სერია A. III ტურის წინ: იგოლავებს კრიშტიანო?

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტური ისეთი ჯახით იწყება, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს - "მილანი" და "რომა" საუკეთესოს "სან სიროზე" გაარკვევენ. ორივე გუნდი გამწარებულია წინა ტურში განვითარებული მოვლენების გამო. "მილანმა", ფაქტობრივად, მოგებული თამაში წააგო (2:3) "ნაპოლისთან", "რომა" კი საშინაო ასპარეზზე "ატალანტასთან" მარცხს გადაურჩა (3:3).

წესით, "როსონერის" ამ შეხვედრაში ვერ უნდა დაეხმარონ ანდრეა კონტი და ივან სტრინიჩი. რაც შეეხება "რომას", "გლადიატორთა" რიგებში საეჭვოა ალესანდრო ფლორენცისა ("ატალანტასთან" მატჩში დაშავდა) და დიეგო პეროტის მინდორზე გასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსნილი და შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვართ.

ჯანლუიჯი
ბუფონი დღესაც "ბებერი ქალბატონის" ღირსებას რომ იცავდეს, "პარმასა" და "იუვენტუსის" შეხვედრას სულ სხვა ეშხი ექნებოდა, მაგრამ ინტრიგის გარეშე არც ახლა ვართ. ყველას ძალიან გვაინტერესებს, შეძლებს თუ არა კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში პერსონალური ანგარიშის გახსნას.

"ბოლონიასთან" იოლი გასვლა ნამდვილად არ ელის "ინტერს", რომელიც სტარტზე მოლოდინს ვერ ამართლებს. გასულ უქმეებზე მილანელებმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს "ტორინოსთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ თანდათან ყურადღება მოადუნეს და შეტევაში ყოჩაღად გამრჯე მოწინააღმდეგეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

"ნაპოლი" ბოლო დროს სულ უგებს "სამპდორიას". ჯერჯერობით, კარლო ანჩელოტის გუნდი ზეშემტევ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებით გადის ხოლმე ბეწვის ხიდზე. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად. ყოველ შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და ამის საწინააღმდეგო, ალბათ, არავის ექნება.

"ლაციოს" შესანიშნავი შანსი ეძლევა, ჩემპიონატის წარუმატებელ დასაწყისს დამაჯერებელი გამარჯვება მიაყოლოს. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონესთან" შეხვედრაში რომაელები აშკარა ფავორიტები არიან.

ფაქტები
  • "მილანსა" და "რომას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბოლონიასა" და "ინტერს" შორის უკანასკნელ ორ შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "პარმამ" ბოლო შეხვედრაში (2015) 1:0 სძლია "იუვენტუსს".
  • "ფიორენტინამ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "უდინეზეს".
  • "კალიარიმ" ბოლო 2 შეხვედრაში მოახერხა "ატალანტას" დამარცხება.
  • "ლაციო" და "ფროზინონე" სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.
  • "ნაპოლიმ" ბოლო 5 შეხვედრაში მოუგო "სამპდორიას".
  • "სასუოლოსა" და "ჯენოას" ბოლო 5 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ტორინო" და სპალ-ი სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში გუნდებმა მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

სერია A. III ტური
პარასკევი, 31 აგვისტო
მილანი-რომა 22:30

შაბათი, 1-ლი სექტემბერი
ბოლონია-ინტერი 20:00
პარმა-იუვენტუსი 22:30

კვირა, 2 სექტემბერი
ფიორენტინა-უდინეზე 20:00
ატალანტა-კალიარი 22:30
კიევო-ემპოლი 22:30
ლაციო-ფროზინონე 22:30
სამპდორია-ნაპოლი 22:30
სასუოლო-ჯენოა 22:30
ტორინო-სპალ 22:30

ბომბარდირი: 2 - ალეხანდრო გომესი (ატალანტა), ემილიანო რიგონი (ატალანტა), მარკო ბენასი (ფიორენტინა), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), პიოტრ ზელინსკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და პრიზი ქართული ენის დამახინჯებისთვის გადაეცემა ალეკო კაკაურიძეს. ნომინაციაში წლის მახინჯი სიტყვა გაიმარჯვა - "იგოლავებს"
ჯანსუღ ღვინჯილიას მამიდაშვილი
19:58 31-08-2018
0
იგოლავებს? რა ენაზე წერთ ძალიან სირცხვილია უკვე
iberia
01:35 01-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული