სერია A. XI ტურის წინ: ვითომ გაისეირნებენ?

AutoSharing Option
მარათონის ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" "კალიარის" უმასპინძლებს და, წესით, აუცილებლად უნდა მოიგოს. მთავარი კითხვა ისაა, რამდენს გაიტანს კრიშტიანო რონალდო.

პორტუგალიელი უკვე შეეგუა სერია A-ს და უკვე ორი დუბლიც შეასრულა. ამის დასტურია წინა ტურში "ემპოლისთან" გამართული შეხვედრა.

"იუვე" წყვილის აშკარა ფავორიტია. მასიმილიანო ალეგრის გუნდისგან შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ელიან. მით უმეტეს, "ბებერი ქალბატონის" მდევრები სტაბილურობით ვერ დაიტრაბახებენ.

"ნაპოლი" "რომასთან" ვერმოგების შემდეგ ახლა "ემპოლის" ძლევას შეეცდება. ვნახოთ, შედგება თუ არა ლევან მჭედლიძის დაბრუნება. ამას წინა ტურში, "იუვენტუსთან" შეხვედრაშიც ველოდით, მაგრამ... მაშინ ეს ასე
არ მოხდა მიზეზთა გამო.

"ინტერი" ბოლო დროს თამაშის ხასიათზეა და ქულებსაც აგროვებს. "ჯენოასთან" რთული თამაში არ უნდა გამოუვიდეს, თუმცა, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ლუჩანო სპალეტის გუნდი სტაბილურად თამაშის გაგრძელებას. თუ ასე მოხდა, იქნებ "ნერაძური" მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში გასვლას არ დასჯერდეს...

"ფიორენტინასა" და "რომას" შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალურია ტურში. ფავორიტის სტატუსი ალბათ, მაინც უფრო რომაელებს უნდა მივანიჭოთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ფლორენციელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.

"ლაციომ" სული უნდა მოითქვას და "ინტერთან" საშინაო მარცხის (0:3) შემდეგ შედარებით იოლად შეძლოს სპალ-ის დამარცხება. რომაელებს ნამდვილად აქვთ იმის რესურსი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლონ.

"მილანის" ხელმძღვანელობის განცხადებით, ახლო მომავალში ჯენარო გატუზოს ვერავინ შეეხება, მით უმეტეს, ახლა, როცა "ჯენოასთან" გამოტოვებულ მატჩში გამარჯვების (2:1) შემდეგ "როსონერი" მეოთხე ადგილზე აღზევდა...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ "მილანმა" გასვლაზე რაღაცას არ დაამსგავსა თამაში და ქულების მოგროვება არ დაიწყო, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება. "უდინეზესთან" მოგება გატუზოს გუნდის ძალებს რომ არ აღემატება, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს.

ფაქტები
"ნაპოლიმ" მიყოლებით 3 შეხვედრაში აჯობა "ემპოლის".
"ინტერისა" და "ჯენოას" ბოლო 6 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
"ფიორენტინასა" და "რომას" შორის უკანასკნელ 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
"იუვენტუსი" ბოლო 4 შემთხვევაში აღმოჩნდა "კალიარიზე" ძლიერი.
"ლაციომ" წინა 2 მატჩი მოუგო სპალ-ს.
"კიევოსა" და "სასუოლოს" შორის უკანასკნელი ორი მატჩი ფრედ მორჩა.
"სამპდორიამ" და "ტორინომ" ზედიზედ სამი ფრე ითამაშეს.
"ატალანტამ" მიჯრით 5 თამაში მოუგო "ბოლონიას".
"უდინეზესა" და "მილანის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. XI ტური
პარასკევი, 2 ნოემბერი
ნაპოლი-ემპოლი 23:00

შაბათი, 3 ნოემბერი
ინტერი-ჯენოა 18:00
ფიორენტინა-რომა 21:00
იუვენტუსი-კალიარი 23:30

კვირა, 4 ნოემბერი
ლაციო-სპალ 15:30
კიევო-სასუოლო 18:00
პარმა-ფროზინონე 18:00
სამპდორია-ტორინო 18:00
ბოლონია-ატალანტა 21:00
უდინეზე-მილანი 23:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 7 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 6 - მაურო იკარდი (ინტერი), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული