ფაქტია, "იუვენტუსი" "სკუდეტოსთან" ძალიან ახლოსაა. სხვაობა "ნაპოლისთან" 6 ქულაა. თან, 22 აპრილს ისინი ტურინში ხვდებიან ერთმანეთს და სასწაული უნდა მოხდეს, "ბებერმა ქალბატონმა" ეს უპირატესობა რომ გაანიავოს...
..."ნაპოლი" ძალიან დაიღალა სეზონის მეორე ნახევარში. ამის მაგალითია თუნდაც "მილანთან" შეხვედრა. კი შეიძლებოდა, ნეაპოლელებს ეს თამაში მოეგოთ, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ მაურიციო სარის გუნდს ამ თამაშში აუცილებლად უნდა გაემარჯვა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შემტევებს
ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა მატჩის მიწურულს არკადიუშ მილიკს, მაგრამ "ნაპოლის" ცოდვა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ დაიდო, როცა პოლონელი ფორვარდის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. მოდით, შევთანხმდეთ: გუნდს, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, გაცილებით უკეთესად მართებს თამაში, ვიდრე ეს "ნაპოლიმ" გააკეთა.
"ეს თამაში სეზონის პირველ ნახევარში რომ გამართულიყო, ვფიქრობ, გავიმარჯვებდით. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი, როგორიც გვინდოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო 3 ქულა, მაგრამ... არ გვაინტერესებს "იუვენტუსის" შედეგები. ჩვენ ვთამაშობთ ჩვენს თამაშს, ვიბრძვით ბოლომდე და მორჩა! დავრჩები თუ არა "ნაპოლიში"? მე ვიტყვი ასე: დავრჩები იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლი, რომ ფანების გახარებას შევძლებ. თუ ამას ვიგრძნობ, არსად წავალ. ჩემთვის დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორია "ნაპოლის" პრეზიდენტის ეკონომიკური მდგომარეობა", - თქვა ნეაპოლელთა დამრიგებელმა.
"ჩვენ თამასა მაღლა ავწიეთ. ბონუჩისა და რომანიოლის გარეშე ვითამაშეთ, რაც იოლი ნამდვილად არ იყო. ჩვენი გუნდი თამაშობდა ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ. ეს იყო საგანგებო მნიშვნელობის მატჩი, რათა გვერწმუნა ჩვენი ძალების. შეგვეძლო, მოგვეგო და თავისუფლად შეიძლებოდა, წაგვეგო კიდეც, მაგრამ შედეგი მთავარი არ არის. ბედნიერი ვარ იმით, რაც მინდორზე ვნახე. ჩემი აზრით, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს ცხადად ჩანს. ჩვენი თავდამსხმელები ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. ეგაა, მათ მეტი სიზუსტე მართებთ დამაგვირგვინებელ ფაზაში. გადმოვა თუ არა ჩვენთან კალეხონი? ამაზე დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ. მირჩევნია, იმ ფეხბურთელებზე ვილაპარაკო, რომლებიც დღეს გუნდში მყავს", - თქვა "მილანის" დამრიგებელმა ჯენარო გატუზომ.
საჩემპიონო ნაბიჯი გადადგა "იუვენტუსმა". მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაივიწყა ჩემპიონთა ლიგის ის დრამატული დღე და "სამპდორიას" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები მარიო მანჯუკიჩმა, ბენედიკტ ჰიოვედესმა და სამი ხედირამ კი გაიტანეს, მაგრამ როგორ არ ვახსენოთ დუგლას კოშტაც, რომლის პასებითაც გავიდა ეს 3 გოლი!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "იუვენტუსის" გამარჯვება სწორედაც "რეალთან" მატჩში მომხდარის შემდეგ. ალეგრის გუნდმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ მებრძოლი სულის მატარებელია და არასოდეს ნებდება - თვით ურთულეს სიტუაციაშიც კი.
"ჩვენ დიდი ენერგია ჩავდეთ ამ თამაშში. მადლობა პიანიჩს - მისმა ტრავმამ მომცა საშუალება, ტაქტიკური ცვლილებები გამეკეთებინა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... იოლი არ იყო მადრიდული მატჩის შემდეგ თამაში. სულაც არ მგონია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ორი მატჩი.
"ნაპოლის"აქვს დიდებული კამპანია და, რა თქმა უნდა, ის ბოლომდე იბრძოლებს დასახული მიზნის მისაღწევად. ასე რომ, მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლა ბოლო წუთამდე გრძელდება", - განაცხადა ალეგრიმ.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს "ინტერი", რომელიც მთლად სასურველ შედეგს ვერ გამორჩა - გასვლაზე "ატალანტას" ქულები გაუყო. მილანური კლუბი გულხელდაკრეფილი არ ყოფილა, მომენტები მასაც ჰქონდა და მოწინააღმდეგესაც, მაგრამ გოლი მაინც არ გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გააფთრებულ ბრძოლაში "ინტერის" მთავარი კონკურენტი "რომაა". როგორ გინდა, აქ ფავორიტი გამოარჩიო?! ამ დროისთვის "რომას" შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, "ინტერის" უპირატესობა კი ის არის, რომ მეტოქისგან განსხვავებით, ერთ ფრონტზე იბრძვის, ხოლო "ჯალოროსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და მალე "ლივერპულთან" მოუწევს საქმის დაჭერა, ხოლო ეს რასაც ნიშნავს, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.
"ჩვენი თამაში არ იყო იდეალური, მაგრამ ფაქტია, ბევრი ვეცადეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გასვლაა და თუ ამის გაკეთება გვინდა, აუცილებელია, გაცილებით შედეგიანები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ", - თქვა "ინტერის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.
არ გაამართლა რომაულმა დერბიმ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთი სტატისტიკური მაჩვენებლის მოყვანაც კი იკმარებს. გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ(!) დაარტყეს მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში.
აბა, რომაული დერბი წითელი ბარათის გარეშე როგორ იქნებოდა. "ლაციოს" გაუძევეს რუმინელი მცველი სტეფან რადუ და სწორედ ამის შემდეგ მიეცა "რომას" ორი საგოლე შანსი. ორივეჯერ მოვლენათა ეპიცენტრში ედინ ჯეკო მოექცა, მაგრამ ბოსნიელს მცირედი დააკლდა გოლამდე.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დაძაბულობამ მატჩის სანახაობრივი მხარე აშკარად გადაწონა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ორივე გუნდი, გარკვეულწილად, გადაღლილი იყო ევროასპარეზობისგან.
ასეა თუ ისე, იტალიაში ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გრძელდება. საჩემპიონო ინტრიგისგან განსხვავებით, ეს ინტრიგა ნამდვილად ცოცხალია.
სერია A. XXXII ტური
კალიარი-უდინეზე 2:1
გოლები: 0:1 ლასანია (10), პავოლეტი 1:1 (21), კაპიტელი 2:1 (84)
კიევო-ტორინო 0:0
გაძევება: ბანი (88. კიევო)
ჯენოა-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 ბესა (28)
ატალანტა-ინტერი 0:0
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი (90. კარამო), შკრინიარი, მირანდა, დ'ამბროზიო - გალიარდინი, ბორხა ვალერო - კანსელო, რაფინია (71. ედერი), პერიშიჩი - იკარდი.
ბოლონია-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 ვერდი (31), 2:0 ნადი (90+4)
სასუოლო-ბენევენტო 2:2
გოლები: 0:1 დიაბატი (22), 1:1 პოლიტანო (41), 2:1 პოლიტანო (64), 2:2 დიაბატი (73)
მილანი-ნაპოლი 0:0
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, საპატა, მუსაკიო, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა (80. ლოკატელი) - სუსო, ჩალჰანოღლუ, კალინიჩი (70. ანდრე სილვა).
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი - ალანი (87. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (66. ზელინსკი) - კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი (66. მილიკი).
იუვენტუსი-სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (45), 2:0 ჰიოვედესი (60), 3:0 ხედირა (75)
იუვენტუსი (4-3-2-1): ბუფონი - ჰიოვედესი, რუგანი, კიელინი, ასამოა - ხედირა (81. სტურარო), პიანიჩი (43. დუგლას კოშტა), მატუიდი - კუადრადო, დიბალა (66. ბენტანკური) - მანჯუკიჩი.
ლაციო-რომა 0:0
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (59. ლუკაკუ) - ფელიპე ანდერსონი (59. ლუის ალბერტო) - იმობილე (82. ბასტოსი).
რომა (3-4-2-1): ალისონი - ფასიო, მანოლასი (74. ფლორენცი), ჟეზუში - პერესი (82. ელ შაარავი), სტროოტმანი, დე როსი, კოლაროვი - ნაინგოლანი, შიკი (55. იუნდერი) - ჯეკო.
გაძევება: რადუ (80. ლაციო)
ფიორენტინა-სპალ 0:0
ბომბარდირები: 27 - ჩირო იმობილე (ლაციო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
17 აპრილი: ინტერი-კალიარი
18 აპრილი: ბენევენტო-ატალანტა, რომა-ჯენოა, კროტონე-იუვენტუსი, ფიორენტინა-ლაციო, ნაპოლი-უდინეზე, სამპდორია-ბოლონია, სპალ-კიევო, ტორინო-მილანი, ვერონა-სასუოლო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"