სერია A. XVI ტურის წინ: იტალიის დერბი - სპალეტის "ინტერი" არ აგებს

AutoSharing Option
ბოლო დროს მსოფლიო ბევრს კამათობს დერბის რაობაზე და ეს კამათი ქართულ მედიასაც შემოერია. კლასიკური გაგებით, "იუვენტუსი"-"ინტერი" დერბი არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიო ასე მიიჩნევს და თავად იტალიელებიც ასე უწოდებენ - 'derby d'italia. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულები ვერ ვიქნებით.

ერთი კია, რომ გნებავთ, გუნდების ამჟამინდელი სტატუსიდან გამომდინარე და გნებავთ, ისტორიისა თუ ტრადიციების გათვალისწინებით, გვარიანი თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე სკუდეტოსთვის იბრძვის და ორივეს ჭარბად აქვს შესაბამისი ამბიციაც.

რაც მთავარია, ამ დროისთვის, თუ შაბათ საღამომდე ფარსაგი რამ არ მოხდა, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით
იქნება. შემადგენლობა კი არც ერთს დაეწუნება და არც - მეორეს. მოკლედ, ისეთი თამაშია, მთელი იტალია მოუთმენლად რომ ელის.

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება "ინტერი" წუხდეს, ესაა მაურო იკარდის შესაძლო შეთანხმება "რეალთან", მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საფეხბურთო ჭორი დღეს ბევრზე ბევრია და მათგან ყველა როდი მართლდება.

წინა სეზონში გუნდებმა გამარჯვებები "გაცვალეს". "ინტერმა" ტურინში ბოლოს 2012 წლის ნოემბერში გაიმარჯვა (2:1). მიმდინარე სერიას რაც შეეხება, ორივეს ზედიზედ 3-3 მოგება აქვს, ხოლო "ინტერის" სვლა ნამდვილად ზეშთამბეჭდავია - გუნდს ლუჩანო სპალეტის ხელში ჯერ ერთი მატჩიც არ წაუგია.

სერია A-ს ეგიდით "იუვენტუსი" და "ინტერი" შაბათს 169-ე მატჩს ჩაატარებენ. აქედან 80 თამაში მოიგო "იუვემ", 46 - "ინტერმა", ხოლო 42 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაც "ბებერი ქალბატონის" უპირატესობაზე მეტყველებს - 278:243.

დიდად თვალსასეირო თამაში უნდა გამოდგეს ნეაპოლური შეხლა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს "ფიორენტინა" სტუმრობს. ამ გუნდებს შორის თამაში ყოველთვის სანახაობრივი გამოდის და სხვანაირად არც ამჯერად უნდა იყოს.

ყველა მოუთმენლად ელის "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს მეორე შეხვედრას. "როსონერიმ", რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, აუცილებლად უნდა მოიგოს, მით უმეტეს, იმის ფონზე, რაც წინა მატჩში მოხდა ("ბენევენტოსთან" ბოლო წამზე გაშვებული გოლი ხომ გახსოვთ?). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება "რინოს" ნერვებმა უმტყუნოს, ასეთ დროს კი გატუზო აშკარად სახიფათოა.

"ლაციო" და "რომა" წყვილებში ფავორიტები არიან. "რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა მთელ ძალისხმევას საშინაო ასპარეზისკენ მიმართავს. რაც შეეხება სიმონე ინძაგის გაწვრთნილ "ლაციოს", გუნდმა ცოტა შეანელა ძლევამოსილი სვლა, მაგრამ ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ბიანკოჩელესტე" ალბათ მართლაც იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, რაც ამ გუნდის რესურსიდან გამომდინარე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ფაქტები
  • ''იუვენტუსმა" ბოლო 4 შეხვედრაში კარი "მშრალად" შეინახა.
  • "რომამ" ბოლო 3 თამაში მოუგო "კიევოს".
  • "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა.
  • სერია A-ში სპალ-ი და "ვერონა" ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • "უდინეზე" და "ბენევენტო" არსებობის ისტორიაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
  • "მილანისა" და "ბოლონიას" ბოლო 5 მატჩიდან ორივეს არც ერთში არ გაუტანია.
  • "ატალანტამ" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "ჯენოას".
  • "ლაციოსა" და "ტორინოს" ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა.

სერია A. XVI ტური
შაბათი, 9 დეკემბერი

კალიარი-სამპდორია 21:00
იუვენტუსი-ინტერი 23:45

კვირა, 10 დეკემბერი
კიევო-რომა 15:30
ნაპოლი-ფიორენტინა 18:00
სპალ-ვერონა 18:00
უდინეზე-ბენევენტო 18:00
სასუოლო-კროტონე 21:00
მილანი-ბოლონია 23:45

ორშაბათი, 11 დეკემბერი
ჯენოა-ატალანტა 22:00
ლაციო-ტორინო 23:59

ბომბარდირები: 16 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული