სერია A. XXI ტურის მიმოხილვა: შევა, ანჩელოტი და გატუზო სან სიროზე, სასწაული ბერგამოში [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტური დამაინტრიგებელი მატჩით გაიხსნა. "მილანმა" საკუთარ ასპარეზზე მიიღო "ნაპოლი", რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის. ყველას გვახსოვს, ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა თავის დროზე "როსონერის" არაერთი დიდი გამარჯვება მოუტანა...

თამაში იმაზე ფრთხილი გამოდგა, ვიდრე ველოდით. ორივე გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარი კარის უსაფრთხოებას.

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა კშიშტოფ პიონტეკი. დებიუტანტი პოლონელი შეცვლაზე შევიდა და გვაფიქრებინა: ძირითად თერთმეტეულში რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანდა გუნდს...

ასე კი თამაში მხოლოდ ნახევარმომენტებში გაილია. საუკეთესო შანსი ფრენკ კესის ჰქონდა. მის
მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა. სიტუაცია მინდორზე კიდევ რამდენჯერმე დაიძაბა. "ნაპოლიმ" კი შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაამთავრა.

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ქულა ნამდვილად დავიმსახურეთ. "ნაპოლი" არის შესანიშნავი გუნდი. მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ ქულით, რომელიც მოვიპოვეთ", - თქვა გატუზომ.

"დიდი ბრძოლა იყო. შედეგი სახეზეა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, თუმცა ამ მატჩში არაერთი შეცდომა დავუშვით. უკეთ რომ გვეთამაშა, ნამდვილად შეგვეძლო მოგება", - ეს კი "ნაპოლის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სიტყვებია, ვინც "სან სიროზე" ოდინდელ შეგირდს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრო უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო.

"სამპდორიას" ვეტერანმა ფაბიო კვალიარელამ დუბლი მიითვალა "უდინეზესთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში. მან გაიმეორა იტალიის ჩემპიონატში არგენტინელი ლეგენდის, გაბრიელ ბატისტუტას უნიკალური მიღწევა - ზედიზედ მე-11 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

კვირა "ფიორენტინამ" გახსნა და გოლების წვიმაში იმარჯვა სტუმრად "კიევოსთან". დიდებულად ითამაშა ფედერიკო კიეზამ. "იების" მეკარეც მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან 11-მეტრიანი მოიგერია. "ფიორენტინას" ფეხბურთელი გაუგდეს. ათკაციანმა სტუმარმა მაინც მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

საფეხბურთო სასწაული მოხდა ბერგამოში. ედინ ჯეკოს დუბლითა და სტეფან ელ შაარავის გოლით "რომა" 3 ბურთით უგებდა მასპინძელ "ატალანტას", მაგრამ ბერგამოელები გამოფხიზლდნენ და ქულას გადაარჩინეს. გოლები კასტანიემ, ტოლოიმ და დუვან საპატამ შეაგდეს.


"ინტერმა" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და "ტორინოსთან" შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. "ნერაძურიმ" თამაში კაცნაკლულმა დაასრულა, თუმცა ვერც იქამდე წყვეტდა ვარსკვლავებს. ვალტერ მაძარის გაწვრთნილმა "ტორინომ" კი ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ტურინელებმა მილანური გრანდი აშკარად დაჩაგრეს. აქედან გამომდინარე, მატჩის შედეგი კანონზომიერი იყო.


ტურის გვირგვინი გამოდგა კვირის ბოლო მატჩი. "იუვენტუსმა" მატჩის ენდშპილში კრიშტიანო რონალდოს მიერ დიდებულად შესრულებული 11-მეტრიანით მაინც გატეხა ყოჩაღი "ლაციო", რომელიც 59-ე წუთზე ემრე ჯანის ავტოგოლით დაწინაურდა...

აი, ეს არის დღევანდელი "იუვენტუსი", რომელსაც იტალიაში ვერავინ ეტოლება...


სერია A. XXI ტური
მილანი-ნაპოლი 0:0
გაძევება: რუისი (90+3. ნაპოლი)

სამპდორია-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (33-პენ), 2:0 კვალიარელა (56-პენ), 3:0 ლინეტი (68), 4:0 გაბიადინი (78)

კიევო-ფიორენტინა 3:4
გოლები: 0:1 მურიელი (4), 0:2 ბენასი (27), 1:2 სტეპინსკი (38), 2:2 პელისიერი (60-პენ), 2:3 კიეზა (79), 2:4 კიეზა (86), 3:4 ჯორჯევიჩი (89)
გამოუყენებელი პენალტი: პელისიერი (85. კიევო)
გაძევება: ბენასი (60. ფიორენტინა)

სასუოლო-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ლოკატელი (9), 2:0 ბაბაქარი (45+4-პენ), 3:0 მატრი (87)

ატალანტა-რომა 3:3
გოლები: 0:1 ჯეკო (3), 0:2 ჯეკო (33), 0:3 ელ შაარავი (40), 1:3 კასტანიე (45), 2:3 ტოლოი (59), 3:3 დ. საპატა (71)
გამოუყენებელი პენალტი: დ. საპატა (70. ატალანტა)

ბოლონია-ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 გილიონე (18), 0:2 ჩანო (21), 0:3 პინამონტი (52), 0:4 ჩანო (75)
გაძევება: მატიელო (13. ბოლონია)

პარმა-სპალ 2:3
გოლები: 1:0 ინგლეზე (11-პენ), 2:0 ინგლეზე (53), 2:1 ვალოტი (70), 2:2 პეტანია (75), 2:3 ფარესი (87)

ტორინო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 იცო (35)
გაძევება: პოლიტანო (86. ინტერი)

ლაციო-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 ემრე ჯანი (59-საკ. კარში), 1:1 კანსელო (74), 1:2 რონალდო (88-პენ)

ბომბარდირები: 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დუვან საპატა (ატალანტა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 13 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
2 თებერვალი: ემპოლი-კიევო, ნაპოლი-სამპდორია, იუვენტუსი-პარმა
3 თებერვალი: სპალ-ტორინო, ჯენოა-სასუოლო, უდინეზე-ფიორენტინა, ინტერი-ბოლონია, რომა-მილანი
4 თებერვალი: ფროზინონე-ლაციო, კალიარი-ატალანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული