სერია A. XVII ტური: როცა შენს თავს არ ჰგავხარ... [VIDEO]

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" შობისწინა ტურში გაიმარჯვეს და სტატუს-კვო შეინარჩუნეს. თუმცა ჩანს, "ბებერი ქალბატონი" კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას და ძნელად თუ ვინმე შეეცილება მორიგი სკუდეტოს მოგებაში...

...სერია A-ს მორიგი ტური "ლაციოს" ზეობით გაიხსნა. ბოლო დროს სიმონე ინძაგის გუნდი წარუმატებლად თამაშობდა. "ლაციალემ" უიღბლო სერია შეწყვიტა და საშინაო ასპარეზზე 3:1 მოუგო "კალიარის".

"ჩვენ მოვიგეთ, შევწყვიტეთ წარუმატებელი სერია და ეს ძალიან კარგია. გუნდმა გაიმარჯვა ერთსულოვნებისა და განწყობის ხარჯზე. ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი იყო ტაქტიკური ნიუანსები. მეტიც, ტაქტიკას ამ შემთხვევაში ძალიან მცირე მნიშვნელობა ჰქონდა",
- თქვა ინძაგიმ თამაშის დასრულების შემდეგ.

"მილანმა" ერთხელაც წააგო. ამჯერად, ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო ასპარეზზე "ფიორენტინას" მოუხარა ქედი. ერთადერთი გოლი შეაგდო ფედერიკო კიეზამ, ვინც მართლაც რომ დიდებულად ითამაშა და სისხლი გაუშრო "როსონერის".

დიდი შანსია, ამ წაგებას გატუზო შეეწიროს და სულ მალე "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დარჩეს. კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილოა. "მილანი" ევროპალიგას გამოეთიშა და ვეღარც შინაურ ასპარეზზე ყოჩაღობს.

"არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. ეს მოხდა დიდი თავდადების შედეგად. არ მჩვევია ფეხბურთელების გამოყოფა, მაგრამ კიეზამ დღეს მართლაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მიზანი ოთხეულია. ეს ჩემი მხრიდან გადაჭარბება იქნებოდა", - თქვა "ფიორენტინას" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ.

"მილანი" კრიზისშია. შექმნილი ვითარება ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს იმ გზიდან, რომელიც ავირჩიეთ, მე კი აქ ვარ მანამ, სანამ კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა. არაფერს ვიტყვი ტრანსფერებზე. ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. დარჩება თუ არა იგუაინი? რა თქმა უნდა, ესეც ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა", - ეს უკვე გატუზოს სიტყვებია, რომლის შეცვლას, ბოლო ინფორმაციით, არსენ ვენგერი დათანხმდა. მოკლედ, დაველოდოთ...


"ნაპოლიმ" მაგრად იწვალა, მაგრამ რაულ ალბიოლის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მაინც გატეხა სპალ-ი. თამაში მძიმე გამოდგა, ნეაპოლელები უტევდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი შეაგდეს.

"დღეს ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ისეთი თამაში, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი თამაშების მოგება, რომლებშიც შენს თავს არ ჰგავხარ", - ასე შეაფასა შეხვედრა "ნაპოლის" დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ.


"ინტერი" ბოლო წამამდე უგებდა "კიევოს" ივან პერიშიჩის გოლით, მაგრამ ვეტერანმა სერჯო პელისიერმა ბოლოს გაათანაბრა და მილანურმა გრანდმა მორიგი დასანანი ქულები დაკარგა.

"ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გვაკლია", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.


ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "იუვენტუსმა" შინ 1:0 მოუგო "რომას". გამარჯვების გოლი მიითვალა მარიო მანჯუკიჩმა - მატია დე შილიოს ჩაწოდების შემდეგ ჰაერში აიჭრა და რომაელთა კარში "ჩააჭედა" ბურთი.

"იუვენტუსს" უფრო სოლიდურად უნდა მოეგო, მაგრამ თავი "გაიგიჟა" რომაელთა შვედმა კიპერმა რობინ ოლსენმა, ერთი გოლი კი "ბებერ ქალბატონს" ვიდეორეფერიმ წაართვა. ეს მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდოს პასის შემდეგ დუგლას კოშტამ გაიტანა...

"კონცენტრაცია არ უნდა დაგვეკარგა და არც დავკარგეთ. ეს იყო რთული თამაში, რომელმაც ბევრი ენერგია წაიღო", - თქვა ნამატჩევს "იუვეს" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.


ფაქტები
2018/19 წლების სეზონში სერია A-ში მსაჯებმა 25-ით ნაკლები პენალტი დანიშნეს 17 ტურის შემდეგ, ვიდრე გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდში, რაც ვიდეორეფერის დამსახურებაა.
"იუვენტუსმა" პირველი 17 მატჩიდან 16 მოიგო, რაც სერია A-ს ერთი სეზონისთვის რეკორდია.
მარიო მანჯუკიჩმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა საშინაო მატჩებში, რაც მისი პირადი რეკორდია "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ.
"ინტერის" გარემარბმა ივან პერიშიჩმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში 112-დღიანი პაუზის შემდეგ.
2001 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "მილანმა" სერია A-ს ზედიზედ 3 მატჩში ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
ფაბიო კვალიარელამდე ("სამპდორია") უკანასკნელი იტალიელი ფეხბურთელი, ვინც სერია A-ს ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა გოლი, იყო ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე") - 2010 წლის მაისში.
მიმდინარე სეზონში კშიშტოფ პიატეკმა ("ჯენოა") ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი (13) გოლი გაიტანა საშინაო მატჩებში.
ფრანჩესკო აჩერბიმ ("ლაციო") 2015/16 წლების სეზონის შემდეგ სერია A-ს მცველებს შორის ყველაზე მეტი (11) გოლი გაიტანა.

სერია A. XVII ტური

ლაციო-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (12), 2:0 აჩერბი (23), 3:0 ლულიჩი (67), 3:1 ჟოაო პედრო (90+3)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ (80. ბასტოსი) - მარუშიჩი, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი (69. ლუკას ლეივა), ლულიჩი - კორეა, ლუის ალბერტო (77. ლუკაკუ) - იმობილე.

მილანი-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 კიეზა (73)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე (83. კონტე), კ. საპატა, რომანიოლი, როდრიგესი - კალაბრია, მაური (67. კუტრონე), ჩალჰანოღლუ - სუსო, კასტილიეხო (67. ლაქსალტი), იგუაინი.

ემპოლი-სამპდორია 2:4
გოლები: 1:0 პასკუალი (11-პენ), 1:1 რამირესი (41), 1:2 კვალიარელა (69), 2:2 კაპუტო (75), 2:3 კაპრარი (87), 2:4 კაპრარი (90+1)

ჯენოა-ატალანტა 3:1
გოლები: 1:0 ტოლოი (45+6-საკ. კარში), 1:1 დ. საპატა (55-პენ), 2:1 ლაზოვიჩი (67), 3:1 პიატეკი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ილიჩიჩი (35. ატალანტა)
გაძევება: პალომინო (81. ატალანტა), ტოლოი (90+3. ატალანტა)

ნაპოლი-სპალ 1:0
გოლი: 1:0 ალბიოლი (45+1)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (79. ლუპერტო) - კალიეხონი, როგი (66. რუისი), ჰამშიკი, ზელინსკი - ინსინიე, მერტენსი (83. მერტენსი).

სასუოლო-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ბელოტი (55), 1:1 ბრინიოლა (90+2)

უდინეზე-ფროზინონე 1:1
გოლები: 1:0 მანდრაგორა (32), 1:1 ჩანო (61-პენ)

კიევო-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 პერიშიჩი (39), 1:1 პელისიერი (90+1)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი, დ"ამბროზიო - ჟოაო მარიო (81. ბორხა ვალერო), ბროზოვიჩი, ნაინგოლანი (67. ვესინო) - პოლიტანო (75. მარტინესი), პერიშიჩი, იკარდი.

იუვენტუსი-რომა 1:0
გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (35)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (70. ემრე ჯანი), მატუიდი - დიბალა (80. დუგლას კოშტა), რონალდო, მანჯუკიჩი.
რომა (5-3-2): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, ფლორენცი (46. კლუივერტი) - კრისტანტე, ნზონზი (79. ჯეკო), ძანიოლო - იუნდერი (71, პეროტი), შიკი.

პარმა-ბოლონია 0:0

ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); .

მომდევნო ტური
26 დეკემბერი: ფროზინონე-მილანი, ატალანტა-იუვენტუსი, ბოლონია-ლაციო, კალიარი-ჯენოა, ფიორენტინა-პარმა, სამპდორია-კიევო, რომა-სასუოლო, სპალ-უდინეზე, ტორინო-ემპოლი, ინტერი-ნაპოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული