სერია A. XXXVI ტური: მივულოცოთ "იუვენტუსს"! [VIDEO]

AutoSharing Option
ამრიგად, "იუვემ" ორივე დარჩენილი მატჩიც ("რომასთან" სტუმრად, "ვერონასთან" შინ) რომ წააგოს, ხოლო "ნაპოლიმ" ("სამპდორიასთან" სტუმრად, "კროტონესთან" შინ) მაქსიმუმი აიღოს, ორივეს თანაბარი ქულები ექნება. ურთიერთშეხვედრებში აბსოლუტური ბალანსია - "იუვემ" 1:0 მოიგო ნეაპოლში, ხოლო "ნაპოლიმ" ასეთივე ანგარიშით იმარჯვა ტურინში.

ასეთ დროს სათვალავში უნდა მივიღოთ გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის სხვაობა, რაც ამ მომენტისთვის "იუვენტუსის" სასარგებლოდაა. გამოდის, რომ "ნაპოლიმ" ბოლო ორი შეხვედრა ჯამში 16-ბურთიანი (!) სხვაობით უნდა მოიგოს...

ერთი სიტყვით, მოვრჩეთ ზღაპრებს და "იუვენტუსს" 34-ე სკუდეტო მივულოცოთ. არადა, ალეგრის გუნდს "ბოლონიასთან" ძალიან გაუჭირდა,
განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. სტუმრები თავს ძალიან კარგად იცავდნენ. მათ ერთ-ერთ კონტრშეტევას კი 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც შესანიშნავად შეასრულა გუნდის ლიდერმა სიმონე ვერდიმ.

მოვლენათა ასეთი განვითარება შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბისგან და ეს ასეც მოხდა. ალეგრიმ მინდორზე შეუშვა ბრაზილიელი დუგლას კოშტა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემის გარდა, არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც გვაჩუქა.

მეორე ნახევარში იტალიური ფეხბურთის გოლიათი ამოქმედდა და ამან შედეგი გამოიღო. ჯერ ხუან კუადრადოს ჩაწოდება ვიხილეთ, რასაც სტუმართა მცველის ავტოგოლი მოჰყვა, მერე კი დუგლას კოშტას ჯერი დადგა - მან ჯერ სამი ხედირას გაატანინა, მერე კი პაულო დიბალასაც გაუწია ასისტენტობა.

"პირველ ტაიმში ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, მეორე ნახევარში კი თამაშის სურათი მთლიანად შეიცვალა. ეს კი დუგლას კოშტას დამსახურებაა. ის მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია...

ჩვენი დაცვა დღეს ჰიოვედესის გარეშე თამაშობდა და ეს არ იყო იოლი. საბოლოო ჯამში, დამსახურებულად მოვიგეთ და ეს ძალიან გვახარებს. ჩემპიონობამდე კი ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს", - თქვა ალეგრიმ იქიდან გამომდინარე, რომ არ ელოდა, მეორე დღეს "ნაპოლი" ასეთ "საჩუქარს" თუ გაუკეთებდა.


"ვერონასთან" შეხვედრის წინ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა - თუ ჩემი ფეხბურთელები ასე ცუდად გააგრძელებენ თამაშს, დიდი შანსია, ისინი... კბილების გარეშე დარჩნენო.

"მუქარამ" გაჭრა - "მილანის" ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ქვა-ქვაზე არ დატოვეს გუნდისგან, რომელიც უკვე გავარდნილია.

"ამ მატჩმა ნათლად დაადასტურა, რომ "მილანი" კარგ ფორმაშია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ იტალიის თასის ფინალია, რომელშიც "იუვენტუსს" დავუპირისპირდებით. ჩვენი მეტოქე დიდი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჯილდო მოვიგოთ", - თქვა რინომ.


"ინტერმა" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე (3 უპასუხო გოლი გაუტანა) "უდინეზეს". მეორე ნახევარში მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ათნი დარჩნენ მოედანზე, თუმცა "ინტერმა" კაცნაკლულ და დემორალიზებულ მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი (ბორხა ვალერო) დაუმატა.

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. კარგად ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი სურვილი და ლტოლვა ძალიან დიდია. სეზონის ბოლოა, გადამწყვეტი დროა და შესაბამისი თამაშის ჩვენება გვმართებს", - თქვა ნამატჩევს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.


"ნაპოლიზე" კი რაღა ვთქვათ - დრის მერტენსისა და მარეკ ჰამშიკის გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. "ტორინომ" აიღო ქულა, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერში სჭირდებოდა.

"ჩვენ ძალიან დიდი მოტივაციით ვითამაშეთ. შეტევაში ვაჩვენეთ კომბინაციური ფეხბურთი, მაგრამ დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა დაგვაღალატა. რაც შეეხება პრეზიდენტ დე ლაურენტისის კრიტიკას, მე პასუხი არ მაქვს. მან მომცა საშუალება, გამეწვრთნა გუნდი, რომელსაც სულ ვქომაგობდი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლებოდა მეტი ქულა აგვეღო. ჩემი სინდისი სუფთაა... ინგლისური კი მრავალი წლის წინ ვისწავლე და ამას პრემიერლიგაში ჩემ შესაძლო გადასვლასთან კავშირი არ აქვს", - თქვა ნამატჩევს "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ.

მაინც რა უნდა დე ლაურენტისს? აი, მისი კომენტარიც: "არ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი იყო სკუდეტოსთვის ბრძოლაში ის მსაჯობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ "ინტერი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაში თამაში ნაადრევად მოგვიხდა. ამდენად, სეზონისთვის მზადებაც ადრე დავიწყეთ. ბოლოს "ნაპოლის" "საწვავი" გამოელია. ეს გარდაუვალია, როცა არ იყენებ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გუნდში გყავს. მწვრთნელმა თუ ყველას არ მისცა შანსი, ისე ვერავინ მიხვდება, ვის რა შეუძლია. რომ არა ფაუზი გულამის ტრავმა, ჩვენ ვერ ვნახავდით საქმეში მარიო რუის, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და თუ "რომასთან" შეხვედრაში დაშვებულ შეცდომას არ ჩავთვლით, მთლიანობაში შესანიშნავი იყო", - თქვა დე ლაურენტისმა.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, სარისა და "ნაპოლის" გზები გაიყრება. იტალიური მედიის ცნობით, დე ლაურენტისს სურს, გუნდი სპალ-ის ამჟამინდელ დამრიგებელს, ლეონარდო სემპლიჩის ჩააბაროს. თავად სემპლიჩი კი აცხადებს, რომ ძალიან ბედნიერია ამჟამინდელ კლუბში.


სხვა თამაშებს რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელმა "ლაციომ" შინ ფრედ ითამაშა ევროპალიგაში გასვლის მოსურნე "ატალანტასთან" და ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. "რომა" კი სტუმრად შეხვდა ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ "კალიარის", 1:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის უკეთეს შანსს ინარჩუნებს.


სერია A. XXXVI ტური
მილანი-ვერონა 4:1
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (10), 2:0 კუტრონე (32), 3:0 აბატე (49), 3:1 ლი (85), 4:1 ბორინი (89)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - აბატე, ბონუჩი, რომანიოლი (62. მუსაკიო), როდრიგესი - კესი, ლოკატელი, ბონავენტურა - სუსო (58. ბორინი), ჩალჰანოღლუ, კუტრონე (71. კალინიჩი).

იუვენტუსი-ბოლონია 3:1
გოლები: 0:1 ვერდი (30-პენ), 1:1 დე მაიო (52-საკ. კარში), 2:1 ხედირა (63), 3:1 დიბალა (69)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბარძალი, ასამოა - კუდრადო (72. ლიხტშტაინერი), მარკიზიო, მატუიდი (46. დუგლას კოშტა), ხედირა, ალექს სანდრო (84. ბერნარდესკი) - იგუაინი, დიბალა.

უდინეზე-ინტერი 0:4
გოლები: 0:1 რანოკია (12), 0:2 რაფინია (43), 0:3 იკარდი (45), 0:4 ბორხა ვალერო (71)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, რანოკია, დალბერტი (69. სანტონი) - ბორხა ვალერო, ბროზოვიჩი - კანდრევა (79. კარამო), რაფინია (84. ედერი), პერიშიჩი - იკარდი.
გაძევება: ფოფანა (49. უდინეზე)

კიევო-კროტონე 2:1
გოლები: 1:0 ბირსა (12), 2:0 სტეპინსკი (82), 2:1 ტუმინელო (90+4)

ჯენოა-ფიორენტინა 2:3
გოლები: 0:1 ბენასი (43), 1:1 ჯ. როსი (64), 2:1 ლაპადულა (68), 2:2 ეისერიკი (77), 2:3 დაბო (80)
გაძევება: პანდევი (71. ჯენოა), ცუკანოვიჩი (83. ჯენოა)

ლაციო-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 ბეროუ (2), 1:1 კაისედო (24)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი (55. ბასტოსი), დე ვრეი, კასერესი - მარუშიჩი, მურჯა, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო (37. ფელიპე ანდერსონი), კაისედო (69. ლუკაკუ).

ნაპოლი-ტორინო 2:2
გოლები: 1:0 მერტენსი (25), 1:1 ბაზელი (55), 2:1 ჰამშიკი (71), 2:2 დე სილვესტრი (83)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კირიკეში, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ზელინსკი (69. ჰამშიკი) - კალიეხონი (88. უნასი), ინსინიე, მერტენსი (63. მილიკი).

სპალ-ბენევენტო 2:0
გოლები: 1:0 პალოსკი (25), 2:0 ანტენუჩი (83)

სასუოლო-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 პოლიტანო (68)

კალიარი-რომა 0:1
გოლი: 0:1 იუნდერი (15)
რომა (4-2-3-1): ალისონი - პერესი (58. ფლორენცი), ფასიო, კაპრადოსი (69. ჯონათან სილვა), კოლაროვი - დე როსი, გონალონი - იუნდერი (85. შიკი), ნაინგოლანი, ჟერსონი - ჯეკო.

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 28 - მაურო იკარდი (ინტერი); 22 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 19 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

მომდევნო ტური
12 მაისი: ბენევენტო-ჯენოა, ინტერი-სასუოლო
13 მაისი: ბოლონია-კიევო, კროტონე-ლაციო, ფიორენტინა-კალიარი, ტორინო-სპალ, ვერონა-უდინეზე, ატალანტა-მილანი, რომა-იუვენტუსი, სამპდორია-ნაპოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული