდა, მაგრამ ფაქტია - ვერ მოიგო.

"ჩვენ თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებით და 6-7 ძალიან კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. რას ვიზამთ, ფეხბურთში ყოველთვის ის ვერ იგებს, ვინც უკეთ თამაშობს", - თქვა "მილანის" მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ.

"რომამ" მოულოდნელად წაიფორხილა გენუაში, სადაც ქულები დაკარგა მასპინძელ "ჯენოასთან". დედაქალაქელები სტეფან ელ შაარავის გოლით კი იგებდნენ, მაგრამ მერე "რომას" საქმეები ცუდად წაუვიდა. დანიელე დე როსის გაძევებას (მეტოქეს სახეში იდაყვი ჩასცხო) ლაპადულას ზუსტი დარტყმა მოჰყვა 11 მეტრიდან. ბოლოს "რომას" შანსები მაინც ჰქონდა. ედინ ჯეკოს ულამაზესი გოლი გაჰქონდა, თუმცა არ გამოვიდა. გატანა შეეძლო იმავე ლაპადულას. საბოლოოდ ფრე, რომელსაც რომაელები აქტივში ვერაფრით შეიტანენ.

"დე როსი არ არის ბავშვი. მან იცის, რომ შეცდა. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ. და მაინც, მიმაჩნია, რომ მეტი შეიძლებოდა მიგვეღო ამ მატჩისგან", - თქვა რომაელთა დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.
ლიდერმა "ნაპოლიმ" სერია A-ს კენწეროში ადგილი შეინარჩუნა. "უდინეზესთან" შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჟორჟინიომ შეაგდო მას მერე, რაც 11-მეტრიანი ვერ გაიტანა. უპირატესობა "ნაპოლის" ჰქონდა. "უდინეზეს" კი ჯერაც ვერ უშველა მწვრთნელის შეცვლამ. შეგახსენებთ, რომ ლუიჯი დელ ნერის ნაცვლად, რამდენიმე დღის წინ გუნდის თავკაცად მასიმო ოდო დაინიშნა.

როგორც ჩანს, "ნაპოლი" ამ სეზონში ბოლომდე აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. წინა სეზონში მაურიციო სარის გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი სუსტმა დაცვამ არ წაართვა. ამ ეტაპზე კი, ნეაპოლელთა უკანა ხაზი, ასე თუ ისე, სოლიდურად გამოიყურება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ. დიახ, "ნაპოლი" იბრძვის ტიტულისთვის და მოხარულები ვართ, რომ ბოლომდე ვართ ჩაბმულნი ამ დიდ ბრძოლაში. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ უნდა შევჩერდეთ. მჯერა, კიდევ შეგვიძლია მომატება", - თქვა გოლის ავტორმა ჟორჟინიომ.

რომაული დერბის წაგების შემდეგ ისევ წაიფორხილა "ლაციომ". ამჯერად, სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წამს დაკარგა ქულა "ფიორენტინასთან". მასპინძლები დე ვრეის გოლით იგებდნენ, მაგრამ ბაბაქარმა ვიდეორეფერის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა.

ფაქტები
  • "მილანს" არ გაუტანია გოლი ზედიზედ 4 საშინაო მატჩში, რაც 2007 წლის დეკემბრისა და 1984 წლის აპრილის შემდეგ მესამე შემთხვევაა კლუბის ისტორიაში.
  • მაურო იკარდი "ინტერის" მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც სერია A-ს ოთხ სეზონში, თითოეულში, მინიმუმ 15 გოლი გაიტანა. 1949-53 წლებში ანალოგიური მიღწევა ჰქონდა სტეფანო ნაიერსს, ხოლო 1930-36 წლებში - თვით ლეგენდარულ ჯუზეპე მეაცას.
  • მაურო იკარდიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 6 მატჩში გაიტანა ორი და მეტი გოლი - 5 დუბლი და ერთიც ჰეთ-თრიკი. ასეთი შედეგით ევროპის ტოპ 5-ის ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის.
  • მარტო ივან პერიშიჩმა 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, იკარდის 13 საგოლე პასი გაუკეთა.
  • მაურო იკარდიმ "კალიარის" ოთხივე საგარეო მატჩში გაუტანა თითო გოლი მაინც.
  • იბრაჰიმა მბაიეს სერია A-ში სულ 3 გოლი აქვს გატანილი და სამივე - "სამპდორიას" კარში.

სერია A. XIV ტური:

ბოლონია-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 ვერდი (3), 2:0 მბაიე (23), 3:0 ოკონკვო (73)
გაძევება: ტოროსიდისი (45. ბოლონია)

კიევო-სპალ 2:1
გოლები: 0:1 სეზარი (17-საკ. კარში), 1:1 ინგლეზე (66), 2:1 ინგლეზე (81)

სასუოლო-ვერონა 0:2
გოლები: 0:1 ძუკულინი (22), 0:2 ვერდე (31)
გაძევება: ერტო (67. ვერონა)

კალიარი-ინტერი 1:3
გოლები: 0:1 იკარდი (29), 0:2 ბროზოვიჩი (55), 1:2 პავოლეტი (71), 1:3 იკარდი (83)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი - ვესინო (53. ბროზოვიჩი), გალიარდინი - კანდრევა (86. კანსელო), ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი (90. ედერი)

მილანი-ტორინო 0:0
მილანი (3-5-2): დონარუმა - საპატა, ბონუჩი, რომანიოლი - სუსო, კესი, მონტოლივო, ბონავენტურა (71. ჩალჰანოღლუ), როდრიგესი - ანდრე სილვა, კალინიჩი (77. კუტრონე)

ჯენოა-რომა 1:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (59), 1:1 ლაპადულა (70-პენ)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი (87. შიკი), დე როსი, სტროოტმანი - პეროტი (63. დეფრელი), ჯეკო, ელ შაარავი (78. გონალონი)
გაძევება: დე როსი (69. რომა)


უდინეზე-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 ჟორჟინიო (33)
გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (33. ნაპოლი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, კირიკეში, კულიბალი, ჰისაი - ალანი, ჟორჟინიო (71. დიავარა), ჰამშიკი (83. როგი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (78. ზელინსკი)

ლაციო-ფიორენტინა 1:1

გოლები: 1:0 დე ვრეი (25), 1:1 ბაბაქარი (90+5-პენ)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი (77. ბასტა), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (62. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო (88. კაისედო) - იმობილე

იუვენტუსი-კროტონე 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (52), 2:0 დე შილიო (60), 3:0 ბენატია (71)
იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, ჰიოვედესი (68. პიანიჩი) - ლიხტშტაინერი (57. დე შილიო), მარკიზიო (77. სტურარო), მატუიდი, ალექს სანდრო - დიეგო კოშტა, მანჯუკიჩი - დიბალა


ორშაბათი, 27 ნოემბერი

ატალანტა-ბენევენტო 23:45

ბომბარდირები: 15 - ჩირო იმობილე (ლაციო), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 8 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 7 - ედინ ჯეკო (რომა), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

მომდევნო ტური
1-ლი დეკემბერი: რომა-სპალ, ნაპოლი-იუვენტუსი

2 დეკემბერი: ტორინო-ატალანტა

3 დეკემბერი: ბენევენტო-მილანი, ბოლონია-კალიარი, ფიორენტინა-სასუოლო, ინტერი-კიევო, სამპდორია-ლაციო

4 დეკემბერი: კროტონე-უდინეზე, ვერონა-ჯენოა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული